თავისუფლება ფერებს!

1474565_378603958942955_1748604312_n

გიჟი არ ვიყავი. უბრალოდ ყველას ასე ეგონა. სახლშიც და კლინიკაშიც. იმის გამო, რომ ყველაფერს ფერებით აღვიქვამდი, ადამიანების ჩათვლით. შესაბამისად, ადამიანები დიდად არ მიზიდავდა. ყველა მათგანში იყო რაღაცნაირი ფერები, რომლის სახელებიც მე არ აქვს, მაგრამ ეტყობა რომ კარგი არ უნდა იყოს.
რამდენჯერმე უარვყავი ფერები და ადამიანებს მივენდე.
გაფთავისუფლდი ფერებისაგან…
არასოდეს ამართლებდა.
ადამიანები რასაც ამბობენ, ზოგჯერ იმავეს არ ფიქრობენ. ეს ხომ ყველამ იცის? მე კი მივხვდი, რომ არა თუ ზოგჯერ, არამედ ყოელთვის ცრუობდნენ, ხშირად საკუთარ თავსაც აჯერებდნენ საკუთარ ტყუილებს.


იბადება კითხვა: საიდან მივხვდი?
პასუხი მარტივია: ფერები არასოდეს ტყუიან!
შეიძლება ვერ მივმხვდარიყავი ზედმიწევნიდ რას ფიქრობდნენ ადამიანები, მაგრამ ძალიან კარგად შემეძლო შორიდანვე ამომეცნო, ბოღმის, ღვარძლის, ბოროტების, შურის ერები…
სიკვდილის ფერი, კი – ყოველთვის უტყუარი იყო.
კლინიკაში გამომწყვდევის შემდეგ, აღმოვაჩინე რომ არსებობდნენ ადამიანები, ყოველგვარი ნეგატიური ფერების გარეშე. მაგრამ, “ასეთებს” ‘ “ისეთები” ან აბამდნენ და ისე ამწყვდევდნენ ჩვენთან ან არ აბამდნენ და მაინც ამწყვდევდნენ. გიჟებს უწოდებდნენ, ტვინს რაღაც სულელური წამლებით და თეორიებით ურევდნენ და ამას უწოდებდნენ მკურნალობას, რომელიც ძირითადად მთელი ცხოვრება გრძელდებოდა, თანაც უშედეგოდ, ან – უარესი შედეგით. თეთრ გაკრახმალებულ ხალათში გამოწკეპილები კი გაიძახოდნენ, რომ მათ ყველაფერი გააკეთეს…
რა სასაცილოა…
ყველაფერი, მოსმენის გარდა.

ელენე
ჩემს გვერდზე რომ პალატა იტო იქ ცხოვრობდა. უფრო სწორედ, იჯდა. იჯდა და სიცარიელით სავსე თვალებით მიშტერებოდა კედელზე ერთ წერტილს. იმ წერტილში მამაკაცის სურათი ეკიდა. როგორც გავიგე მისი საქმრო ყოფილა, აქ მოხვედრამდე.
ეტყობოდა გოგონას ისევ უყვარდა. მის ცარიელ თვალებში ვხედავდი. ეს გოგონა ყველაზე მეტად იწვევდა სიბრალულს ჩემში რადგან ყველაზე პატარა იყო, სულ რაღაც 17 წლის. რამდენიმე თვის წინ მოიყვანეს. არავინ ჰყავდა შორეული ნათესავების გარდა, რომელნიც კლინიკის ხარჯებს იხდიდნენ, მაგრამ გოგონას ნახვით თავს არ იწუხებდნენ. გავიგე, რომ ვიღაც ნიღბიანებს, მისი ოჯახი მისსავე თვალწინ ამოეწყვიტათ. “ამის შემდეგ აურიაო”- ჭორაობდენ უსაქმური მედდები. ასეც რომ ყოფილიყო, რა გასაკვირია, იმ ნიღბიანებიდან ერთ-ერთი მისი საქმრო ყოფილა. რაღაც ორგანიზაციის წევრი. ამ ორგანიზაციის შესახებ აქ მოხვედრამდეც მსმენოდა. სულელი ბავშვები იყვნენ, შეძლებულ ოჯახებს ესხმოდნენ თავს და ანადგურებდნენ ყველაფერს ძვირფასს და ღირებულს. უარყოფდნენ მატერიალურ სიმდიდრეებს და წარმავალს უწოდებდნენ . არასოდეს არცერთი მათი გაპარტახებული სახლიდან არ დაკარგულა არავითარი ძვირფასი ნივთი და არც თანხა. როგორც ხალხი მოიხსენიებდა, “ჩვეულებრივი ვანდალები” იყვნენ. არც ერთ სახლზე თავდასხმის დროს არავინ დაშავებულა გარდა ამ უკანასკნელი შემთხვევისა. დაპატიმრების შემდეგ ახალგაზრდებმა აღიარეს, რომ მართლაც ანადგურებდნენ ყველაფერს და ამ ნივთების მსხვრევით სტერეოტიპებს და მატერიალიზმს ამსხვრევდნენ ერთდროულად. აი, მკვლელობა კი არ აღიარეს, პირიქით თავს გმირებიც კი უწოდეს ამ გოგონას გადარჩენისთვის. რისგან და ვისგან გადაარჩინეს ამაზე კრინტიც არ დაუძრავთ. ელენს კი მასშემდეგ ხმა არც კი ამოუღია.
პირველად რომ დავინახე შორიდანვე აღტაცებული დავრჩი მისი ფერებით. შემდეგ კი როდესაც გავიგე რა გადაიტანა გავოცდი, ამ ყველაფრის შემდეგ, როგორ შეიძლებოდა ასეთი სუფთა და წმინდა ფერები ჰქონოდა. საკუთარ თავშიც კი დავეჭვდი, ავად ხომ არ გავხდი და მეჩვენება-მეთქი მაგრამ ეს აზრი მალევე ამოვიგდე თავიდან. გაკრახმალებულ ხალათიანებსაც ხომ ეს უნდოდათ, რომ დამეჯერებინა? მერე მეც სხვებივით დამაშტერებდნენ და შეიძლება ელენზე უარესადაც გავმხდარიყავი.
ფერებს ძველებურად მივენდე.
ერთხელ, კარებთან ზურგით მიყრდნობილი ვიჯექი და ვფიქრობდი. ფეხის ხმა შემომესმა დერეფნიდან, ორი მედდა მოდიოდა და, როგორც ყოველთვის მოჭორიკნობდა:
-ისევ იმ გაშეშებულთან უნდა შევიდე, – მივხვდი ჩემს კარის მეზობელს გულისხმობდა, – ჩხვლეტის საათი აქვს, – მესმოდა როგორ ჩაიფხუკუნა ირონიულად.
-აი, მე კი ძალიან არ მიყვარს ამ კართან ახლოს გამოვლაც კი, მით უმეტეს თუ ოდნავ ღიაა, თვალზე ხელს ვიფარებ და ისე გავივლი ხოლმე, მაგრამ თუ შემთხვევით მაინც გამექცა და მას მოვკარი, ტანში ჟრუანტელი მივლის და ადგილზე მყინავს.
– ჰო, ძალიან ცუდი აურა აქვს, -ჩაერთო “უფრო ჭკვიანი”.
-კი, რაღაცნაირად ბნელი… – მე კარზე ზურგმიბჯენილი იდაყვის ძვალს პირში ძლიერად ვიტენიდი და ვკბენდი, რომ პირის ღრუ დამეხშო და დაგროვილი ბოღმა არ გადმომენთხია. მაგრმ ჩემი საკეტი უძლური აღმოჩნდა, დაკბენილი ხელი პირიდან ბოღმასთანე ერთად გადმოვანერწყვე, კარი გავაღე და ავყვირდი:
-თქვენ რა იცით, რა არის აურა?- გავცოფდი ბოღმას ხელთან ერთად პირიდან ნერწყვებიც მოჰყვებოდა, -თქვენზე უარესი აურა ვის აქვს ნეტავ? ორივეს სიკვდილის ფერი დაგსდევთ, -ორიდან ერთ-ერთს მოვუბრუნდი და საჩვენებელი თითი შიგ გულში გავუტარე შუბივით, -შენ განსაკუთრებით!
აურზაური…
ისევ დაბმული…
ისევ ნაჩხვლეტები.
ნაკბენებიც.
მარტოობა.
დიდი ხნით.
მთელი საუკუნე.
სიბნელე.
“კარცერიდან” გათავისუფლების შემდეგ, დადებილების მცდელობა ძლივს გადავლახე. მერე კი კარის მეზობელთან სტუმრობა დავიწყე. ის არ ლაპარაკობდა. მე კი “გიჟივით” ვეჯექი წინ და ჩემზე ვუყვებოდი. კარგი მსმენელი აღმოჩნდა. არც განცვიფრებას გამოხატავდა და არც ზედმეტი კითხვებით მაბეზრებდა თავს.
მოკლედ, კარგი გოგო იყო…
ფერები, არ მომატყუებდნენ!
როდესაც რამეს ვკითხავდი ის უპასუხოდ ტოვებდა, მე კი სხვა თემაზე წამოვიწყებდი ხოლმე. მისალმებას მივაჩვიე, როდესაც შევდიოდი ჩემკენ იხედებოდა და თავს მიკრავდა. იმედი მომეცა, რომ ალაპარაკებასაც შევძლებდი. ყოველი დღე იმედით იწყებოდა, “დღეს ნამდვილად გამომელაპარაკება!”… მაგრამ ის ისევ უბრალო მისალმებით შემოიფარგლებოდა ხოლმე, მე კი ძველებურად ვუყვებოდი ცემზე.
მოგვიანებით ღიმილიც გაიხსენა…
როდესაც რაიმე სასაცილოს ვუამბობდი იღიმოდა.
თუმცა, დუმილს კვლავინდებურად არ ღალატობდა…

*****

ერთხელ ბევრი რომ ველაპარაკე, მივხვდი არ მისმენდა და წასვლა დავაპირე:
-მოიცადე, -მომესმა ზურგს უკან, უკვე კარის ურდულს ჩამოყრდნობილს, ვიფიქრე მეზმანა-მეთქი და ძალიან ფრთხილად შემოვბრუნდი. სახტად დავრჩი. ის ფეხზე იდგა. მე მომჩერებოდა. პირველად ვნახე იმ სკამს მოცილებული, თანაც მოლაპარაკე.
-გინდა დავრჩე?-ამითრთოლდა ხმა.
-თუ არ შეწუხდები…
-არა, რათქმაუნდა არა, მომწონს შენთან…
-მაგას მივხვდი, ამიტომაც გაგეცი ხმა, არც შენ გეტყობა რაიმე სიგიჟის…
-ეგ იმათ უთხარი, – მივანიშნე კარისაკენ, – მე ისედაც ვიცი…
-აზრი არ აქვს… -ჩაეღიმა, – შენზე ყველაფერი ვიცი, მინდა ჩემზეც მოგიყვე, მგონი დროა…
-ჰო, ძალიან მაინტერესებს, მითხარი რა მოხდა იმ ღამეს?
-ჩემი შეყვარებული ცოტა უცნაური ბიჭი იყო, როდესაც გავიცანი ჰიპი მეგონა, მერე მითხრა რომ “ამრევი” იყო…
-ეგ რას ნიშნავს?
-მდიდარ ოჯახებში იჭრებოდნენ, ძირითადად ცარიელ სახლებში და ყველაფერს ძვირადღირებულს ანადგურებდნენ, ამსხვრევდნენ, ხევდნენ… მაგრამ მსხვერპლი არასოდეს იყო. ისინი მკვლელები არ ყოფილან. უბრალოდ ვერ იტანდნენ მატერიალისტებს და ყვერაფერს მატერიალურს უარყოფდნენ. ეს რომ გავიგეარ მითქვამს ვინ ვიყავი სინამდვილეში, პატარა ბინა დავიქირავე და ვატყუებდი აქ ვცხოვრობ-მეთქი, თუმცა იქ არცერთი ღამე არ მიძინია. იმ ავბედით ღამეს, ჩემი მშობლების ჩხუბმა გამაღვიძა, მამა გაყრას და ქონების ნახევარს ითხოვდა, ვიღაც ჩემხელა გოგოსთან ერთად აპირებდა წასვლას “ცხრა მთას იქით” . არადა, მამაჩემს არაფერი ეკუთვნოდა, ყველაფერი დედის მშობლების იყო, მამაჩემმა დედა თმით ითრია. სამსახურშიც და სამეზობლოშიც იცოდნენ, რომ სადღაც დასასვენებლად მივდიოდით, სახლში არავინ იქნებოდა, ჩემს შეყვარებულთანაც მივიდა ეს ამბავი. მისმა მეგობრებმა კი სახლის “არევა ” გადაწყვიტეს. მამამ დენის მრიცხველი გათიშა, რაც სახლის სიცარიელეს ადასტურებდა.
-რატომ დახოცეს მათ ყველა, ეს ხომ არასოდეს გაუკეთებიათ, ან შენ როგორ გადარჩი, შენმა ბიჭმა დაგიცვა?
-ჩემმა ბიჭმა ნამდვილად დამიცვა, უბრალოდ სხვა რამ მოხდა იქ, ბევრად განსხვავებული ვიდრე ტელევიზიამ გადმოსცა, განსხვავებული ვიდრე პოლიციის აზრია. მე კი უბრალოდ სამუდამოდ გავჩუმდი.
-რატომ?
-არ ვიცი, ალბათ, შოკის გამო. ან ოჯახის სახელის… რომელმაც ჩემი უდანაშაულო შეყვარებული შეიწირა…
-ამიტომ გიკიდია მისი სურათი?
-ჰო… იმედია ოდესმე მაპატიებს…
-რას გაპატიებს მეტყვი?
-ის ციხეში რომაა, მე კი – საგიჟეთში…
-შენ რა შუაში ხარ?
-უნდა მეთქვა მაშინ…-შეუკრთა ხმა.
-რა უნდა გეთქვა?
-დედაჩემი არ იყო თანახმა გაყრაზე და მით უმეტეს ქონების თანაბარ განაწილებაზე. ამბობდა, იმას რაც ჩემს შვილებს ეკუთვნის მამაჩემის ლაწირაკ საყვარელს სიცოცხლის ფასადაც არ გაუყოფდა. ამის გამო, მამაჩემმა დაქვრივება გადაწყვიტა. ჩემმა ძმამ დაინახა, როგორ მოკლა მამამ დედა თავის საძინებელშI, საკუთარი ბალიშით. სიბნელის ეშინოდა და სინათლის ჩაქრობის გამო დედასთან დაძინება სურდა, ამ სურათს კი შემთხვევით წააწყდა, შეეშინდა დაჩემთან გამოიქცა, მე არ დავუჯერე, დაგესიზმრა-მეთქი და ჩემთან დავაძინე. ხმაურმა გამაღვიძა, მამა ჩემს ძმას გუდავდა, ლოგინში ჩამიკლა, მისი უსულო სხეული რომ დავინახე შემეშინდა და გავიქეცი.ქვედა სართულზე მსხვრევის ხმა შემომესმა, ამიტომ კიბის ქვეშ დავიმალე, მამაცემმა მიპოვა და თმით აბაზანაში შემათრია, სათლში ჩამაყოფინა თავი და მახრჩობდა. კითხვაზე “რატომ?” მპასუხობდა, რომ ჩემი ძმის ბრალი იყო, თან ტიროდა, მაპატიე, ასე ჯობიაო…. მხოლოდ ერთხელ შევძელი დაყვირება, “მიშველეთ-მეთქი”. ჩემი შეყვარებული და მისი მეგობრები მაშინვე იქ გაჩნდნენ… არადა შეეძლოთ გაქცევა, იმიტომ რომ ისინი დამნაშავეები იყვნენ, სახლში კი ვიღაც იყო.
-მათ მოკლეს მამაშენი?
-არა, მხოლოდ ცემეს… სასტიკად ცემეს… მე გავშეშდი, ჩემი შეყვარებული ცდილობდა გნს მოვეყვანე მაჯანჯღარებდა, მე კი ხმას არ ვიღებდი ვიდექი უაზროდ… მერე ჩამეხუტა. არც კი სწყენია ჩემი ტყუილი. მე კი იატაკის ჯოხს ვეცი და მანამდე ვურტყი მამაჩემს სანამ…
-ეს… შენ…
-ჰო…
-მერე?
-მერე გავჩუმდი… ჩემმა შეყვარებულმა პოლიცია გამოიძახა…
-იცი? შენ საოცარი ფერები გაქვს, მიუხედავად ყველაფრისა…

დაცემული ანგელოზი

იყო კიდევ ერთი უცნაური ფერის მქონე. გვანცა. მას მხოლოდ ცისფერი დასდევდა. ძალიან მიკვირდა, იმიტომ რომ იშვიათი იყო ესეთი ერთფეროვანი ადამიანი. მედდებისგან ვიცოდი, რომ თავს ანგელოზად აცხადებდა. ერთხელ გამოველაპარაკე:

-გამარჯობა…

-გამარჯობა,- და ქვემოდან შეპარვით ამომხედა.

-აქ როგორ მოხვდი?

-შეყვარებული მომიკვდა…

-მერე?

-მერე აქ გამომკეტეს…

-ვინ გამოგკეტა?

-ხალხმა…

-ნათესავებმა?

-არა, ეგენი არ მყავს…

-ეგ როგორ?

-მე ანგელოზი ვარ!- აი, პასუხი რომელსაც ასე ველოდი, თურმე მედდები მართლები იყვნენ…

-ანგელოზი?

-ჰო, მაგრამ დაცემული….

-ეს რას ნიშნავს?

-ჩამომაქვეითეს…

-რატომ?

-იმიტომ, რომ წესები დავარღვიე…

-რა წესები?

-ცის…

-უფრო კონკრეტულად?

-ადამიანურ გრძნობებს დავემონე…

-შეგიყვარდა?

-ჰო…

-ეგ წესი ყველას დაგვირღვევია…

-ჰო, მაგრამ თქვენ, ადამიანები ხართ და ამისთვის ასე მკაცრად არ ისჯებით…

-შენც ადამიანი ხარ…

-არ ვარ! და შენ ეს იცი… იმიტომ გამომელაპარაკე რომ ჩემმა ფერმა მიგიზიდა…- გავშტერდი. მასთან ფერები არ მიხსენებია.

-ჭორიკანა მედდებმა გითხრეს ჩემზე და ფერებზე არა?

-არა…

-ნუ მატყუებ, მაგათ ენა არ უჩერდებათ…

-იცი როგორ გავიცანი ჩემი შეყვარებული?

-თემას ცვლი?

-ჰო…

-რატომ?

-მინდა დაიჯერო რომ ანგელოზი ვარ… გჯერავს, უბრალოდ არ გინდა დაიჯერო. ისევ ცდილობ ფერებს არ ენდო.. რატომ? ხომ იცი, ისინი არასოდეს გატყუებენ?

-ვიცი…-ვუპასუხე ჩურჩულით და თავი დავხარე.

-ერთხელ დავალებაზე გამიშვეს, გზას აცდენილი უნდა მომებრუნებინა. არ ვიცი რა მოხდა, რომ მოვფრინავდი უცებ ფრთები გამიქრა და მიწაზე დავენარცხე, ვიღაცამ ხელი გამომიწოდა და წამომაყენა. სულ სხვა იყო, უცნობი, რომელსაც წესით ვერ უნდა დავენახე.

-რატომ ვერ უნდა დაენახე?

-იმიტომ რომ მასთან არ ვიყავი გაგზავნილი. რომ წამოვდექი, ხელი სისხლიანი მქონდა. არც ასე შეიძლებოდა. მე მოკვდავი გავხდი. არ ვიცი რა დავაშავე, ან რატომ. ჩამოვჯექი და ავტირდი, ამ ბიჭმა ჩემი ხელი ხელში აირო და ცდილობდა დავემშვიდებინე. და იცი როგორ მომმართა?

-ანგელოზი გიწოდა?

-როგორ მიხვდი?

-ინტუიციით…

-ჰო, მართალი ხარ… ანგელოზო ნუ ტირიო… შევწყვიტე ტირილი და თვალი თვალში გავუყარე. “ანგელოზი არ მქვია-მეთქი.” “ადამიანები ციდან არ ცვივაო” და გამიღიმა. მერე შინ წამიყვანა და ხელი შემიხვია. შემიყვარდა. ერთი ნახვით შემიყვარდა…

-ეგ ალბათ მხოლოდ ანგელოზებს ემარტებათ…

-არ ვიცი… მერე ყველაფერი ვუამბე… მაგრამ გავაფრთხილე არავისთვის მოეყოლა. ისიც დამპირდა. ყველაფერი დაიჯერა, ეჭვიც არ შეუტანია, რომ არ ვიყავი ანგელოზი. პირიქით, მითხრა, რომ ეს ისედაც იცოდა… სახელი მან დამარქვა… ისიც შენსავით ხედავდა ფერებს… იმიტომ დამარქვა გვანცა… თქვა რომ ყველაზე ცისფერია… მე კი მხოლოდ ცისფერი მაქვს და არავითარი სხვა ფერი.

-მართალი უთქვამს…

-კარგი ბიჭი იყო…

-რა დაემართა?

-მოკვდა…

-როგორ?

-მის სამსახურს ცეცხლი მოედო და ხანძრის დროს დაიღუპა.

-ვერ უშველე?

-არ შემეძლო, ვიგრძენი, მაგრამ დავაგვიანე…

-არაფერი შეგრჩა ციდან გადმონაშთი?

-მხოლოდ ფერი და კიდევ მგრძნობელობა…

-რამე უფრო მნიშვნელოვანი?

-კი, გონების ძალა…

-მაჩვენებ?

-ეზოში გავიდეთ…

-კარგი…

გავედით. ბალახზე ჩამოჯდა. მეც ჩამოვჯექი.

-უყურე.- მითხრა და ხელი ნაზად გადაუსვა ბალახებს.

-რას აკეთებ?

-ნახავ…- ხელი გაშლილი ჰქონდა, თითებს შორის დაშორებებში ცისფერი მინდვლის ყვავილები ამოდიოდა, ხელს გაუსვამდა და ამოდიოდა. მწვანე ბალახი ცისფრდებოდა. -ეცადე ემოციები არ გამოხატო, არ მინდა დაგვინახონ.

-ამას რატომ არ აჩვენებ სხვებს?-ვკითხე აღფრთოვანებულმა.

-იმიტომ, რომ ადამიანებს სიახლეების ეშინიათ, ამაზე უარეს ადგილას გადამიყვანენ და ჩემზე ცდებს ჩაატარებენ. აქ კი მომწონს. აქ ყველას სჯერა ჩემი.

-ფრთები აღარ გაქვს? მინდა ვნახო.

-შენ გგონია გედის ბუმბულის ფაფუკი ფრთები ამომივა?-გაეცინა გულიანად.

-არა?

-არა რა თქმა უნდა, ეს ადამიანების ფანტაზიაა…

-აბა როგორია თქვენი ფრთები?

-ისინი არ ჩანს. ისინი ყველას გაქვთ. უხილავია. ფრთების ქონა კი ნიშნავს მათი გამოყენების უნარს და ცოდნას.

-და ეს როგორ ხდება?

-ემოციებისგან იცლები, არაფერზე ფიქრობ გარდა იმისა რომ უნდა აფრინდე.

-ანუ ყველას შეგვიძლია ავფრინდეთ?

-ყველას, ემოციებზე უარს ვინც იტყვის.

-შენ რატომ არ ამბობ?

-მაშინ ჩემი შეყვარებული უნდა დავივიწყო, ცემი სახელიც და საერთოდ ყველაფერი, მე კი ეს არ მინდა.

-ფრენა რომ შემეძლოს…

-შენ ვერ შეძლებ… სავსე ხარ ემოციებით.

-ჩვენებიდან ვინმე შეძლებს?

-კი, ლილი… მისი ცხოვრება ყოველთვის უფერული იყო.

-ის ხომ ძალიან წითელია, როგორ შეიძლება უფერული ყოფილიყო?

-ადამიანების ენაზე უფერული ვიგულისხმე, კარგი არაფერი ახსოვს, მხოლოდ ტანჯვა. ახლა მასზე ვმუშაობ. ის გაფრინდება ძალიან მალე.

ლილი.

ის ძალიან წითელი იყო. ცოტა სტაფილოს ფერიც.  რამდენიმე დღე სულ ერთად ვიყავით მე ლილი და ის დაცემული ანგელოზი. ლილი ძალიან იტანჯებოდა. ასაკით კი ძალიან პატარა იყო. ეჩვენებოდა რომ ვიღაც დასდევდა და მისი მოხრჩობა უნდოდა სადენიტ. ხშირად უკეთებდნენ გადასხმებს, ის კი მაშინაც ისტერიკაში ვარდებოდა სადენებს რომ ხედავდა. გვანცამ ძალიან დაამშვიდა. არ ვიცი ეს როგორ შეძლო.

-ლი, ახლა ხომ კარგად ხარ?

-კი…-ბავშვური გულუბრყვილობით მოიწმინდა ცრემლიანი თვალები.

-ლი, იცი გვანცა ანგელოზია…-დავიწყე ლაპარაკი მე.

-მართლა? -ისევ წყლიანი თვალები მომაპყრო.

-ჰგავს… ცაში არ წამიყვანს?

-არ ვიცი ჰკითხე,-მოვუბრუნდი და ახლა მას დავუსვი შეკითხვა- წაიყვან ლის ცაში?

-მე ვერ წავიყვან, გამოძევებული ვარ…

-არადა როგორ მინდოდა,- დახარა თავი ლილიმ და პატარა ბავშვივით, რომელსაც ზოოპარკში წაყვანაზე უარი უთხრეს დასევდიანდა.

-ლი, მე ვერ წაგიყვან, მაგრამ შეგიძლია შენ თვითონ წახვიდე…

-მართლა?-აღტაცებით შეჰკივლა გოგონამ.

-კი ლი, -იმედის მომცემად დაუკრა თავი გვანცამ.

-როგორ?

-ადამიანური გრძნობებისგან უნდა გათავისუფლდე…

-ეგ როგორ? -დაიბნა დიდის სხეულში გამომწყვდეული ბავშვი.

-ვინმე გიყვარს?

-არა…

-გძულს?

-არა…

-გეშინია რამის?

-ჰო…-ისევ დახარა გოგონამ თავი.

-რისი გეშინია? -ვერ მოვითმინე მე…

-სადენიანი კაცის…

-ვინაა ეგ კაცი?

-არ ვიცი დედა მოკლა. მე გავექეცი, თვითონაც მოკვდა მაგრამ თავს არ მანებებს.

-ლი, ის ახლა აქ არის?-ჰკითხა გვანცამ.

-არა, როცა შენ ხარ არ მოდის.

-ანა?

-ანასი არ ეშინია, ეგ მხოლოდ ფერებს ხედავს… შენ ანგელოზი ყოფილხარ… ის კი ბოროტი სულია.

ორივე დავიბენით, მე იმიტომ რომ არ ვიცოდი საიდან იცოდა ფერების შესახებ, გვანცა კი იმიტომ რომ 7წლის გონების მქონე გოგონამ რაღაც გააზრებული თქვა. იქიდან ისე გამოვედით ხმა არ ამოგვიღია. მერე გვანცა შეჩერდა. უკან შებრუნდა. ძალიან მალე დაბრუნდა.

-რამე დაგრჩა?-ვკითხე მე.

-არა, რაღაც ვუთხარი.

-არ მეტყვი რა უთხარი?

-ვუთხარი რომ შეეწყვიტა შიში და გაფრინდებოდა.

-შენი აზრით მართლა დასდევს ავი სული?

-ასეც რომ იყოს ვერ შეეხება, ამის უფლება არ აქვს.

– ეგრე შენც არ უნდა დაგეკარგა ფრთები. ჩვენს დროში წესები ცაშიც კი ირღვევა და მიწაში ხომ წარმოგიდგენია…

-კარგი! გაჩუმდი! ისედაც თავი ამეხადა ფიქრით. არ ვიცი რა ვუშველო, ამ გოგოს. არადა სამოთხისთვისაა ზედგამოჭრილი.

მეორე დღეს გვანცა შემოვარდა ელეს ოთახში, ჩემს გვერდზე რომ იყო. სახე გაბრწყინებოდა. ელე ჩემტან კი ალაპარაკდა, მაგრამ სხვა დანარჩენებთან ისევ “გაშეშებულის” ნიღაბი ეკეთა.

-რა მოხდა?-ვკითხე გაოცებულმა.

-გაფრინდა… ლილი გაფრინდა…

-ხუმრობ?

-არა…-და სიხარულის ცრემლები წამოუვიდა.

ეს რაღაც ბოდვა მეჩვენა და ვერ დავიჯერე, ამიტომ თავქუდმოგლეჯილი გავიქეცი ლილის ოთახისკენ. იქ მედდები იყვნენ. ექიმებიც. არ მიშვებდნენ , მაგრამ გავარღვიე ცოცხალი კედელი და შევვარდი ოთახში. ლი ისევ იქ იყო. უფრო სწორედ, ეს მისი უსიცოცხლო სხეული იყო, ჭერს მიშტერებული, ჩავიკეცე და ავღრიალდი. ეს არ იყო ლილი. ეს ლილის ფერები არ იყო. წითელი სულ გამქრალიყო და მხოლოდ სიკვდილის ფერი ედო. მე რომ ვერ ვიტანდი ის. მიცვალებული ადრეც მენახა მაგრამ ის ფერებს არ კარგავდა. ლილიმ კი დაკარგა. პანიკაში ჩავვარდი.

გამათრიეს.

ერთი-ორჯერ ვუთავაზე ფეხი მედდებს.

სხვა დანარჩენი აიცილეს.

დამაბეს.

გამთიშეს.

მიმაძინეს.

რამდენიმე დღეში გამათავისუფლეს. მაშინვე გვანცა მოვძებნე. ბალახზე იჯდა და ყვავილებს “აჩენდა”.

-მატყუარა ხარ! ასეთი რა უთხარი?

-რაც გითხარი, ის ვუთხარი.-თავაუღებლად მიპასუხა.

-ანგელოზი კი არა ეშმაკი ხარ! ავი სული!

-ასე ნუ მიწოდებ!-მითხრა და თავი ასწია, მისი თვალები… ეს იყო ნამდვილი დემონური გამოხედვა.

-ვითომ რატომ? რაც ხარ იმას გიწოდებ!

-მე გაგაფრთხილე!-მითხრა და ისევ დახარა თავი.

-საზიზღარო არსებავ!-და მისკენ გადავდგი ნაბიჯი რომ თმით მეთრია. მან კი ხელი აწია, გაშალა და მითხრა:

-არ გაბედო!-ვგრძნობდი , თითქოს ვიღაც გულზე ხელს მაჭერდა და წინ წასვლა აღარ შემეძლო.

-შენ ის არ უნდა გენახა. ის ლილი არ იყო… შენც მშვენივრად იცი რომ არ იყო…

-რას ამბობ?-ვკითხე მან კი ხელი ძირს დაუშვა.

-დემონი იყო, მას რომ დასდევდა… მითხარი ლილი რა ფერი იყო? ისევ წითელი?

-არა…-დავხარე თავი მე.

-აი, ხომ ხედავ… ის გაფრინდა…

-ამას ეძახი გაფრენას? მკვდარია!-ისევ გავცეცხლდი მე.

-მკვრადია ადამიანებისთვის, მაგრამ სინამდვილეში ცაშია…

***
მირანდა
მირანდა ყველაზე ლამაზი იყო. მაგრამ ყველაზე “გიჟიც”. მისი ფერებიც მიზიდავდა. განსაკუთრებით იასამნისფერი. მაგნიტივით იყო ჩემთვის. მირანდას თმა ცეცხლისფერი იყო. მაგრამ დასავარცხნი. ის ძირითადად დაბმული ჰყავდათ. ის ყველას ერჩოდა. მედდებს, ექიმებს, ჩვენც…
ერთხელ, მისმა მიზიდულობის ძალამ მიმიკრო და მივუახლოვდი. ბაღის სკამზე იჯდა. თვალები ერთი წერტილისთვის მიეშტერებინა, წინ და უკან აქნევდა თავს. უფრო სწორედ, მთლიან ტანს. გამოლაპარაკება ვცადე:
-გამარჯობა… -არც კი გამოუხედავს, ისევ ტოკავდა. მე არ ვისვენებდი ხან აქედან შემოვუარე, ხან იქიდან. მერე მის წინ ჩავიჩოქე და თვალი თვალში გავუყარე. -მირანდა… რატომ არ მელაპარაკები?
აშკარად არ ესიამოვნა ჩემი ეს ქმედება და ყვირილი დაიწყო. მერე თავს დამესხა და დამკაწრა. ჩემი თმაც თავისას დაამსგავსა. ყვიროდა, მაგრამ ერთ სიტყვასაც ვერ ვარჩევდი, თითქოს რაღაც სხვა ენაზე ყვიროდა.
ისევ დააბეს.
მეც დამაბეს.
ლილის ამბის შემდეგ “ანგელოზთან” კავშირი გავწყვიტე. მაგრამ როდესაც “ამიშვეს, მასთან მივედი. მან ყველაფერი იცოდა. ყვავილებს აჩენდა.
-ლილი გაპატიე!-ირონიულად გაეღიმა და ქვემოდან შემომხედა, მერე ისევ ბალახს დახედა.
-გჭირდება რამე?
-მაგ კითხვას რატომ მისვამ?
-ლილი დიდი ხანია მაპატიე, უბრალოდ არ აღიარებდი. შენც იცი, რომ ასე იყო საჭირო… კი არ უნდა გეპატიებინა, მადლიერი უნდა იყო…
-ისევ ვიჩხუბებთ…
-ვიცი, ასე ჯობს…
-რატომ?
-იმიტომ რომ მე ანგელოზი ვარ და სხვა ხედვა მაქვს, შენ – სხვა…
-კითხვა მაქვს შენთან.
-თავიდანვე ასე დაგეწყო. რა გაინტერესებს მირანდაზე.
-შენ… შენ…-მინდოდა მეკითხა საიდან იცი-მეთქი, მაგრამ ვიცოდი საიდანაც იცოდა, ის არ იყო დედამიწელი და ეს ნათელი იყო, უბრალოდ არ ვიცოდი მისი ფერებისთვის დამეჯერებინა და მეღიარებინა ანგელოზად, თუ ეს კარგ შენიღბვად ჩამეთვალა და ეშმაკის მოძმედ მიმეჩნია.-მითხარი რა სჭირს…
-პასუხი შენც მშვენივრად იცი… გიჟია.
-ასე მარტივად?
-კი.
-რატომ?
-მისი მშობლების ბრალია.
-ეგ როგორ?
-ცისიქითელები განარისხეს.
-რატომ მტანჯავ, თავიდან ბოლომდე მომიყევი.
-კარგი, შენი ნებაა. მისი მშობლები გარე ნათესავები იყვნენ. ინცესტის ნაყოფია. ერთხელ დედამისს მღვდელი შეხვდა და უთხრა რომ არ გაჰყვე იმას ვისზეც გამუდმებით ფიქრობო. მერე გამოიკვლიეს და აღმოჩნდა, რომ ნათესავად ერგებოდნენ, მაგრამ ეს ამბავი ყველას დაუმალეს. მირანდას მეტი შვილი არ ჰყოლიათ. ყველა ბავშვი რომელიც ჩაესახა მუცელშივე გაუწყალდა. დედამისმა მერვედ რომ იყო ორსულად, თავი ხეზე ჩამოიკიდა. ქმარი ჭკუიდან შეიშალა, არც ჩამოუხსნია, მის გვერდზე ახალი თოკი გამოაბა და მის გვერდით ჩამოკონწიალდა. ყველამ ჩათვალა რომ ერთად მოიკლეს თავი. იცი, რომ იპოვეს მირანდა 5 წლის იყო, იდგა და ტიროდა, უყურებდა როგორ კონწიალობდნენ მშობლები ერთ ტოტზე.
-საწყალი ბავშვი, -აღვშფოთდი მე.
-მერე ვიღაც წარმოსახვითი მეგობარი გაიჩინა და იმან თავისი ენა ასწავლა.
-წარმოსახვითი მეგობარი?
-გამოიცანი ვინ…
-დემონი?-წავიჩურჩულე მე.
-სწორია…
-მაგრამ მისი ფერები… ის ისეთი კარგია…
-ეს მისი ფერებია… დემონთან აღარ მეგობრობს, მაშინ “გაგიჟდა” როდესაც მიხვდა ვინ იყო მისი წარმოსახვითი მეგობარი.
-როდის მიხვდა?
-15 წლის იყო.
-საბრალო გოგონა…
-შეამჩნიე, რომ მან ჩვენი ენა არ იცის?
-კი, შევამჩნიე. რაღაცას მიყვიროდა თავის ენაზე.
-გეუბნებოდა, საშიში ვარ წადიო.
-შენ … იცი მაგათი ენა?
-რა თქმა უნდა, მტრის ენა ყველამ უნდა იცოდეს.
-მინდა ჩემი თარჯიმანი იყო!
-დაივიწყე!-შეწყვიტა ყვავილების გაჩენა და თვალებში შემომხედა.
-რატომ?
-საშიშია. მართლა გიჟია.
-ვიცი, მაგრამ… მისი ფერები… მისი ფერები ისე მომწონს… მინდა დაველაპარაკო.
-კარგი, მე გაგაფრთხილე.
მივედით. ისევ ისე აქნევდა თავს.
-მიესალმე.-ვუთხარი ანგელოზს, მანაც არ დააყოვნა და ჩემთვის გაურკვეველი სიტყვა წარმოთქვა. გოგონა გაჩერდა. თავი ასწია. შეშინებული იყო. რაღაც უპასუხა. მე გავოცდი, პირველი შემთხვევა იყო როდესაც მშვიდად იყო სხვებთან ურთიერთობისას და არ ყვიროდა.
-რა გითხრა?
-მკითხა “იმან” გამოგაგზავნაო?
-უთხარი რომ ანგელოზი ხარ!
-შენი აზრით ის რას ეუბნებოდა?-ისევ ირონიულად იღიმოდა. ახლა თითქოს ეჭვები მისი არაცისნიერობისადმი გამიღრმავდა.
-ატყუებდა?-ვკითხე მაინც.
-რა თქმა უნდა!
-რამე უთხარი!
-მაინც რა? მე ანგელოზი ვარ, ის გატყუებდა, მე არ გატყუებ-მეთქი? შენი აზრით დაიჯერებს?
-არ ვიცი, ვცადოთ…- სანამ ჩვენ ვკამათობდით გოგონამ თვითონ გვითხრა რაღაც.
-რაო?-ვკითხე მე.
-აინტერესებს მისგან რა გინდა.
-აუხსენი. უთხარი რომ მისი ფერები მომწონს. -რაღაც უთხრა. გოგონა ჯერ გაჩუმდა მერე გამიღიმა. მანაც თქვა ორიოდე სიტყვა.
-შენზე მკითხა ანგელოზიაო?
-უთხარი რომ შენ ხარ…
-საშიშია, არ დაიჯერებს!
-უთხარი!- ვუყვირე მე. მანაც რაღაც უთხრა, მომეჩვენა რომ ზედმეტად ბევრი უთხრა. გოგონა ისევ გაცეცხლდა და ახლა მას დაესხა თავს. მე კი მანიშნებდა გაიქეციო. არ გავიქეცი. დავინახე, როგორ იცვლებოდა მათი ფერები და ვერ შევძელი გაქცევა. გოგონას წმინდა ფერები ბინძურდებოდა და გვანცას ფერებსაც აბინძურებდა. შემეშინდა. მაგრამ ვერ ვინძრეოდი. ორივეს თვალები გაწითლდა. არ ვიცოდი რა ხდებოდა. მედდებს დავუძახე.
-მირანდა გვანცას დაესხა თავს, მოკლავს წამოდით სწრაფად…-ვყვიროდი და ძალიან ვიყავი აღელვებული, მედდები კი მშვიდად მიყურებდნენ და ერთმანეთს რაღაცას ანიშნებდნენ. დაბმა დამიპირეს მაგრამ იმ ადგილისაკენ გავიქეცი სადაც ის ორნი მეგულებოდა, იქ აღარავინ დამხვდა. უცებ დავმშვიდდი. გავშეშდი.
-აქ იყვნენ…
-აქ არავინ ჩხუბობს, ხომ ხედავ?-მამშვიდებდა ექიმი. -წამოდი შენს ოთახში.
-კარგი, მაგრამ მინდა რომელიმე ვნახო მანამდე.
-ვერ ნახავ…
-რატომ?
-იმიტომ, რომ ჩვენ არ გვყავს პაციენტები მაგ სახელებით. -მიპასუხა ექიმმა. მე თვალთ დამიბნელდა და გავითიშე.
არ ვიცი რამდენი ხნით გამომკეტეს ჩემს ოთახში. როდესაც იქიდან გამოვედი, ჩემს “გაშეშებულ” მეზობელტან შევედი და ყველაფერი მოვუყევი. მან ხმა არ გამცა. ისევ დადუმებულიყო. იქიდან რომ გამოვედი ჯერ ანგელოზის ოთახისკენ წავედი, მერე კი მირანდასი. არცერთის ოტახი არ არსებობდა. ორივესთან კედელი იყო. კარის კვალიც კი არ არსებობდა.
დავიჯერე რომ გავგიჟდი.
რომ ფერები ტყუოდნენ.
რამდენიმე წლის შემდეგ, გამომიშვეს და რაღაც ფურცელი მომცეს. “თეთრ ბილეთს” უწოდებდნენ მედდები.
მეც ისევე გავათავისუფლე ფერები ჩემგან როგორც მე კლინიკიდან.
***
ერთხელ ტელევიზორის ყურებისას აღმოვაჩინე რომ, ციხიდან გამოუშვიათ ჩემი “გაშეშებული” მეგობრის შეყვარებული და თავისი მეგობრები. უდანაშაულოდ სცნეს. ტელევიზორშიც ის თქვეს რაც მე უკვე ვიცოდი. ვიფიქრე, რომ არ გავგიჟებულვარ. რომ გვანცას ბრალი იყო ყველაფერი. აღარ ვიცოდი რა მეფიქრა. მერე დამესიზმრა. მიღიმოდა და ყვავილებს აჩენდა. შემეშინდა. რამდენიმე დღეში წერილი მივიღე. უმისამართო.
“გამარჯობა ანა, ცის იქიდან გწერ. შენ გეგონა მე ვიყავი შენიღბული დემონი. სინამდვილეში კი ასე არ იყო. დემონი მირანდაში სახლობდა, რადგან ის ცოდვის ნაყოფი იყო. იმ დღეს მე მასში გავაღვიძე დემონი. ამით დავიბრუნე უფლება მეცხოვრა ცაში, ახლა იქ ვარ. ძველ სამსახურს დავუბრუნდი, ასეც უნდა ყოფილიყო. ჩვენ გავქრით და შენ იფიქრე რომ შენს ქვეცნობიერში ვცხოვრობდით, რომ შენი ფერები სიცრუე იყო. შენ ისინი გაათავისუფლე. ეს არ უნდა გაგეკეთებინა. ისინი არ გატყუებენ. სულ ეს იყო, რისი თქმაც მინდოდა, მშვიდობით. თუ დაგჭირდები ჩემზე იფიქრე. მშვიდობით.”
შოკში ჩავვარდი. წერილი ჩემს ექიმს ვაჩვენე. მან ექსპერტიზაზე გაგზავნა. აღმოჩნდა რომ ნაწერი ჩემი იყო. მაგრამ არ იყო ჩემი, მე ხომ ვიცოდი… ისევ კლინიკაში გამომკეტეს.
მე კი ჩემი ფერები დავიბრუნე.

დ ა ს ა ს რ უ ლ ი.
ავტორი: AnnA VineflY (მადამ ფისუნია)

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s