
ერთ-ერთ „მაგიურ“, ყდამოგლეჯილ წიგნში ამოვიკითხე, რომ ჩემი ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანებს ნიჭი და მიდრეკილება გვაქვს მაგიისაკენ, რომ მედიუმთა უმეტესობა სწორედ ჩვენი ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დავიბადეთ. არ დამიწყია ზედმეტი გამოთვლა, იმ ასაკში ეს ჩემთვის სრულიად საკმარისი იყო, იმისთვის რომ თავი ჯადოქრად მეგრძნო. მაშინ ჯერ კიდევ არ ვიცოდი , რომ სინესთეზია მჭირდა და არც ის ვიცოდი ეს რას ნიშნავდა. ის რომ სიტყვებს ფერებსა და ფორმებში აღვიქვამდი სრულიად „მეჩვეულებრივებოდა“. მეგონა, ყველა ადამიანისათვის სიტყვას თავისი ფერი და ფორმა გააჩნდა, და რომ ყველა ისე ხედავდა მათ, როგორც მე. ეს „ნიჭი“ დედამ აღმოაჩინა, როდესაც ვუთხარი რომ სახელი „ბესარიონი“ მახინჯი იყო და მისი ფერები არ მომწონდა.
ყოველთვის „მაწანწალა“ ვიყავი, ღრმა ბავშვობიდან , იმ პერიოდიდან, როდესაც ბებიას ზაფხულობით სოფელში მივყავდით ხოლმე დასასვენებლად. ხან ტყეებში დავეხეტებოდი ხანაც მეზობელ სოფლებში. ამ ყველაფრის თავიდან ასარიდებლად ბებიაჩემმა მშვენიერი ტყუილი შეთხზა. მითხრა რომ შებინდებისას, კაკლის ხეებზე არსებული ფუღუროებიდან „მაჯლაჯუნები“ გამოდიოდნენ და იტაცებდნენ ურჩ ბავშვებს, რომლებიც ორღობეში „უპატრონოდ“ დაეხეტებოდნენ და თუ შინ შებინდებამდე არ დავბრუნდებოდი მეც იგივე ბედი მელოდა. მშიშარა არ ვყოფილვარ, რადგან „ჯადოქარი“ ვიყავი და ისეთ რაღაცებს ვხედავდი და ვგრძნობდი, რასაც სხვები ვერ ამჩნევდნენ. მიუხედავად იმისა, რომ მაჯლაჯუნები არ ვიცოდი რა არსებები იყვნენ, მათი სახელწოდებიდან გამომდინარე და იმ მახინჯი ფერების გამო რასაც მათში ვხედავდი ცოტათი მეშინოდა. თუმცა, ჯადოქართან ერთად „ჭკვიანიც“ ვიყავი და შებინდებას გადაცილებული, შინ მიმავალი ყოველთვის თვალს ვარიდებდი კაკლის ხეებს (რომლებიც ჩემს სოფელში მრავლად იყო). რატომღაც, ვფიქრობდი, თუ ვერ დავინახავდი, ვერც მაჯლაჯუნები დამინახავდნენ.
Continue reading