შეყვარებულის პორტრეტები

couple-guitar-love-sofa-Favim.com-116503

ჩემი შეყვარებული მომღერალი იყო. გიტარა ჩემზე მეტად უყვარდა. გიტარას უფრო ეფერებოდა, ვიდრე მე.
არ მწყინდა.
როცა გავიცანი, მაშინაც ასეთი იყო. ძალით შევაყვარე თავი, უფრო სწორად, ვაიძულე, ცოტა ხნით ყურადღება გიტარიდან ჩემზე გადმოეტანა. იმდენჯერ ვთხოვე ჩემთვის გაშიშვლებულიყო მისი სხეულის ტილოზე გადატანის მიზნით, ბოლოს მითხრა, რომ შევუყვარდი. არასოდეს მიგრძნობინებია, რატომ გიტარა უფრო მეტად-მეთქი?! პირიქით, ახალი გიტარა ვაჩუქე და „ჩვენი“ ინიციალები ამოვტვიფრე. ჩემი ხელით მოვხატე. ისეთი გახარებული იყო, აღარც კი მითქვამს, რომ ჩემს ნახატებთან ერთად, ჩემი საყვარელი მოტოციკლიც შეეწირა მის ახალ სიყვარულს. თანაც ძველზე მეტად შეიყვარა… მიხაროდა, ამ გიტარას რომ ეფერებოდა… მეგონა, მე მეფერებოდა.
ყველა დილა ახალი სიმღერით იწყებოდა.


– ნახე, ახალი სიმღერა მოგიძღვენი… – მეტყოდა და იწყებდა გიტარისთვის ხელების ფათურს. არ ვეჭვიანობდი ამ გიტარაზე, არა! როცა მომბეზრდებოდა მისი „ღალატი“ პირდაპირ ჩემ თვალწინ, ჩემს საყვარელ ფუნჯებს ჩავიწყობდი მისი ძველი პერანგის (რომელიც ახლა ჩემი სამუშაო ფორმა იყო) გულის ჯიბეში და მოლბერტს მივუჯდებოდი ხოლმე სამფეხა სკამზე. ყველა ტილო ერთმანეთს ჰგავდა. ყველაზე ის ეხატა…
ერთხელ, როდესაც ახალგაზრდა გოგონამ თავისი პორტრეტი შემიკვეთა, ჩემთან დავიბარე. სახლში ხატვა მიყვარდა. სახელოსნოს სხვაგან გადატანა არც მიფიქრია, გოგონამ ყovel კედელზე, იატაკზე, მოლბერტზეც, დაინახა „ის“. შევამჩნიე, როგორ უყურებდა მის წელს ზემოთ შიშველ სურათს, რა თქმა უნდა, ახალი გიტარით ხელში. ეს ყველა-ზე დიდი სურათი იყო ჩემს სახლ-სახელოსნოში. თანაც ახალი დახატული მქონდა. ჯერ ზეთი ბოლომდე არც გამშრალიყო. არ მესიამოვნა, მაგრამ ვეცადე, სახეზე არ აღმბეჭდვოდა შინაგანი ემოციები, ამიტომ ისინი ჩემი სხეულის ყველაზე ბნელ კუთხეში ჩავკეტე და კარზე ცხრა კლიტე ჩამოვკიდე. ბოლოს გოგონა გამოტყდა, რომ ყიდვა უნდოდა. რა თქმა

უნდა, უარი ვუთხარი. შემიჩნდა, ნებისმიერ თანხაზე იყო თანახმა. მიჩქმალულმა ემოციებმა ცხრავე კლიტე დაამსხვრიეს, გავბრაზდი და გავაგდე. „რაც ჩემია, ჩემია!“ – ვიმეორებდი მთელი დღე. მერე შიგნიდან გამეღიმა, ალბათ, ისეთი კარგია, ყველას იზიდავს-მეთქი, – გავიფიქრე. მეც ხომ ასე გამიკეთა? მე ხომ ჩემს ფუნჯებზე მეტად შევიყვარე?
ბოლოს კი ჩემს საყვარელ ნივთებს სხვისი სახის ხატვით აღარც კი შეურაcxvყოფდი…
ის რომ დაბრუნდა, ვუამბე.
– ყველას იზიდავ… – გავუღიმე და კისერზე ჩამოვეკიდე.
– ეგ ხომ შენი დახატულია, მე არსად გავრბივარ, არც შენი ფუნჯები, მილიონს დახატავ… მილიონჯერ უკეთესებსაც…
– ეს განსაკუთრებულია! – შევეცადე გაბრაზებას, მაგრამ ორივეს გაგვეცინა. მან მოფერება დამიწყო… ისე, როგორც თავის გიტარას ეფერებოდა ხოლმე. მომწონდა, როცა თავი გიტარა მეგონა. მაბედ-ნიერებდა კიდეც.
კედელზე მის პორტრეტს რომ ვუყურებდი, აღარ მომწონდა. თითქოს იმ გოგონას მზერამ შებღალაო.
რაღაც სხვანაირი გახდა…
ჩამოვხსენი. კედელსაც კი ამახინჯებდა. მომინდა, პირდაპირ აივნიდან გადამეგდო. „რა სისულელეა! ამით ჩემი მოტოციკლის დაბრუნებას შევძლებ!“ – გავიფიქრე. იმ გოგოს დავურეკე, ბოდიში მოვუხადე უხეშობისთვის და თავისi პორტრეტის დასრულება შევთავაზე. სანამ მოვიდა, ტილო ლამაზად შევფუთე და შემოსასვლელში მივაყუდე. ერთი სული მქონდა, როდის გაათრევდა ჩემი სახლიდან ამ ნამუსახდილ ნაჯღაბნს. მკითხა, რამდენი გინდაო. მე გავუღიმე და ვუთხარი, რომ ორივეში ერთად მხოლოდ ჩემი მოტოციკლი მინდოდა. გაუხარდა, გირაო შეიტანა და მოტოციკლიც დავიბრუნე. ხანდახან სინდისიც მიღიტინებდა ხოლმე. როგორ გაყიდეო, – მსაყვედურობდა. მე კი, თითქოს, ზუსტად ამ საყვედურისთვის გამზადებულ კუსტარულად შეთითხნილ პასუხს ვესროდი ხოლმე შურდულივით: „არ გამიყიდია, გავცვალე და უკეთესით ჩავანაცვ-ლე“, და მის ადგილზე ახლადშეღებილ, მართლაც ბევრად უკეთეს სურათს ავხედავდი ხოლმე სიამაყით. ის ყველას მოსწონდა. მასაც კი.
„ბედნიერება ხელოვნებაშიაო“, – იტყოდა ხოლმე და დაკვრას იწყებდა,

(ხან მეც მასწავლიდა). მერე თავის დაწერილ სიმღერას მიმღეროდა ხოლმე, რომელიც მთხოვდა, მოლბერტს მივჯდომოდი და კიდევ დამეხატა.
ასეც ვიქცეოდი…
ყოველდღე…
მხოლოდ საღამომდე…
საღამოს ბარში მიდიოდა…
მივდიოდით…
ჩემი მოტოციკლით, ჯერ მის ახალ სიყვარულს რომ შევწირე, მერე კი ჩემი სიყვარული გავიმეტე მის დასაბრუნებლად.
ხანდახან მეცინებოდა ამაზე. ვხარხარებდი. მინდოდა, სცოდნოდა, რაზე ვიცინოდი ასე გულიანად, მაგრამ არ მითქვამს.
ეს ერთადერთი საიდუმლო იყო…
თითქოს ეს ბანალური და ერთფეროვანი ცხოვრება ორივეს გვაბედნიერებდა. მაგრამ, ვგრძნობდი, რომ მე – უფრო. ხანდახან მწყინდა. მაგრამ არასოდეს მითქვამს. „რა მნიშვნელობა აქვს დოზას, ბედნიერება ბედნიერებაა!..“ ამას გავიფიქრებდი და ბაგეებს ისე ვაპობდი, ყველა კბილი რომ გამომჩენოდა.
ერთხელ მითხრა, რომ მიდიოდა. არ მიკითხავს, სად, მხოლოდ ის ვკითხე, მიდიოდა თუ მივდიოდით. პასუხად დუმილი მივიღე. გავუღიმე და გავუშვი.
მტკივნეული იყო. იმაზე მეტად ვიდრე მეგონა, რომ იქნებოდა. მხოლოდ ის მანუგეშებდა, რომ ჩემს მოხატულ და ჩვენი ინიციალებიან გიტარას მოეფერებოდა, მაგრამ ამაშიც შევცდი. არ წაუღია. სარდაფში, ობობის ქსელებში გახვეული, ის ძველი გიტარა წაიღო. მან თავისi გიტარა წლების განმავლობაში თანაცხოვრების შემდეგაც ვერ გაცვალა ჩემში… მე კი…
მე კი…
მე კი ბარში მისი პირველივე სიმღერის შემდეგ ფანქარი და ფურცელი ვიშიშვლე მებრძოლის ხმალივით და იმ წამიდანვე გავცვალე ჩემი ფუნჯები და მათი ბიძაშვილი მოლბერტი ამ უცნაურ მუსიკოსში.
ახლაც ვხატავ…
ყველა კედელზე გამოკრულია მისი პორტრეტები…
ძველებზე გიტარით ხელში.
ახლებზე კი გიტარის გვერდით მისი ადგილი აღარაა.

 

ავტორი: ანო სანებლიძე (მადამ ფისუნია)

2 thoughts on “შეყვარებულის პორტრეტები

  1. “ახლებზე კი გიტარის გვერდით მისი ადგილი აღარაა.”
    მშვენიერი კანცოვკაა :UP:

დატოვე კომენტარი