ღამის პეპლები

ghost-train-deviantart_daniela-owergoor-atdani-owergoor-twitter

მაშინ პატარა საოჯახო ტიპის სასტუმროში ვმუშაობდი ადმინისტრატორად. ჩვენი სერვისები ძირითადად უცხოელებზე იყო გათვლილი, თუმცა თანამემამულეთა ნაკლებობასაც არ განვიცდიდით. ლამაზი გოგონები მოდიოდნენ ხოლმე, სხვადასხვა მამაკაცთან ერთად. ზოგი უცხოელი იყო, ზოგიც ქართველი…
მალევე მიდიოდნენ…
კაცები რჩებოდნენ…
ჩვენმა დამლაგებელმა მათ `პეპლები~ შეარქვა.
როდესაც ჰორიზონტზე გამოჩნდებოდნენ ხოლმე, ჩემთან მორბოდა და მახარებდა ირონიული ღიმილით, რომ `ღამის პეპლები მოფრინდნენ”.
მე ნეიტრალური რეაქცია მქონდა და უბრალოდ ვუღიმოდი, ნიშნად იმისა, რომ ხუმრობა გამოუვიდა. ისე კი ხშირად ვფიქრობდი, რა აიძულებდათ ამ თითქოსდა ციდან გადმოვარდნილ ანგელოზ გოგონებს ასეთ რამეზე წასვლას… თუმცა დიდხანს არ ვფიქრობდი, რადგან ეს, უბრალოდ, არ იყო ჩემი საქმე. სტუმარს ვუღიმოდი და იმ ოთახის გასაღებს გადავცემდი, რომელიც დიდი ხანია კედლის ფერის გამო შეეყვარებინა და ყველა `საქმიან შეხვედრას” იქ აწყობდა.
იასამნისფერი ოთახი წითურთმიანს უყვარდა….
წითელი – ქერას…
მწვანე კი – წაბლისფერთმიანს…


ერთხელ, გვიან ღამით, როდესაც თითქმის ჩამომეძინა, კიბეზე ჩამომავალმა ქუსლიანმა ფეხსაცმელმა გამომაფხიზლა. ქერათმიანს აშკარად სადღაც ეჩქარებოდა. შორიდან მომაძახა, ნახვამდისო, და გაიქცა.
მეორე დღეს გაირკვა, რომ ჩვენმა სტუმარმა საფულე დაკარგა…
უცნაურია, მაგრამ არ გამკვირვებია…
თუმცა რა ჩემი საქმე იყო?
ხმა არ ამომიღია, მხოლოდ ის ვთქვი, რომ ის გოგონა პირველად ვნახე…
რამდენიმე დღეში ახალ საქმიან პარტნიორთან ერთად დაბრუნდა. წინას მსგავსად, ისიც უცხოელი იყო.
ნათელი იყო, რაც მოელოდა…

თუმცა ესეც არ ყოფილა ჩემი საქმე.
ქუსლიანი ფეხსაცმლის ხმა კიბეზე…
თავქუდმოგლეჯილი ქერა ქალი…
– მიბრძანდებით? – გავუღიმე თავაზიანად, რაც უდაvოდ ჩემი საქმე იყო…
– დიახ, – მიპასუხა და თვალი ჩამიკრა. მერე უეცრად მობრუნდა, მაგიდაზე რაღაცნაირი კუპიურა დამიდო და კიდევ ერთხელ ჩამიკრა თვალი.
გაიქცა…
უცებ დავიბენი, ვერ მივხვდი, რა მოხდა…
როდესაც ყველაფერი გავაანალიზე, ქერათმიანი, ალბათ, ცხრა მთასა და ცხრა ზღვას მიღმა იყო…
ასე გავხდი დამლაგებლის მიერ `ღამის პეპლად” წოდებული ქალის უნებლიე თანამზრახველი…
მენეჯერმა გამომაგდო…
ახსნას აზრიც არ ჰქონდა…
წამოვედი…
უცნაური კუპიურა ბანკში მივიტანე და ეროვნულ ვალუტაში გადავცვალე.
ჩემი მთელი თვის ხელფასზე მეტი იყო…
გამიხარდა, მაგრამ სინდისი ყოველ დახარჯულ ნაგლეჯზე ეკალივით მესობოდა და მახსენებდა, რომ არ მეკუთვნოდა…
მაინც დავისაკუთრე.
სინდისი ცხრაკლიტულში გამოვკეტე.
რამდენიმე თვეში ახალი სამსახური მქონდა.
მოლარე ვიყავი ბანკში, რომელიც ერთხელ არაპატიოსანი გზით ნაშოვნი ფულით უკვე წავბილწე.
იქ ქერათმიანი გოგო მოვიდა.
ის გოგო…
სხვადასხვანაირი კუპიურებით…
მგონი, მიცნო…
მერე რა, რომ ჩემი საქმე არ იყო, მაინც ჩავერიე:
– ახალი თანამზრახველი გყავთ?
– თანამზრახველი? – გაეცინა და ლოყები ჩაეჩხვლიტა, – არ ვიცოდი თუ ჩემი თანამზრახველი იყავი…
– არც ვყოფილვარ, უბრალოდ, კამერებმა განაცხადეს ასე… ძველი

ჩანაწერებიც ნახეს და აღმოაჩინეს, რომ პირველად არ გხედავდით, როგორც ვამტკიცებდი..
– ძალიან ვწუხვარ…
– არა უშავს…
– თქვენი დამლაგებელი პეპლებს გვეძახდა, არა? – ქვემოდან შემომაპარა ღიმილი უცნაურ მზერასთან ერთად.
– უფრო სწორად, `ღამის პეპლებს”, – შევუსწორე.
– ჰო, მართალია…
– არ ბრაზდებით?
– არა, რა თქმა უნდა, სიმართლე ზოგჯერ მტკივნეულია, მაგრამ ჭეშმარიტი…
– რას გულისხმობთ?
– ისევე როგორც ღამის პეპლები მიფრინავენ სანთლის ალისაკენ, რომელიც ხშირ შემთხვევაში სახიფათოა მათი ფარფატა ფრთებისათვის, ჩვენც ასე მივისწრაფვით ხოლმე `სქელჯიბიანი ბიძიებისკენ”…
– და მერე?
– მერე ან ფრთებს ვიწვავთ, ან უფრო ნათელი და ნაკლებსახიფათო ნათურისაკენ ვიღებთ გეზს…
– ამას რატომ აკეთებთ?
– ვის ანაღვლებს? – აიჩეჩა მხრები, – იმიტომ რომ, როგორც ღამის პეპლები არავის სჭირდება არაფერში, ისე ჩვენც გამოუსადეგარი ნაგავი ვართ, სამყაროს შესარყვნელად მოვლენილნი. ეგ პეპლები არც სანიშნად გამოდგება წიგნისთვის, არც ჰერბარიუმისთვის და არც ფრთების სილამაზით დაგატყვევებს, ჩვეულებრივი სიმახინჯეა ფრთაშესხმული. ყველა ცდილობს, მოკლას, ან თავიდან მოიშოროს.
– ამას რატომ მეუბნებით?
– ისე, უბრალოდ… – კიდევ ერთხელ ჩამიკრა თვალი და წავიდა… როდესაც ფიქრებიდან გამოვაღწიე, შევამჩნიე ჩემს მაგიდაზე დარჩენილი კიდევ ერთი უცნაური კუპიურა.
ისევ მაქცია უნებლიე თანამზრახველად…
პატიოსნებასa და სინდისს მარცვალ-მარცვალ მპარავდა.
რამდენიმე თვის შემდეგ ისევ ვნახე, ტელევიზორში…
გამოიჭირეს…
პეპელამ სანთლის ალზე ფრთები დაიწვა…

2 thoughts on “ღამის პეპლები

  1. კარგია… ოღონდ მე მეყოფა… მთლად ასე ცუდადაც არ ვარ 🙂 პერედოზი არ მინდა მომივიდეს 🙂

დატოვე კომენტარი