ცოდვის შვილი (ტელეკინეზი)

blood-bloody-creepy-dark-dead-death-Favim.com-61112

სოფია ცამეტი წლის იყო.
ობოლი.
ბებია ზრდიდა.
ბებია ეკლესიური ქალი იყო, ამიტომ სოფიასაც ჩაუნერგა სულში ღმერთის სიყვარული, გოგონა ყოველდღე ეკლესიაში დადიოდა. კოჭამდე კაბა მიწაზე დასთრევდა. ხშირად ფეხს აბიჯებდა და წაიბორძიკებდა ხოლმე. სასაცილო იყო. მანდილს მხოლოდ ძილის წინ იხსნიდა. ამბობდა, „მანდილოსანი“ იმიტომ ჰქვია ჩვენს სქესს, რომ მანდილი სულ უნდა გვებუროსო. თანატოლი გოგონები გაიცინებდნენ და სიყვარულის ნიშნად ეხუტებოდნენ. ყველას უყვარდა, იმდენად კეთილი და სათნო იყო, შეუძლებელი იყო, არ გყვარებოდა. თავსაბურავის ქვეშ შავ, ხვეულ თმას მალავდა, თვალები კი გიშერზე შავი ჰქონდა. სხვები მის ადგილას ბებიაზე გაბრაზდებოდნენ, ის კი პირიქით, ემადლიერებოდა მოხუცს და ყველა სიტყვაში სიყვარულს აქსოვდა. მეგობრები თვლიდნენ, რომ მისი ყოფა მომაბეზრებელი იყო. თავად კი ამას ბედნიერებას უწოდებდა. არც ერთხელ ar შეუბრუნებია მოხუცისთვის სიტყვა და ყველა მის მოთხოვნასა თუ თხოვნას დიდი მოწიწებით ასრულებდა. თანატოლებისაგან განსხვავებით, ტექნიკა არ უყვარდა და მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში იყენებდა.
ზამთარი იყო. თოვდა. ადრე დაღამდა. გოგონა ბიბლიოთეკაში დიდ ხანს შემორჩა, დრო ისე გავიდა, ვერც კი შეამჩნია. შენობიდან რომ გამოვიდა, უკვე გვარიანად ბნელოდა. შეშფოთდა. ცოტათი შეშინდა კიდეც. ცაში აიხედა, გაიღიმა და ღმერთს მიმართა:


– ღმერთო შინ მშვიდობით მიმიყვანე, ბებია, ალბათ, დარდობს, დაამშვიდე… – თავი მორიდებით დახარა და ნაბიჯებს აუჩქარა. ეს გრძელი კაბა რომ არა, შესაძლოა, გაქცეულიყო კიდეც. ხიდს მიუახლოვდა, მის ქვეშ უნდა გამძვრალიყო და, როგორც თვითონ იტყოდა, `ხიდიდან ორ ნაბიჯში ცხოვრობდა”. სინამდვილეში კი სამი სახლი მაინც უნდა გაეარა მის შემდეგ. ხიდის ქვეშ წყალი ჩამოსულიყო. გაყინულიყო. ფეხი დაუცდა და დაეცა. სიბნელიდან ვიღაც გამოძვრა და ხელი წააშველა:
– ფრთხილად, გოგონი, აქ საშიშია…

– მადლობა, ღმერთი დაგლოცავთ, – გაუღიმა გოგონამ და მადლიერების ნიშნად თავი დაუკრა.
– ღმერთმა უკვე დაგვლოცა, დაიკო, – სიბნელიდან მეორე ჩრდილიც გამოძვრა, – შენ გამოგაგზავნა, – ბოროტულად გადაიხარხარა.
– მადლობა, მაგრამ ვაგვიანებ, – დაიბნა და აღელდა გოგონა, – უნდა წავიდე, ბებია მელოდება, ნახვამდის.
– ჰეი, ჰეი… – კიდევ ერთი ჩრდილი, რომელიც მკლავში ძლიერად სწვდება და იჭერს, – ვერ გაიგე, პუპსიკამ რა გითხრა? აქ საშიშია… ს ა შ ი შ ი!
– არ მეშინია, ღმერთი დამიცავს…
– მაგასაც ვნახავთ, – თქვა ერთმა ჩრდილმა, დანარჩენებმა კი – ერთხმად გადაიხარხარეს.
– მოდი, ცოტა გავერთოთ. – ჩრდილების სახეებს ვერ ხედავდა, მაგრამ გრძნობდა ირონიას, ღიმილს.
გოგონას მღელვარებამ იმატა და ენა დაება:
– მმმმ მმ… მართლა მაგვიანდება…
– ნუ გეშინია, შენც მოგეწონება… – თვალი ჩაუკრა მთვარის შუქით განათებულმა ერთმა ბიჭმა, რომელიც უკვე გამძვრალიყო ხიდიდან და „ჩრდილობა“ დაეკარგა. – ხომ არ გავაცილოთ გოგონა, თუ აგვიანდება?- დაამატა ირონიული ღიმილით.
– არაა საჭირო, თავად შევძლებ…
– შეეშვით, ბიჭო, ვერ ხედავთ ბავშვია! – წამოიძახა იმ ბიჭმა წეღან „პუპსიკა“ რომ უწოდეს. გოგონას იმედი ჩაესახა, მაგრამ იმედის ემბრიონი ჩასახვისთანავე გაწყალდა, როცა ერთ-ერთმა ჩრდილმა თავსაფარი მოაძრო და ზურგზე გრძელი ხვეული თმა დაეფინა.
– არა, ძმაო, ამას ვერსად გავუშვებთ! – თქვა და ტუჩები გაილოკა მთვარის შუქზე მდგომმა.
– მე „პას“! არ მინდა ამის საცოდაობის ყურება, გაუშვით რა… – არ იშლიდა `კეთილი ჩრდილი”.
– არა-მეთქი, ბიჭო! – გაბრაზდა ერთი ჩრდილი და ყელზე ჯიბის გასახსნელი დანა მიაბჯინა, – თუ არ გინდა გარევა დაახვიე!
– კარგი, მე წავედი. – თქვა ხელების აწევით.

– არ დამტოვოთ აქ, მეშინია… – ატირდა გოგონა, აცახცახდა. ჩრდილებმა ხელები გაუკავეს.
მიწაზე დაანარცხეს.
ტანისამოსი შემოახიეს.
ერთ-ერთი ცდილობდა პირზე ხელის აფარებას, მაგრამ შიგადაშიგ ბაგეს ხელს აცილებდა და გოგონას განწირული ტირილი ისმოდა.
ბაგიდან ვედრების სიტყვებთან ერთად ნატყორცნი თბილი ჰაერი ცივს და მძორის სუნად აყროლებულს ერეოდა.
კიდევ ოფლის სუნს გრძნობდა.
ზიზღსაც განიცდიდა, ზიზღს, რომელსაც ღმერთი უკრძალავდა.
საკუთარი სისხლის მოძრაობას გრძნობდა.
მის სუნსაც გრZნობდა.
გემოსაც.
და კიდევ რაღაცის სუნს.
უცნაურ სუნს.
უცნობს.
საზიზღარს.
და გრძნობდა ტკივილს.
ძლიერ ტკივილს.
– არ დამტოვოთ, მეშინია… – გამოაპარა პირზე აკრული ხელიდან სამი სიტყვა.
ამ დროს, მეოთხე ჩრდილი უკანმოუხედავად მიაბიჯებდა. ხიდს გასცდა და თოვლში კვალის დატოვება დაიწყო. სულს უღრღნიდა იმ ბავშვის ყვირილ-ტირილი, დაფლეთილი კაბის თითოეული შრიალი სახეზე ელამუნებოდა, ესმოდა და გრძნობდა, თითქოს მასსავით იტანჯებოდა, თითქოს მასაც უფათურებდნენ ველური ჩრდილები ხელებს და ტკენდნენ. ტკენდნენ ყველაფერს. ერთმანეთს ენაცვლებოდნენ. ბიჭი თანაბარი ნაბიჯებით მიდიოდა და უკან არ იხედებოდა. პატარა გოგონამ ცრემლები გადმოსდო.
გვირაბს კარგა მანძილით რომ მოშორდა და ხმები და ტკივილები უკან დარჩა, თოვლში პირქვე დაემხო.
ბოლო ხმაზე აღრიალდა.

ნანობდა, რაც ჩაიდინა, ნანობდა, რომ გამბედაობა არ ეყო.
ჯერ დრო ჰქონდა, შეეძლო, ეხსნა ის უბედური ბავშვი, მაგრამ იმასაც ნანობდა, რომ ამას ვერ გააკეთებდა.
ისიც იცოდა, რომ მთელი ცხოვრება დაიტანჯებოდა, მაგრამ რისთვის?
მას ხომ არაფერი გაუკეთებია?
ამ კითხვის დასმისთანავე ტვინში ჩაქცეული სისხლი ადამიანად გარდაიქმნებოდა და პასუხობდა: `ზუსტად მაგისთვის, რომ არაფერი გაგიკეთებია, შეგეძლო და არ გააკეთე, გაწირე!” ეს სიტყვები ძვალსა და რბილს ერთი სისწრაფით კბეჩდა და ღრღნიდა, მაგრამ უკან დაბრუნება მაინც ვერ გაბედა. ხმადქცეულმა სისხლმა ბოლოს უთხრა: `ლაჩარი ხარ, ყოველთვის ასეთი იყავი და ასეთად დარჩები სიცოცხლის ბოლომდე!” სანამ ბიჭი საკუთარ თავს ებრძოდა, გოგონა ველურმა ჩრდილებმა `შელახეს”. ეს იყო ანგელოზი, რომელსაც ფრთები ჰაერშივე მოაჭრეს და მათ გარეშე დარჩენილი უსიცოცხლოდ დაენარცხა მიწაზე. გონს რომ მოვიდა, უკვე თენდებოდა, წამოდგომა სცადა, მაგრამ ფრთების მოჭრით გამოწვეულმა წყლულებმა ნება არ დართეს და ისევ მიწას დაანარცხეს.
იწვალა.
ტკივილის გარდა, ზიზღსაც გრძნობდა. ეზიზღებოდა ყველაფერი. ყველა. საკუთარი თავის ჩათვლით. ეზიზღებოდა თავისი ღმერთი, რომლისაც ასე სჯეროდა და რომელმაც ასე დააღალატა. რომელმაც ასე მიუგდო მისი თავი მშიერ მგლებს საჯიჯგნად. მარტო თავისი ღმერთი კი არა, ყველა ღმერთი ეზიზღებოდა.
„უსაქმური ღმერთები!“
„უმაქნისი ღმერთები!“ – ბუტბუტით იმეორებდა განუწყვეტლივ.
ადგა და კედელ-კედელ გამოhყვა ხიდს. თან ბუტბუტებდა.
კედელი დამთავრდა. შემოგლეჯილ კაბის ბოლოს დააბიჯა და ისევ დაეცა, მაგრამ ამჯერად თოვლში. ბუტბუტი შეწყვიტა. გონება დაკარგა. გარეთ ისევ ბარდნიდა, უსიცოცხლო სხეული ნაზად იფიფქებოდა.
ის ბიჭი მოვიდა, გუშინ რომ არ ეყო ძალა, ეს გაეკეთებინა. დააგვიანდა, მაგრამ მაინც მოვიდა. დაჰყურებდა თოვლში ჩაფლულ, დალურჯებულ, ფრთამოკვეთილ ანგელოზს, რომელსაც სიცოცხლის ნიშანწყალი აღარ ჰქონდა, მაგრამ „ყოფილი ჩრდილი“ მაინც ფიქრობდა, „რა მშვენიერიაო“. ისევ

სისხლის ხმამ იმარჯვა და ბიჭი გამოაფხიზლა. გათოშილი და განადგურებული არსება ხელში ააყვანინა და თავის სახლის კართან დააწვენინა.
ზარიც დაარეკvინა.
გაუჩინარდა, ისევე როგორც გუშინ თავისი ჩრდილი, კვალიც ჩრდილის მსგავსად დატოვა. კარი თავშალწაკრულმა ქალმა გააღო. თავისი გოგონა რომ დაინახა, შეჰკივლა:
– ღმერთო, გვაშორე უბედურება! – აქოთქოთდა და უამრავი საწყევარი სიტყვა გადმოანერწყვა პირიდან. ალბათ, ცხოვრებაში არასოდეს ეთქვა, მსგავსი სისაძაგლეები, მაგრამ ის დღე გამონაკლისი იყო. გოგონა ბებიის ყვირილმა და წყევლა-კრულვამ გონს მოიყვანა. წამოდგა. ისევ კედელს გაუყვა, სიტყვაც არ უთქვამს. საძინებელში შევიდა, დედისეული შიშველი თოჯინა სისხლიან ხელებში მოაქცია, გულზე მიიკრა და საწოლს ჩაეკონა.
***
ქუჩაში ბნელოდა.
ლამპიონები ბჟუტავდა.
შავკაბიანი ქერა გოგონა ფეხშიშველი მოაბიჯებდა.
ტიროდა.
ყვიროდა.
ხელში შიშველი, სისხლიანი თოჯინის ხელი ეკავა და პატარა ბავშვივით მოათრევდა.
„ცოდვის შვილი ვარ, ღმერთს ვძულვარო!“ – გაჰკიოდა.
ქუჩაში მხოლოდ ერთი შეყვარებული წყვილი მოსეირნობდა. ერთimeores მიწებებოდნენ და ტკბებოდნენ ერთმანეთის სხეულის სითბოთი. ბიჭს ქურთუკი გაეხადა და გოგოს მხრებზე მოეგდო. უცნაურად იბუზებოდა, მაგრამ თვალსაჩინო იყო, რომ არ ციოდა, რაღაც ძალა ათბობდა. ენერგია, რომელსაც მასზე მიხუტებული დაუცველი არსება გამოჰყოფდა.
ქერა გოგონა შუა გზაზე მოაბიჯებდა, მის უკან კი ლამპიონები მიყოლებით ქრებოდა, ისევე როგორც საშინელებათა ჟანრის ფილმებშია ხოლმე. წყვილი შეშინდა, განსაკუთრებით გოგონა – და ბიჭის მხარს უფრო ძლიერად ჩაებღაუჯა.
– გეშინია? – გაიცინა ქერათმიანმა, – არა უშავს, დედასაც ეშინოდა….

მერე ხელის ერთი მოძრაობით სასწაულებრივად მოწყვიტა გოგონა შეყვარებულის მკლავს და გზის სხვადასხვა მხარეს გაამწესა, მათ შუაში გაიარა.
ყვირილი განაგრძო.
ლამპიონები ისევ მიყოლებით ქრებოდა მის უკან.
წინ კი ყველაფერი იმსხვრეოდა.
ხიდს მიუახლოვდა.
იქ ვიღაც იდგა.
კაცი იყო.
უყურებდა გოგონას ქცევას და ხმას ვერ იღებდა. ადგილიდან არ იძვროდა. იდგა და დაჟინებით უცქერდა ქერათმიანის აგრესიულ ქმედებებს. გრძნობდა მის ზიზღს ყველაფრის მიმართ. ყველას მიმართ. მის ტკივილსაც განიცდიდა. მისი ცრემლებიც უთბობდა გაყინულ ღაწვებს და მისი ღრიალი ხმას უხლეჩდა.
გრძნობდა, ყველაფერს გრძნობდა, როგორც „მაშინ“.
გოგონა არ ჩერდებოდა.
მიუახლოვდა.
– გეშინია? – ჰკითხა უცნობს ნაზად.
– არა, მე შენ გიცნობ….
– ამ ხიდსაც იცნობ, არა? – ირონიულად გაიღიმა გოგონამ.
– ვიცნობ… – თავი ჩაქინდრა კაცმა.
– შენ… შენ… – გოგონას თვალები აuცრემლიანდა წინანდელზე მეტად, კაცს კი სუნთქვა გაუძნელდა, თითქოს ვიღაცამ ყელში წაუჭირაო. გაწითლდა. – გტკივა? – ჰკითხა და საკუთარი ცრემლები დააგემოვნა.
– შეწყვიტე, გთხოვ…
– დედაც გთხოვდათ, არა?
– მთხოვდა, მთხოვდა, მეშველა, მაგრამ დავაგვიანე…
– უნდა გეჩქარა! – თქვა გოგონამ ირონიულად და თვალებიდან ცეცხლის ფრქვევა დაიწყო.
– შეწყვიტე, მე არაფერი დამიშავებია… – გოგონა გაჩერდა, ფილტვებმა ჰაერი ხარბად შეიწოვეს.
– არა, მაგრამ არც არაფერი გაგიკეთებია…

– მაპატიე… – ძალაგამოცლილი კაცი მუხლებზე დაემხო და თავი ჩაქინდრა.
– რა თქმა უნდა, უბრალოდ დანარჩენების სახელები მითხარი…
– არ შემიძლია…
ისევ უჰაერობა.
ტკივილი ყელის არეში.
გოგონა მიუახლოვდა და ყური პირთან მიუტანა.
– გისმენ… – კაცმა რაღაც წაიბუტბუტა.
ფილტვებმა ისევ ხარბად შეიწოვეს ჰაერი.
– ახლა გპატიობ… – თქვა გოგონამ და თავი გვერდზე გადააგდო ღიმილით. მერე გაბრუნდა და ნელი ნაბიჯებით ხიდს გასცდა. ხიდმა დაიღრიალა და კაცი ნანგრევებში ჩაიყოლია. მისი ბოლო სიტყვები გოგონას ყურს მიეპარნენ:
– ღმერთო, რა ჩავიდინე!… – გოგონას სახეზე საშინელმა ღიმილმა გაირბინა.
ის აღარ ყვიროდა,
არც ტიროდა,
არც არაფერს ამსხვრევდა,
უბრალოდ, მშვიდად მიაბიჯებდა (ახლა უკვე იცოდა, სად მიდიოდა).
უკან კი ლამპიონები ისევ ძველებურად ქრებოდა.

ავტორი: AnnA VineflY (madam fisunia)

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s