საპნის ბუშტები

1295200233_25341_106556579369824_100000464466709_169374_8357095_n

დღე პირველი
როგორც ყოველთვის, იმ დღესაც სადღაც მეჩქარებოდა. ნაბიჯებს ნელ-ნელა უფრო და უფრო ვაჩქარებდი, ბოლოს კი – თითქმის გავრბოდი. ფეხი გადამიბრუნდა, ქუსლი მომტყდა და მიწაზე დავენარცხე…
სალანძღავი სიტყვების კორიანტელი დავაყენე.
ასფალტზე გაშოტილმა, ჰაერში ბრჭyვიალა საპნის ბუშტები შევნიშნე.
მრავლდებონდენ და მრავლდებოდნენ…
ბავშვობის ნოსტალგია შემომაწვა, ოდესღაც მიყვარდა აივნიდან მათი გაშვება. გამეღიმა და თვალების ცეცება დავიწყე, „ბუშტთა შემქმნელს“ ვეძებდი. თან ფიქრებში ვიყავი გართული, გამახსენდა ძველი სახლი, მისი აივანი, ჩემი წითელი, კოპლებიანი სარაფანი, მისივე შესაფერისი შლაპა, შავი, ლაკის „წკაპუნები“ და „ბუშტთ შემქმნელი“ ჩემსავე პაწაწინა ხელის მტევნებში მომწყვდეული…
კიდევ ბუშტები.
ბევრი.
ბრჭyვიალა.
Tანაც გამჭვირვალე.
– გეტკინა? – მოგონებები უცებ გასკდა საპნის ბუშტივით და სადღაც გაქრა, ხელში კი პატარა გოგონა შემრჩა, რომელიც ჩემ წინ იდგა შეწუხებული სახით. დიდი, ცისფერი და წყლიანი თვალებით, თავსაფარწაკრული…
– აარ… არა… – დავიბენი და ენაც პატარა ბავშვივით „ავაბლუყუნე“.
– ჰო, კარგია… – მითხრა და ისე გამიღიმა, რომ მეცადა, ყველა კბიlს დავუთვლიდი.
– რა არის კარგი? – გავუგრძელე საუბარი ისე, რომ ასფალტიდან წამოდგომა სულ გადამავიწყდა, თითქოს დედოფლის ტახტზე ვყოფილიყავი წამოჭიმული.
– რომ არ გეტკინა… ტკივილი ცუდია… – თქვა და ბუშტების ახალი ტალღა გამოაფრქვია.
– შენ რა იცი, რა არის ტკივილი? – ვკითხე ღიმილით.

– ვიცი… – თქვა და თავი ჩაქინდრა, თან თავისი „ბუშტთა მფრქვეველი“ ააჩხარუნა.
ეს ბავშვი რაღაცნაირად საკუთარ თავს მაგონებდა… მიუხედავად იმისა, რომ არც ცისფერი თვალები მქონდა და არც იასამნისფერი თავსაფარი, ის მგავდა.
მაგრამ თავადაც არ ვიცოდი რითი.
მთავარი იყო რომ მგავდა.
ამან ჩემი ინტერესი ბავშვისადმი გააძლიერა, ისევ გადავეშვი წარსულში, სადაც გვერდიგვერდ ორი ბავშვი იდგა, პატარა მე და ეს გოგონა, „დიდი მეც“, იქვე იყო და აკვირდებოდა მათ, ცდილობდა, ეპოვა საერთო და განმასხვავებელი ნიშნები.
ისევ გამომათრიეს ფიქრებიდან.
– გინდა, დაგეხმარო? – მკითხა ღიმილით.
– რაში უნდა დამეხმარო? – ისევ გავოცდი მე.
– ადგომაში… აბა, სულ მანდ ხომ არ იჯდები? – გამეღიმა, ისიც მიღიმოდა. მე კი მის თვალებში ისეთ ბრწყინვალებას, სინაზესა და სითბოს ვგრძნობდი, რომ ამ ყოველივის სინთეზი ლაპარაკის სურვილს მიქრობდა…
– რა გქვია? – ვკითხე ღიმილით.
– ლიზი… შენ? – ბავშვმა ბუშტები გამოაფრქვია, მე კი კაბის ფერთხვით წამოვდექი და ხელი გავუწოდე ჩამოსართმევად.
– ანა… – ხელის ჩამორთმევისას უხერხული, რაღაცნაირი გრძნობა დამეუფლა, თითქოს მისი პაწაწინა და ნაზი ხელი ჩემი ტორებით შევრყვენი.
– ლამაზი სახელი გაქვს… ჩემ დედიკოსაც ანა ჰქვია…-ისევ გამიღიმა პატარამ.
მეც გავუღიმე.
ისე გამიტაცა ამ ბავშვმა, სულ გადამავიწყდა რომ მეჩქარებოდა…
– რამდენი წლის ხარ? – ვკითხე და ერთი ბუშტი ჰაერში გავხეთქე.
– შვიდის, შენ?
– მე? – არ ვიცოდი, რა მეპასუხა, ცოტა, ხნით ჩავფიქრდი, – მე – დიდი…
– არაუშავს, მეც გავხდები დიდი… – ეს არ იყო ბავშვური, გულუბრყვილო სიტყვები, რაღაც სხვა იყო, ტკივილის ამოკვნესების მსგავსი.

– აუცილებლად… – ვუპასუხე სწრაფად და შევეცადე, სასაუბრო თემა შემეცვალა. ამ თითქოსდა სიცოცხლით სავსე ბავშვის ღაწვზე წყლის წვეთი დავლანდე და შეშფოთებულმა სახე ახლოს მივუტანე, რომ გადამემოწმებინა, იყო თუ არა ეს ცრემლი.
– შენ რა, ტირი? – ვკითხე ათრთოლებული ხმით.
– არა…
– წვიმა დაიწყო და დაგეცა ხომ, ალბათ? – ვკითხე და ცერა თითი თვალთან მივუტანე, სისველე შევიწოვე.
– ჰო… – მიპასუხა და სწრაფად ამეკრა გულზე. ჩამეხუტა. ეს სრულიად მოულოდნელი იყო, ბავშვებთან ასე ახლო ურთიერთობა დიდი ხანი არ მქონოდა…
დიდი ხანი იყო არც კი შევხებოდი მათ.
დიდი ხანი იყო არ მესაუბრა მათთან.
დიდი ხანი იყო, უბრალოდ თვალს ვარიდებდი მათ და თითქოს დამავიწყდა კიდეც მათი არსებობა.
– შეგიძლია, რომ შეგიყვარდე? – მკითხა მოულოდნელად.
ეს კი ნამდვილად ის იყო, რამაც საბოლოოდ გადამაყლაპა ენა, დამამუნჯა… გულში ჩაკრული უცნობი ბავშვი სიყვარულს მთხოვდა…
– ჰო… – ვუპასუხე მექანიკურად. სხვა პასუხს ჩემს თავს ნამდვილად არასოდეს ვაპატიებდი…
– მეც… – და უფრო ძლიერად ჩამებღაუჯა…
ჩემს გაოცებას საღვარი არ ჰქონდა. სიტუაციის განმუხტვა მინდოდა… ვგრძნობდი, როგორ იზრდებოდა ყელში გაჩხერილი ბურთულა, ბურთულა, რომლის გადაყლაპვაც არ შემეძლო, ტირილი მინდებოდა, ტირილი, რომელსაც დიდი ხანია გადავჩვეოდი, დიდი ხანია, ცრემლები გამომლეოდა. ასე გაშეშებული, ისევ ფიქრებში ჩავიძირე, ვიხსენებდი იმ დროს, როცა ბოლოს ვიტირე. ვერ შევძელი მისი გახსენება, სამაგიეროდ, გავიხსენე, „პატარა, წითელკაბიანი მე~ როგორ ტიროდა, როდესაც ნაყინი გაუდნა და კაბაზე ჩამოეწუწა. ეს არ უნდა ყოფილიყო ბოლო ცრემლი, მაგრამ მის შემდგომს ვერ ვიხსენებდი. თვალწინ ისევ დამიდგა პატარა მე, რომელიც ბუშტებს ბერავდა, საპნის ბუშტებს. ეს კარგი მინიშნება იყო. ახლა უკვე ვიცოდი, რაზე მელაპარაკა:

– შეიძლება საპნის ბუშტები გავბერო? – ვკითხე ისე, რომ ბავშვი გულიდან არ მომიშორებია.
– რა თქმა უნდა… – ნელა გამიშვა ხელები და გამიღიმა. მერე კი ქაფიანი პატარა ქილა პატარა ხელებში რომ მოემწყვდია (ზუსტად ისე, როგორც „წითელკაბიან მეს“ ოდესღაც), ნაზად გამომიწოდა.
საპნის ბუშტების კორიანტელი.
და ახალი, შვიდი წლის მეგობარი.
დღე მეორე
მეორე დღეს, საპნის ბუშტებით თამაში რომ დავამთავრე და სახლში წასვლა დავაპირე, ისევ ჩამეხუტა და მითხრა, რომ ვუყვარდი. გული ამიჩქროლდა, სწორედ ის გული, რომლის არსებობა უკვე აღარ მჯეროდა, აღარ მახსოვდა…
გული, რომელსაც დიდი ხანი იყო, აღარაფერი განეცადა.
გული, რომeლიც მექანიკურად მომართული სხეულის მექანიკურ ნაწილად ქცეულიყო და ყველა ძველი ფუნქცია თითქოს „მიჟანგვოდა“.
პირველად მაშინ შევამჩნიე, მისი იასამნისფერი თავშლის შიგნით რაც ხდებოდა.
არაფერი.
სიშიშვლის გარდა.
სწორედ მისი შიშველი თავი იყო პირველი წვეთი ცრემლი ჩემს თაფლისფერ თვალებში რომ ჩაგუბდა წლების შემდეგ… მეგონა, ცრემლები გამოლეული მქონდა, მაგრამ მივხვდი, რომ – არა…
– მეც ძალიან მიყვარხარ… – ვუპასუხე პირში ბირთვჩაჩრილმა და ცრემლმაც ისკუპა. ვგრძნობდი, როგორ მიედინებოდა ღაწვზე და სისველის კვალს ტოვებდა.
დღე მესამე
იმ დღის შემდეგ ყოველდღე ვნახულობდი. ერთად ვხეთქავდით საპნის ბუშტებს. ერთხელ, ბუშტებს რომ ვქმნიდით, მოულოდნელად მითხრა:
– რა ცოტა ხანს ცოცხლობენ…
– ვინ? – დაბნეულმა და გულაჩქარებულმა ვკითხე, თან თვალის ცეცება დავიწყე, როგორც ქურდმა – მოპარული ნივთით ხელში.
– ბუშტები…

– ჰო… ბუშტები… – გულზე მარწუხი მომეშვა.
– გინდა, ხიდიდან გავუშვათ და უფრო დიდხანს იცოცხლებენ… – მითხრა აღტაცებულმა.
-კარგი… – ვუპასუხე და უკან ავედევნე, როგორც ხბო – დედას.
დღე მეოთხე
ერთმანეთი „ჩვენს ხიდთან“ უნდა გვენახა და ბუშტებისთვის `დიდხანს სიცოცხლე გვეჩუქნა”, მაგრამ არ მოვიდა. ცოტათი მეწყინა. ვიფიქრე, დავავიწყდი-მეთქი და სახლისაკენ ფეხის თრევით დავიძარი, ვიმედოვნებდი, რომ წუთი წუთზე გამოჩნდებოდა.
– ლიზი ცუდადაა… – ჩამესმა უცნობი ხმა უკნიდან. გავშრი. ისიც კი ვერ ვიგრძენი, როგორ მირტყამდა მკლავზე ხელს დაახლოებით მისი ასაკის ბავშვი.
– სად არის?
– სძინავს…
– წამიყვანე…
ბავშვმა თავი დამიკრა და სადღაც გაიქცა. ავედევნე. მის სახლში მივედით. ღარიბული ბინა იყო, მაგრამ სუფთა.
– რა სჭირს? – ვკითხე დედამისს.
– ქიმია. ასუსტებს. – ქალს თვალები გაუწყლიანდა, ეტყობოდა, ხშირად ტიროდა, ეს ქალიც მგავდა.
ამ ქალსაც გამოეცალა თავისი ცრემლის ავზები.
ყველა.
სათადარიგოც.
ბავშვის საწოლთან ჩავიჩოქე. თითქოს იგრძნო სიახლოვე, დიდი, ცისფერი თვალები უმალვე დააჭყიტა და გამიღიმა. ეს ღიმილი ცოტა სხვა ფერი იყო. აღარ შემეძლო ყველა კბილის დათვლა.
არც ერთის დათვლა აღარ შემეძლო.
– მეგონა, ბუშტები უნდა გაგვეხეთქა… – ვკითხე ღიმილით.
– ხვალ… – თქვა და აციმციმებული თვალები ჩააქრო.
შუბლზე ვაკოცე და ნელა წამოვდექი. დედამისთან მივედი.
– ექიმებმა eqvsi თვე მისცეს, – თქვა თვალებში წითელხეებიანმა ქალმა.
– როდის? – ამოვილუღლუღე.

– ორი წლის წინ. ძალიან იტანჯება. ასე ცუდად არასოდეს ყოფილა.- თქვა სასოწარკვეთილმა ქალმა და ჩაიკეცა. მივუახლოვდი და გულზე მივიხუტე, – შენ, ალბათ, ანა ხარ…-ამოიკვნესა ქალმა.
– დიახ… – გავუღიმე ალერსიანად.
– სულ შენზე ლაპარაკობს… – გამიღიმა მანაც. ეს არ იყო ჩვეულებრივი ღიმილი, არც ზრდილობის გულისთვის ნატყორცნი, ეს იმედის ღიმილი იყო. იმედის, რომელიც სხვა ყველაფერთან ერთად დამეკარგა.
– ძალიან ჭკვიანია…
– მინდა, რომ ხვალ წაიყვანო. ძალიან განიცდიდა, დღეს რომ ვერ შეძლო ადგომა. ძალიან უნდოდა შენი ნახვა.
– მნახა, – გავუღიმე სევდანარევი ღიმილით და ვუთხარი, რომ სურვილს შევუსრულებდი, თანაც სიამოვნებით.
იმ ღამეს არ მიძინია.
სულ ჩემს შვიდი წლის მეგობარზე ვფიქრობდი.
სულ მისი კითხვა მახსენდებოდა, `რა ცოტა ხანს ცოცხლობენ, არა?”
დღე მეხუთე
ლიზისთან მივედი.
ჩვეულებრივზე მკრთალი იყო.
მაგრამ ეს ფერი თითქოს ყველაზე მეტად უხდებოდა, უჩვეულოდ ლამაზი მეჩვენებოდა. ისეთი, როგორც არასდროს.
მთელი დღე ბოდიალს დავუთმეთ. ბამბის ნაყინი ხელებში გვადნებოდა, ამიტომ ერთმანეთს ვეჯიბრებოდით და სწრაფად ვიტენიდით უზარმაზარ ლუკმებს პირში. ბოლოს მაღალსართულიანი შენობის სახურავზე ავედით და იქიდან `ვჩუქნიდით სიცოცხლეს” საპნის ბუშტებს…
– ანა…
– რა იყო?
– იცი, მეც ამათნაირი ვარ?
– ვისნაირი?
– ბუშტების…
– ჰო, შენც მათსავით ლამაზი ხარ. ბრჭყვიალა. ნაზი.
– არა. მეც მათსავით მალე მოვკვდები…
– ნუ სულელობ. მოდი ჩემთან… – გულზე მივიკარი, ყელში ბურთი

მქონდა გაჩრილი, გული – აბობოქრებული, ჩემი ცრემლებით კი მისი იასამნისფერი თავსაფარი იჟღინთებოდა…
„სულ რამდენიმე დღეა ვიცნობ და…
ჯერ გულისცემა აღმიდგინა…
მერე ცრემლები დამიბრუნა…
ახლა კი არ ვიცი, რის მიღწევას ცდილობს…“
– ლიზი… იცი, საპნის ბუშტები შეიძლება არ გასკდნენ, იფრინონ ძალიან დიდხანს… ლიზი… მისმენ? – მას აღარაფერი უთქვამს.
მე კი მთელი ღამე უსიცოცხლო სხეულმიკრულმა გავათენე, რომე-ლიღაც მაღალსართულიანი შენობის სახურავზე.

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s