ბროწეულის გოგონა

102527328986850102_3lguqd4n_f

მაშინაც მიმატოვეს, ისევე როგორც ყოველთვის….
ისევ ჩემს მეგობარ ბარს მივაშურე. იცოდა, რაც მჭირდებოდა, ყოველთვის იცოდა, ისევე როგორც ბარმენმა (იქ რომ მუშაობდა). კარი შევაღე და შევედი. ბარმენმა გამიღიმა.
– გამარჯობა…
– გამარჯობა, დიდი ხანია არ გამოჩენილხარ…-ეშმაკური ღიმილით შემომანათა თავისi ბავშვური, ღრმა და ზედმეტად ცისფერი თვალები… არა, უფრო ზღვის ფერი…
– თვალებში ლინზები გაქვს?-შევცვალე თემა.
– არა, – მიპასუხა და ორივემ გადავიხარხარეთ.
– ზედმეტად ლამაზი და სუფთაა ორიგინალისთვის, -კვლავ გადავიხარხარეთ.
– ფორმაში ხარ! – მითხრა და გამიღიმა. ჩვენი ყველა შეხვედრა მისი თვალებით იწყებოდა ხოლმე, ეს დიალოგი კი უკვე ორივემ ზეპირად ვიცოდით…
– როგორც ყოველთვის…
– როგორც ყოველთვის? – და უკვე კარგად ნაცნობ ბოთლზე მიმანიშნა.
– როგორც ყოველთვის, – მორჩილად და ზედმეტად არისტოკრატულად დავუკარი თავი, იმის გათვალისწინებით, თუ სად ვიმყოფებოდით. მან ჭიქა გამივსო და ოთხად გაჭრილი ლიმონი მიუდგა გვერდზე თეთრი თეფშით.
– დიდი ხანი არ ჩანდი… – გამიმეორა, მე თავი ავარიდე.
– დიდი ხანი მეგონა, რომ კარგად ვიყავი, – თვალი ჩავუკარი, გავუღიმე და ჭიქა ბოლო წვეთამდე “გამოვლოკე”. მერე ლიმონიც გავღეჭე.
– ახლა ვხვდები რას ნიშნავს “ამჟავებული სახე”- ეშმაკურად შემომხედა ქვემოდან… ისევ ორივეს გაგვეცინა. ეს ბიჭი აშკარად ასაკით უმცროსი იყო, მაგრამ არც ისე ძალიან, როგორც ჩანდა ჩემი ჩაცმულობიდან გამომდინარე (სამსახურის ფორმა ბევრად მეტი ასაკის ქალად მაჩვენებდა ვიდრე ვიყავი). “ბედნიერება დეტალებშიაო”

გაგონილი მქონდა, ამ ბარში კი მხოლოდ მაშინ მოვდიოდი, როდესაც რაღაც ორმოსთან წავბორძიკდებოდი, ან უფსკრულში გადავიჩეხებოდი ხოლმე. აქ ბედნიერება მხვდებოდა. ბარმენის თვალებში. რომ გეკითხათ, წმინდანს როგორი თვალები აქვსო, მის თვალებს აღვწერდი, ალბათ…
ერთი ჭიქა…
ორი ჭიქა…
სამი…
ჩამოცხა, ჩვეულებრივზე მეტად ჩამოცხა…
პიჯაკი გავიხადე და პერანგზე რამდენიმე ღილი შევიხსენი…
ერთი ბოთლი…
ორი ბოთლი…
სამი…
ფეხსაცმელიც გავიხადე, მივხვდი რომ სიმაღლე არც მაკლდა მათ გარეშე და არც მჭირდებოდა იქ სადაც ვიყავი, იქვე დავყარე…
მერე სათვალავი ამერია…
თმაც გამეწეწა…
Semdeg აღარ მახსოვს…
***
მეორე, ან მესამე, ან არ ვიცი, მერამდენე დღეს ჩემს საკუთარ მანქანაში გამეღვიძა.
ისევ მარტოს…
მანქანა “ჩემი ბარის” წინ ეყენა, ანუ იქ, სადაც ბოლოს ფხიზელმა დავაყენე. ფეხსაცმელი დავკარგე.
ვის ადარდებდა?
დიდხანს ვფიქრობდი, შევსულიყავი თუ არა ბარში.
შევედი.
ის ლამაზთვალება ბარმენიც იქ იყო.
იგივე დიალოგი.
დეჟა ვუ…
არ მესიამოვნა…
– ფეხსაცმელი დავკარგე… – საუბრის წამოწყება ვცადე.

– არ დაგიკარგავს, – გამიღიმა და დახლის ერთ-ერთი ქვედა თაროდან გამოაძვრინა. ისევ ჩავიძირე მის თვალებში.
– მადლობა… – მეგონა, ფეხშიშველს მომიწევდა წასვლა…
– წასვლა? – ირონიულად გამიღიმა, – აპირებ?
– რა თქმა უნდა!..
– მაშინ ახლავე წადი, იმიტომ რომ სულ რამდენიმე ჭიქაც და გადაიფიქრებ, ისევ მანქანაში დაიძინებ.
– მერე, რატომ ღელავ? – გავბრაზდი.
– მძიმე ხარ!…
– ღმერთო ჩემო, შენ… მე… შენ… – ვერ დავალაგე აზრები, მიხვდა და დამეხმარა.
– ჰო, მე გაგიყვანე, იმიტომ რომ დახლზე ჩაგეძინა და სკამიდან გადავარდი.
– ღმერთო, მაპატიე!..
– მე ღმერთი არ ვარ… ჩემთვის პატიების თხოვნაც არაა საჭირო, უბრალოდ, თავს მიხედე… არ მოგწონს შენი ცხოვრება? ადექი და შეცვალე! ყველა პრობლემას აქ ვერ გადაჭრი, უფრო მეტიც, ვერცერთს ver გადაჭრი…
აღარაფერი მითქვამს, ფეხსაცმელი ავიღე და წამოვედი. მანქანაში ჩავჯექი და ბოლო ხმაზე ავღრიალდი. ასეთი ცხოველური ხმები აქამდე არასოდეს გამომიცია. ხელ-ფეხს უმისამართოდ ვიქნევდი, შეპყრობილივით… მეც ხომ შეპყრობილი ვიყავი? ვცდილობდი ყველაფერი გამომედევნა სხეულიდან, ყველაფერი, რაც ტკივილს მაყენებდა! მოვეშვი…
უცნაურად ვიქცეოდი, უჩვეულოდ, არარუტინულად. ალბათ, იმიტომ, რომ მართალი იყო ის ლამაზთვალება ბარმენი. მომხმარებელთან ასეთი ლაპარაკისaს და მისი გაგდებისთვის შეიძლება საყვედურიც კი მიეღო. თუმცა, ეს ვის ადარდებდა?! ის მართალი იყო….
სადღაც წავედი.
ბედის ირონია…
მანქანა გაჩერდა. აღარ მიდიოდა.
– დაიღალე, არა, შენც? – შევეკითხე ჩემს რკინის ნაგლეჯს. არ მიპასუხა. გავბრაზდი და შიშველი ფეხი ჩავარტყი. naiarevi დავუტოვე.

ფეხსაცმელი ჩავიცვი. ფეხით განვაგრძე გზა. უკანასკნელ მათხოვარს ვგავდი. გაწეწილი თმა და სასმeლით დალაქავებულ-აყროლებული პე-რანგი.
სადამდე დავეშვი….
როგორ დავეცი…
“რაღაცები უნდა შევცვალო”, – გავიფიქრე და იმის ნაცვლად, რომ ტაქსი გამეჩერებინა და ჩემი მშიერი მანქანისთვის საწვავი მეყიდა, მეტროში ჩავედი.
რა დრო გასულა…
სულ სხვანაირია…
სალაროსთან დიდი რიგი იყო.
პატიოსნად დავიკავე და, როცა ჩემი ჯერი დადგა, 2 ჟეტონი მოვითხოვე თავდაჯერებულად. ჩემ გვერდზე მდგომმა გოგონებმა “ჩაიფხუკუნეს”.
– ჟეტონიო!.. რომელი საუკუნეა?
– ეს სოფლელები…
მოლარესაც გაეღიმა და ამიხსნა ახალი წესები. მეწყინა რომ დამცინეს. ეს მეტროთი მობოდიალე მახინჯები ჩემზე იცინოდნენ. გავბრაზდი კიდეც.
– გოგონებო, ძვირფასებო, ის, რომ მეტროს ახალი წესები არ ვიცი, სულაც არ ნიშნავს, რომ რომელიმე სოფლიდან ჩამოვედი. არც ჩემი ტანსაცმელი მეტყველებს იმაზე, რომ გაუნათლებელი ვარ, ბინძური ან ღარიბი, თქვენ სტერეოტიპებს ემონებით! ჩემი მანქანა გაფუჭდა და გადავწყვიტე ფეხით გამესეირნა, მერე მეტრო დავინახე და ბავშვობა გამახსენდა, დედასთან ერთად დავდიოდი მეტროთი… ნოსტალგიამ ჩამითრია ამ ორმოში. -ირონიული ღიმილი გადავიკარი სახეზე, გამოვბრუნდი და წასვლა დავაპირე, მაგრამ რაღაც სიტყვები ისევ გამეჭედა ყელში, რომ არ “ამომეფურთხებინა” დამახრჩობდა. – და კიდევ, მე ბენტლი მყავს, – ჩანთიდან გასაღები ამოვაძვრინე და ცხვირწინ გავუჩხრიალე, – და კარგი სამსახურიც მაქვს, თქვენგან განსხვავებით, ამიტომ არ ვიცი მეტროს ახალი წესები. – პასუხს, რა თქმა უნდა, აღარ დაველოდე და გამოვბრუნდი. სურვილი დავკარგე, “მეტრო ტურიc” და მიწისქვეშეთიც რაღაც უსიამოვნო გახდა, ამიტომ თავი დავაღწიე მას.
ბრბომ გამომიტანა.

სახლში წავედი.
მაცივარში თითქმის არაფერი დამხვდა.
ყველაფერი გამხმარი და აყროლებული იყო.
გადავifiqre, ხილი კარგი იქნებოდა ნაბახუსევზე. მე ყველაფერს მარკეტში ვყიდულობდი, მაგრამ ახლა სხვა იდეა გამიჩნდა და ბაზარში წავედი.
ის კი ნამდვილად არ შეცვლილა.
ძველებურად ყარდა.
ერთხელ, ბავშვობაში, აქ ბებიასთან ერთად რომ ვიყავი, პირველად მან თქვა “რა საშინელი სუნიაო”, მეც დავეთანხმე და ერთი ხელი ცხვირზე წავიჭირე, მეორეთი კი მის კაბის კალთას ჩავეჭიდე. სულ ასე ვიქცეოდით, ასე ხელები უთავისუფლდებოდა და პროდუქტების მთელი თვის მარაგის წამოღება შეეძლო.
ყველა მე მიყურებდა.
ალბათ, ჩემი ფეხსაცმლისa და ჩაცმულობის გამო.
ხალხი ბნელია…
ერთმა ქალმა მწვანილი არ მომყიდა და წყევლაც მესროლა. ვის აშაყირებ, შენხელა შვილები მყავსო!
ხილის სექციამდეც მივაღწიე.
აქაც მიმიტანეს.
ყველამ თავისი პროდუქტის ქება დაიწყო.
ერთმა ქალმა ვაშლი ოქროს ფასადაც მომყიდა. (სასაცილოა, ან სატირალი).
მე ერთმა თავშლიანმა ბავშვმა დამაინტერესა, მორცხვად იდგა და ბროწეულით სავსე კალათა ეჭირა ხელში. არც კი შემოუთავაზებია, უბრალოდ, იდგა თავჩახრილი და, სანამ მასთან მიაღწევდი, მინიმუმ ათი ადამიანი მოგხიბლავდა “თავისი მოოქროვილი ბროწეულით”. ეტყობოდა, რომ ერთი ცალიც არ გაეყიდა.
მე კი ყველა ვიყიდე!
მთლიანი კალათა!
რაში უნდა გამომეყენებინა ამდენი ბროწეული?
არ ვიცოდი…

უკან რომ მოვიხედე, უამრავი იმედგაცრუებული სახე დავინახე, გაბოროტებული. ზოგი რაღაცასაც კი ბუტბუტებდა თავისთვის. წასვლა დავაპირე.
– დეიდა… – დამიძახა მორიდებით, თვითონაც ბროწეულივით წითელ-ლოყება, წითელთავშლიანმა გოგონამ. მაშინვე მივიხედე, მან კი გიშრის თვალები ვერ გამისწორა, დახარა და წაიჩურჩულა, – მადლობა დეიდა.
მე გავუღიმე, მერე კი ვკითხე:
– იცი, ამით წვენი როგორ კეთდება?
– დიახ… – გაუბრწყინდა გოგონას თვალები.
– მასწავლი?
– დიახ… – ახლა უფრო გაუფართოვდა. შევიცვალე წარმოდგენა ბედ-ნიერებაზე. წმინდანის თვალებზეც. რა მოხდა, წმინდანიც ხომ ადამიანია, დიდი ამბავი რომ შავი თვალები ჰქონდეს! გოგონას ხელი ჩავჭიდე და ბაზრის გასასვლელის ძებნა დავიწყე. ძლიერად ვუჭერდი, მგონი, მაჯაც კი მოვტეხე. ხავსი იყო, რომელსაც მე, წყალში ჩავარდნილი, ვეჭიდებოდი. უკანასკნელი იმედი. ცვლილება, რომელიც მჭირდებოდა.
ბაზრის გასასვლელთან მოხუცი ქალი ჩანთიდან იღებდა პოლიეთილენ-ის პარკში გახვეულ ქათამს, წინ კი პატარა სათლით კვერცხები ელაგა. მის მოპირდაპირედ ვიღაც ქალი “აქოთქოთდა”:
– ერთიsadaimave საქონელს ჩემ წინ რატოm ყიდი, პირველი მე მოვედი აქ!
– მარტო შენ გინდა ვაჭრობა? მეც მყავს ოჯახი!
კიდევ იკამათეს მაგრამ აღარ გამიგია, ამ სიტყვებმა კი შუბივით გამიარეს პირდაპირ გულში. ეს ხომ ერთი ქათამი და რამდენიმე კვერცხი იყო? ვის რას უშლიდა? მაგრამ ძველ “თანამშრომელს” არ დააღალატეს და ყველამ ერთად გალანძღა უბედური, შავოსანი, მათზე ასაკით ბევრად დიდი ქალი. (მერე ჩვენს თაობაზე იტყვიან, პატივისცემა არ იცითო უფროსის, სასაცილოა. იქნებ თვითონ გაგვზარდეს ასეთებად?)
კვერცხებით სავსე სათლი და ქათამი ვიყიდე. იმ ქალმა დამლოცა. დანარჩენები კი გაიბღინძნენ და, სავარაუდოდ, ორივე დაგვწყევლეს. მაგრამ არ მეშინია. მოხუცი შავოსანის ლოცვა იმდენად გულწრფელი და წმინდა იყო, თვით სატანის წყევლასაც ერთ წამში გააცამტვერებდა.
– შენ კეთილი ხარ… – მითხრა ბროწეულის გოგონამ.

– არა, არ ვარ… ჩვეულებრივ, ასე არ ვიქცევი ხოლმე.
– ახლა ხომ იქცევი? ესე იგი კეთილი ხარ…
გამეღიმა. მასაც. მოხუცის ლოცვა კიდევ დიდხანს მესმოდა, უკვე კარგად მოშორებით მყოფსაც.
ბაზრის ტერიტორიას გავცდით.
იქ გარე მოვაჭრეები ისხდნენ.
პოლიციამ ჩემ თვალწინ ააცალა ერთ მოხუც ცოლ-ქმარს კიტრის ტომარა.
ისევ შუბი გულში. ცოლ-ქმარი შეკამათდა – ერთმანეთს აბრალებდა. პოლიციელს დავედევნე.
– ბატონო პოლიციელო, ძალიან გთხოვთ, დაუბრუნეთ და აღარ გაყიდიან…
– არა, თუ გინდა, შენ გაჩუქებ, მაგრამ მათ არ მისცე… – „სადაა გული? ესენი გვიცავენ ჩვენ? სასაცილოა…“
კიდევ ერთი შუბი მომხვდა.
მიზანს არ აცილებდნენ.
ბევრი ვეხვეწე, მაგრამ არ გაჭრა, მუხლებში ჩავარდნაზეც კი გავიფიქრე, მაგრამ მივხვდი, რომ სტრატეგიის შეცვლა უკეთესი იდეა იყო.
– კარგი, მომეცი, მაინც უნდა მეყიდა… -ეშმაკურად ჩავუკარი თვალი.-ოღონდ პატრონმა არ დაგვინახოს, თორემ დამწყევლის, – ნაგლეჯზე ჩემი ნომერი დავუწერე და გულის ჯიბეში ჩავუდე. ახლა ერთი ტომარა კიტრი მქონდა. პოლიციელი წავიდა, ალბათ, სხვებს ეძებდა, რამე რომ წაეგლიჯა. ვერ შეძლებდა. დიდი ჩოჩქოლი ავტეხეთ და ყველა უკანონო გარე მოვაჭრე დაიშალა, მიიმალა. მოხუც ცოლ-ქმართან მივედი და ვკითხე მთლიანი ტომრის საფასური. არ მითხრეს. ამით ერთი შუბი გამომაცალეს გულიდან და ზედ მალამო დამადეს. ქალი მუხლებში ჩამივარდა და ხელების კოცნა დამიწყო.
– ღმერთმა ბევრი მოგვცეს, შვილო, შენნაირები… – გაიხარე, დედი!.. – ავტირდი, მეც დავეცი მუხლებზე და ქალს ჩავეხუტე. ავაყენე.
ვაიძულე, კიტრის ტომარა მოეყიდათ, ორმაგ ფასად!
როგორც იქნა, მივაღწიეთ სახლამდე.
მე დაჭრილი ვიყავი.

შუბებით…
გოგონამ ბროწეულის წვენი moamzada უზარმაზარ ჭურჭელში. არც კი ვიცოდი მისი არსებობა. არასოდეს გამომიყენებია.
ვივახშმეთ…
თავგადასავლები ერთი დღისთვის ბევრი იყო.
მივხვდი, რომ ვარდისფერი სათვალე მეკეთა.
ხანდახან ჩამომგლეჯდნენ ხოლმე, მაგრამ მაშინაც მხოლოდ იმ რეალობას ვხედავდი, რომელიც მე მტკენდა. თურმე, როგორ უჭირს უბრალო ხალხს… მე კი… მე…
მე და ბროწეულის გოგონა დავმეგობრდით.
საჭმელების კეთება მასწავლა.
ბაზარშიც ხშირად დავდიოდით ერთად, მან იცოდა ვისგან რა უნდა გვეყიდა…
ყველაფერი კარგად იყო…
თითქოს…
უბრალოდ, რამდენიმე თვეში ბროწეულის გოგონა, იმედი, ხავსი, ბედნიერება…
გარდაიცვალა.
ბროწეულივით მარცვლებად დაიშალა.
რაღაც უკურნებელი ავადმყოფობა სჭირდა თურმე…
არ ვიცოდი…
ყველაფერი დაინგრა…
ისევ…
მეგონა, ის მაინც არ მიმატოვებდა არასდროს…
ის ხომ სულ ერთი ციცქნა იყო!..
იყო…
მიმატოვა…
მანაც მიმატოვა…
თერმოსი მისი ბროწეულის წვენით გავავსე. (ეს ჩემი ბროწეულის გოგონას სისხლი იყო, მისი დალევით კი თითქოს is ჩემში ganvasxeule).ისევ იმ ძველ ბარში წავედი.

– გამარჯობა!.. – მორიდებით მივესალმე.
– გამარჯობა!.. რამდენიმე თვეა არ გამოჩენილხარ…-მან კი ნიშნის მოგებით მიპასუხა, მიმახვედრა, რომ ვერაფერს ვცვლიდი. თუმცა ვცდილობდი.
(ცისფერი თვალები…
არა, უფრო ზღვის ფერი…
ბედნიერების ფერი.
წმინდანური ფერი.)
– თვალებში ლინზები გაქვს?
– არა, მგონი, ეს იცი…
– ზედმეტად ლამაზი და სუფთაა ორიგინალისთვის, – ორივემ გავიღიმეთ.
– ფორმაში ხარ!
– როგორც ყოველთვის!..
– როგორც ყოველთვის?- უკვე კარგად ნაცნობ ბოთლზე მიმანიშნა.
– როგორც ყოველთვის!..

Advertisements

4 thoughts on “ბროწეულის გოგონა

  1. ბონჟუუღ, მადამ!
    ისეთი იყო.. რაღაცნაირი.
    აქ ბევრად ბუნებრივად გკითხულობ, ვიდრე.. მაინც, რა ჯანდაბა გინდოდა იმ საიტზე?

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s