წმინდა ვალენტინის დღე

cobblestone-louisiana-wisherd_8007_990x742

ქვაფენილზე მივაბიჯებდი ჩემი საყვარელი მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით და დროდადრო ფეხი მიბრუნდებოდა. უკვე შებინდებულიყო და რადგან 13 თებერვალი იყო, საკმაოდ გრილოდა, ქუჩები (განსაკუთრებით ეს ქუჩა) ხალხისგან დაცლილიყო. ნაზად ბარდნიდა. რატომღაც, მიწაზე დაცემისთანავე წყალდებოდა. სიცივეს ვერ ვგრძნობდი. როგორც მაშინ, როდესაც ზუსტად ამ ქუჩაზე მისთვის ხელკავი გამომედო და ფეხიც არ მიბრუნდებოდა. ახლა კი, მივბორძიკებდი გზააბნეული კვიცივით და ცაში ვიყურებოდი. ფიფქებს ვითვლიდი. ზოგიერთს ვაგემოვნებდი კიდეც. უკანასკნელად გადამიბრუნდა ფეხი (ჩემი საყრდენი კი იქ აღარ იყო) და ქვაფენილზე გავიშოტე. ადგომა მეზარებოდა. თავადაც არ ვიცი რატომ. წამოვჯექი და გაბოლება დავიწყე. ორმა ქალმა გამოიარა. ერთი შედარებით ახალგაზრდა იყო, ამიტომ დედა-შვილად შევრაცხე. ახალგაზრდამ რაღაც ჩასჩურჩულა, (ვიცი, რომ ჩემზე) უფროსმა კი, დაუნდობლად, ჩურჩულის გარეშე დამგესლა:

-დაანებე თავი, ვერ ხედავ მთვრალია, ვიღაც ლოთი მეძავი იქნება, გამოიწიე არაფერი გადაგდოს!

მაშინ არაფერი მიპასუხია, თუმცა სხვა დროს არ შევარჩენდი. მართლა მთვრალი ვიყავი, მაგრამ ალკოჰოლს ამაში არავითარი წვლილი არ მიუძროდა, მე სიყვარულით ვიყავი მთვრალი. ბუნებასთან საოცარ ჰარმონიაში, არ მსურდა ამ ჰარმონიის გესვლით გარღვევა. ამგვარ სიტკბოებაში ნებისმიერი სიტყვა მომაკვდინებელი შხამი იქნებოდა ჩემთვის.

საათს დავხედე. 8 ხდებოდა. ავდექი და თეატრში შევედი. ჩეხოვის “ქალი, რომელსაც ფინია ჰყავდა” დაედგათ. დარბაზიდან ტირილით გამოვვარდი. ჰარმონია გაირღვა და მეც რეალობაში დავბრუნდი. ჩემი ბედნიერებაც ისევე გაიშხლართა ქვაფენილზე, როგორც მე ცოტა ხნის წინ.

ძნელი ყოფილა სიმთვრალე. მთვრალი ბევრჯერ ვყოფილვარ, მაგრამ უალკოჰოლოდ – არასდროს. თითქოს მტკივნეულიც იყო და სასიამოვნოც. “მაზოხისტი ვარ?” გავიფიქრე ბრაზით. ისევ ბორძიკით გავუყევი ქვაფენილს. ამჟამად მხოლოდ ფიფქებს კი არა, ცრემლებსაც ვაგემოვნებდი. მემლაშა. თუმცა, მამშვიდებდა და არცერთ წვეთზე, რომელიც ბაგეს ოდნავ უახლოვდებოდა არ მითქვამს უარი.

“არ უნდა შემყვარებოდა!” -გავიფიქრე ბრაზით, მაგრამ თებერვლის გაყინულ ღამეს მაინც საოცარი სითბო ვიგრძენი მისი შემოშვებისთანავე გონებაში. ისევე როგორც ოდესღაც, როდესაც გულში შემოვუშვი.

“ხვალ ვალენტინობაა… ჩემი ბრალია რომ შემიყვარდა!”

“მას არაფერი დაუმალავს, უბრალოდ მე დავხუჭე თვალები ყველაფერზე. ჩემი ხელით ამოვიჩიჩქნე ორივე მათგანი..”

სახლის კართან ვიდექი. როგორც ყოველთვის გასაღებს ვერ ვპოულობდი. შევედი, როგორც იქნა. სავარძელში ჩავესვენე და ფეხსაცმელი აქეთ-იქით მიმოვფანტე. კარადა გამოვაღე და ნახევრად ცარიელი კონიაკის ბოთლი იარაღივით მოვიმარჯვე, ეს ის ბოთლი იყო მეგობარმა რამდენიმე კვირის წინ სასომხეთიდან რომ ჩამომიტანა. სწორედ მაშინ გავუსინჯეთ გემო და მას შემდეგ ხელუხლებელი იდო. აღარც კი მახსოვდა. ახლა კი სურვილის მატლი შემიღოღდა ახლადგაშიშვლებულ ფეხის თითში და მთელს სხეულში დაიწყო ბოდიალი. ხორცის ჭამა. სავარძელს დავუბრუნდი და ბოთლს პირდაპირ ტუჩებში ვაკოცე. გრძნობებს ავყევით და ისიც სულითხორცამდე დაიცალა.

დავთვერი…

ამჟამად სიყვარულით კი არა ალკოჰოლით. ისე, როგორც წესია! ავბურდღუნდი:

–არ უნდა მენახა ის სპექტაკლი, ხომ ვიცოდი მისი შინაარსი, ხომ ვიცოდი, იმ ქალის ცხოვრება ჩემსას მომაგონებდა. მაზოხისტი ხარ!- შევუღრინე და ვუყვირე ჩემს თავს.

– ხვალ ვალენტინობაა, მძულს! – თვალებში წყალი ჩამიგუბდა. რომ არ მცოდნოდა რას ვამბობდი ალბათ ვერც გავიგებდი.

-კი არ მძულს მშურს, – დავასკვენი ბოლოს.

ჰარმონია სადღაც გაქრა. სამაგიეროდ, რაღაც სიმშვიდე დაიბადა მის ნაცვლად. მასში ისე ჩავიძირე, რომ სავარძელზე ჩამთვლიმა.

თითქოს სამუდამოდ…

ავტორი: ანო სანებლიძე (მადამ ფისუნია)

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s