Stokholm syndrome

Guilty_Crown_16_012

თავი პირველი
მირზას ერთადერთი ქალიშვილი, ლილი დაინვალიდდა.
მირზა ექიმი იყო.
მიუხედავად თავისი ფართო კონტაქტებისა სამედიცინო წრეში, საკუთარ ქალიშვილს, ვერაფერი უშველა. გოგონა 15 წლის ასაკში, ინვალიდის ეტლს მიეჯაჭვა…
გოგონა დეპრესიამ შეიპყრო და შინ გამოიკეტა.
მამას, რა საკვირველია, ძლიერ აწუხებდა შვილის ბედი, მაგრამ თავადაც უკვე იმედდაკარგული, ქალიშვილსაც აღარ აიძულებდა ექიმებთან სიარულს. შვილის ღიმილს მონატრებული კაცი მისგან შორს ყოფნას ცდილობდა. არ შეეძლო, თავისი სიცოცხლით სავსე გოგონას სახეზე ღრუბლისფერის ატანა. ამიტომ, ცდილობდა დროის დიდი ნაწილი სამსახურში გაეტარებინა, შინ კი ძირითადად მაშინ ბრუნდებოდა, როდესაც გოგონას ეძინა, დახედავდა ხოლმე მძინარე ქალიშვილს მირზა და ბედნიერებას გრძნობდა, როდესაც ხვდებოდა, გოგონას სახეზე ის საშინელი ფერი როგორ მკრთალდებოდა.
მირზას ცოლი დიდი ხნის წინ გაშორდა, ლილი მაშინ პატარა იყო. დედა არ ახსოვდა. არც ენატრებოდა. მამის სიყვარული კი მის სახეზე მარადიულ ღიმილს ათამაშებდა. იმ დღემდე, სანამ ეტლს არ მიეწება. გოგონას ბებია ზრდიდა, რომელსაც ლილი დედას უწოდებდა. მისი სამყარო სულ რამდენიმე ადამიანით შემოიფარგლებოდა, რომლებსაც გულწრფელ ღიმილს სჩუქნიდა ხოლმე და მათაც უფერადებდა ცხოვრებას…
ლილი ხატავდა.
კარგად ხატავდა.
პორტრეტების ხატვა უყვარდა.
ხატავდა მამას..
ბებიას…
და იმ რამდენიმე ადამიანს ვინც მის სამყაროში ცხოვრობდა…
მას შემდეგ, რაც ვიღაცამ ფეხები მოჰპარა, ხატვას მოუხშირა. იჯდა და ხატავდა. მაგრამ მის ნახატებს ძველებური, სიცოცხლის ელფერი აღარ დაჰკრავდა. თითქოს მისი ყველა ნამუშევარი სულგამოცლილი იყო.
მირზა ძალიან განიცდიდა ყველაფერს, რაც მის თავს ხდებოდა.
დალევა დაიწყო. თავიდან მხოლოდ თავისუფალ დროს სვამდა. ბოლოს სამსახურშიც. ვერ ეგუებოდა ერთადერთი ქალიშვილის განუზომელ ტკივილს და ყველაფრის ჩახრჩობას ცდილობდა ალკოჰოლში. ალბათ, არ იცოდა, რომ უარყოფითი ემოციები თევზებს ჰგავდნენ, თევზების დახრჩობა კი შეუძლებელია, პირიქით, ეს ალკოჰოლნარევი სითხე მათ მეტ გასაქანს აძლევდა. კაციც მეტად იტანჯებოდა.
ბედნიერების ნამცეციც კი აღარსად ეგდო.


***
იმ საღამოს, მირზა საავადმყოფოს მორიგე ექიმი იყო. ვესტიბიულში ვიღაც ბიჭი შემოვარდა, სახეზე სასოწარკვეთის ფერი ედო. ხელში თითქმის ნაფლეთებად ქცეული არსება ეჭირა, რომელსაც სიცოცხლის ელფერიც კი გაჰქრობოდა.
და რომლის სისხლიც ბიჭის სახესა და სხეულზე თითქმის მთლიანად ფარავდა სასოწარკვეთის ფერს.
ეს ნაფლეთებად ქცეული არსება, ოდესღაც გოგონა უნდა ყოფილიყო. რაზეც მისი მოსისხლისფრო თეთრი კაბა მეტყველებდა. ის რეანიმაციაში წაიყვანეს, ბიჭი კი ვესტიბიულის კედელთან ჩაკეცილი, ყველაფერს აწითლებდა, რასაც ეხებოდა.
იმ საღამოს, მირზას ძარღვებში სისხლზე მეტი ალკოჰოლი ჩქეფდა. საავადმყოფოს მედპერსონალი სრული შემადგენლობით ცდილობდა, სისხლი ძარღვებში დაებრუნებინათ და მავნე სითხე განედევნათ. თითქმის შეძლეს კიდეც. მირზა ბანცალ ბანცალით შევიდა საოპერაციოში. უსიცოცხლო ნაგლეჯის დანახვისას მამაკაცს გააჟრჟოლა და ამ ჟრჟოლას გაატანა სიმთვრალეც. წამის მეასედებში გამოფხიზლდა და გოგონას ოპერაცია გაუკეთა.
ზედმეტად ბევრი შიდა სისხლჩაქცევა იყო.
გამთენიისას გოგონას სულმა დატოვა ის ნაკუწები, რაც მისი სხეულისგან დარჩენილიყო.
გაირკვა, რომ ის სასოწარკვეთის ფერი ახალგაზრდა მისი საქმრო იყო. ისინი პარკში სეირნობდნენ, როდესაც ელვისსისწრაფით მომავალი მანქანა ბარდიურზე ავარდა, ბიჭს საყვარელი არსება ხელიდან წაჰგლიჯა და ნაკუწებად აქცია მისსავე ვალწინ.
მანქანის მძღოლი დააპატიმრეს.
თუნდაც მოეკლათ, ამით გოგონას სული სხეულის ნარჩენს ვერ დაუბრუნდებოდა.
ბიჭმა ყველაფერი “მთვრალ” ექიმს დააბრალა და უჩივლა.
ალკოტესტმა დადებითი პასუხი აჩვენა.
მირზა დროებით დააკავეს.
გოგონას ნარჩენის გაკვეთა მოითხოვეს.
გაკვეთეს.
მირზას ბრალი არ დადასტურდა და ის გაუშვეს…
სასოწარკვეთილმა ბიჭმა არ დაიჯერა, ექიმის უდანაშაულობა და დაიფიცა რომ მასზე შურს იძიებდა…
თავი მეორე
მირზასთვის სიცოცხლე გამოცლილი არსებები უცხო არ იყო, თუმცა მიჩვევა მათგან გამოწვეულ სევდას არ აქრობდა. გადაწყვიტა რამდენიმე დღე დაესვენა და დრო საყვარელ ქალიშვილთან გაეტარებინა. სურდა ეცადა მაინც მისთვის ღიმილის პატარა ნამცეცი მაინც დაებრუნებინა.
გოგონას ოთახში შევიდა:
-ლილი, საყვარელო არ გინდა გავისეირნოთ? -თან თვალის თვალში გაყრას თავს არიდებდა, -გარეთ კარგი ამინდია…
-მაპატიე მამა, ადგომა არ შემიძლია…-ისე უპასუხა თავიც არ აუწევია მუხლებიდან, სადაც ფურცლები ელაგა და რაღაცებს ხატავდა.
-ვიცი, მაგრამ ეს აუცილებელი არაა…
-არის…-აგრძელებდა გოგონა ხატვას.
-გთხოვ…
-არა…-წაიჩურჩულა გოგონამ. იმედგაცრუებული მამაკაცი კარისაკენ გაბრუნდა. უკვე ურდულის ჩამოწევას აპირებდა როდესაც საყვარელი ქალიშვილის ხმა კიდევ ერთხელ ჩაეღვარა ყურებში.
-თუ სასეირნოდ წამოვალ აღარ იქნები ლოთი?- გოგონას მზერა ფურცლებს მოსწყვეტოდა და მამის თვალებს უჭვრეტდა.
-გპირდები…-უთხრა კაცმა გოგონას, მისი ეტლის წინ ჩაიმუხლა და გულში ჩაიკრა…
***
მართლაც, არაჩვეულებრივი ამინდი იყო…
არც ციოდა.
არც ცხელოდა.
არც წვიმდა.
არც თოვდა.
უბრალოდ სასიამოვნოდ ეხამებოდა სითბო და სიგრილე ერთმანეთს. ამბობენ, ოქროს შუალედი არსებობსო…
ეს სწორედ ის შემთხვევა იყო.
ეს იყო ოქროს შუალედი!
გოგონას ცხოველები უყვარდა. მამამ ეს კარგად იცოდა, ამიტომ ზოოპარკში წაიყვანა. კაცს კარგად ახსოვდა, როგორი აღტაცებული იყო ლილი, როდესაც ბოლოს ერთად იყვნენ ზოოპარკში. სურდა, ახლაც გაებრწყინა მის სახეზე მაშინდელი აღტაცების მსგავს თუნდაც პატარა ნაპერწკალს. მაგრამ გოგონა მხოლოდ ნაძალადევად იღიმოდა ვოლიერებთან.
მირზა თავს იმით იმშვიდებდა, რომ ეს მხოლოდ პირველი გასვლა იყო სახლის ზღურბლს მიღმა, მას შემდეგ რაც…
რაც…
რაც გოგონა აღარ იღიმოდა!
ისინი სხვა დროსაც გაისეირნებენ ხოლმე…
წავლენ დელფინარიუმში…
ცირკში…
კინოში…
თეატრში…
ყველგან…
პირველი ნაბიჯი უკვე გადადგმული იყო და აღარ მისცემდა უფლებას საკუთარ თავს, რომ საყვარელ შვილთან ისევ გაუცხოებულიყო!
შინ რომ დაბრუნდნენ, კართან ბებია შეეგებათ. სახლში კი მისი “საფირმო” ღვეზელის სურნელი ტრიალებდა.
-როგორ მოგეწონა გასეირნება?-ჰკითხა ბებიამ გოგონას, თან მაგიდას შლიდა.
-ძალიან…
-ალბათ დაიღალეთ და მოგშივდათ, ღვეზელები გამოგიცხეთ…
-მე და მამამ კაფეში შევიარეთ, არ გვშია…-გაიღიმა გოგონამ. ბებიას სულ ცოტა დააკლდა რომ ბოლო ხმაზე არ აქვითინებულიყო. ეს არ იყო ლილის ძველებური, სიცოცხლით სავსე ღიმილი, მაგრამ ამასაც მონატრებული ქალი, თავს ბუმბულზე მჩატედ გრძნობდა.
-კაფეში ჩემნაირ ღვეზელებს არ აცხობენ… -გაუღიმა ბებიამ, თან ცდილობდა თვალები არ დაეხამხამებინა, რომ მასში ჩაგროვილი ცრემლები არ დაეღვარა.
-იცი რა? მგონი ბებია მართალს ამბობს…-თვალი ჩაუკრა მამამ გოგონას და მაგიდას მიუჯდა…
გოგონამ კიდევ ერთხელ გაიღიმა და მაგიდასთან მიგორდა.
ეს კიდევ ერთი პროგრესი იყო, “იმ ამბის ” შემდეგ გოგონა პირველად ვახშმობდა ოჯახის წევრებთან ერთად.
ის თავის ოთახს გასცდა.
***
მირზას სიცოცხლის ხალისი დაუბრუნდა და ახლა მხოლოდ იმას ნანობდა, რომ აქამდე არ უთხოვია ქალიშვილისთვის სადმე გასეირნება.
რამდენიმე დღე სხვადასხვა ადგილებში დადიოდნენ.
საღამოობით კი მთელი ოჯახი ერთად ვახშმობდა.
ყველაზე დიდი ბედნიერება კი მაშინ განიცადა ოჯახმა, როდესაც საუზმის დროს ლილი შეგორდა სამზარეულოში:
-შეიძლება თქვენთან ერთად ვისაუზმო?
-რა თქმა უნდა საყვარელო, -უპასუხა ბებიამ და სწრაფად დაუდო წინ გოგონას საყვარელი ფინჯნით ჩაი.
-მამა დღეს მუშაობ?
-ჰო საყვარელო, უფროსმა დამირეკა. ბევრი დასვენება აზარმაცებსო…-გაიღიმა კაცმა.
-არაუშავს…-თქვა გოგონამ სევდიანი ღიმლით.
საუზმობა რომ დაამთავრეს, მირზამ გოგონას აკოცა და სახლიდან გავიდა. ბებია მაგიდას ალაგებდა. უცებ ლილიმ რაღაც წაიბურდღუნა:
-ბებია, არ შეიძლება მე და შენ რომ გავისეირნოთ სადმე?-ქალმა სიხარულისაგან ცრემლები ვეღარ შეიკავა და შვილიშვილი გულში ჩაიკრა.
-რა თქმა უნდა შეიძლება…
თავი მესამე
ქალს ჭურჭელიც არ გაურეცხავს, სასწრაფოდ ჩაიცვა პირველივე კაბა, რომელიც ხელთ მოხვდა. გოგონასაც დაეხმარა ჩაცმაში და დერეფანში გამოაგორა.
სასეირნოდ წავიდნენ.
-შეიძლება ბამბის ნაყინი შევჭამოთ?-იკითხა გოგონამ, -ადრე მიყვარდა…
-რა თქმა უნდა ძვირფასო…-დაუყვავა ბებიამ, – რა ფერის გინდა?
-მწვანე… შენ?
-მეც მწვანეს შევჭამ, ვენდობი შენს გემოვნებას…
ქუჩაში საკმაოდ ცხელოდა. ბამბის ნაყინმა დნობა დაიწყო.
-ბებია, ცოტა სწრაფად შეჭამე, თორემ დაგიდნება…
ქალიც შვილიშვილის გამხიარულების მიზნით, უზარმაზარ ნაგლეჯებს იტენიდა პირში. გოგონამ ისევ გაიღიმა. თუმცა, ეს ისევ არ ყოფილა ძველებური ღიმილი… მისგან ბევრად განსხვავებული, მოკრძალებული იყო…
ისეირნეს. დასასვენებლად ერთ სკვერს მიაშურეს, ბებია სკამზე ჩამოჯდა და თამბაქოს ღერს ამაყად გაუკიდა. იმედი, რომელიც დიდი ხნის მკვდარი ეგონა, მკვდრეთით აღსდგომას ლამობდა… ლილის თანატოლი გოგო-ბიჭები წყვილწყვილად სეირნობდნენ. თითოეული მათგანის ჩავლისას გოგონას სახეზე სევდისფერი მუქდებოდა. ქალმა შეამჩნია, რომ ოთახიდან გამოყოლილი არასასიამოვნო ფერი ნელ-ნელა ისევ ლიცლიცდებოდა შვილიშვილის მკრთალ სახეზე, ამიტომ საუბრის წამოწყება სცადა:
-დღეს რაღაც ძალიან ცხელა არა?-თან ორი თითით წელავდა კაბის საყელოს…
-ბებია, არ მინდა შენთან ამინდზე საუბარი… – ისე უპასუხა, რომ არცკი მოუშორებია თვალი ჩახუტებული, მოსეირნე წყვილისთვის, -ეს სასაცილოა…
-მაშინ რატომ არ იცინი, ძვირფასო?-ჰკითხა ბებიამ, -სიცილი სიცოცხლეს ახანგრძლივებს…-გაღიმება სცადა.
-ნაოჭებს რომ აჩენს?
-ნაოჭებს ეშველება…-გაიცინა ქალმა, – მაინც რაზე გინდოდა ჩემთან ლაპარაკი…
-ბიჭებზე…-“ოღონდ ეს არა…” გაიფიქრა ქალმა და რაღაც სევდით გაჟღენთილი ბურთულა გადაყლაპა…-შენ ხომ ქალი ხარ?
-კი, ქალი ნამდვილად ვარ, მაგრამ ბიჭებში, თანაც ახლანდელ ბიჭებში კარგად ვერ ვერკვევი…
-ბაბუა როგორ გაიცანი?-ეს უდაოდ ის კითხვა იყო, რომელიც შვებით ამოსუნთქვის უფლებას აძლევდა. ამაზე შეეძლო ბევრი ესაუბრა. შეეძლო ეცადა, თემა ნელ-ნელა, შეუმჩნევლად შეეცვალა.
-მაშინ სხვანაირად ხდებოდა…
-როგორ?
-გარიგებით…
-ჰო, მსმენია ამის შესახებ, ბაბუა გაგირიგეს?-იკითხა ინტერესით სავსე თვალებით გოგონამ.
-არა, ბაბუას სკოლიდან ვიცნობდი, ერთ მერხთან ვისხედით. სტუდენტობისას ვიღაც გამირიგეს, მე ავტირდი და ბაბუაშენს მოვუყევი, იმან მითხრა, არ ინერვიულო, დღესვე მოგიტაცებო…
-მოგიტაცა?-გაოცებით ჩაეძია გოგონა…
-მოტაცებას ვერ დავარქმევდი, ალბათ, უფრო გავიპარეთ, ჩემი ნებით ჩავუხტი მანქანაში, ძალა არ დაუტანებიათ…
-ვინც გაგირიგეს ის არ გაბრაზდა?
-ალბათ, გაბრაზდებოდა, მაგრამ მაშინ ხშირი იყო ასეთი შემთხვევები…
-ახლა არ იტაცებენ?
-არ ვიცი, სადმე ნაკლებად ცივილიზებულ სოფლებში შესაძლოა, მაგრამ ჩვენთან არა… ეს ჩვეულებრივი დანაშაულია, ციხეში სვამენ ამის გამო…
-თუ გოგო შენსავით თავისით ჩაუხტა მანქანაში მაინც?-გაეცინა გოგონას…
-ამდენი არ ვიცი, იურისტი ხომ არ ვარ?-გაეცინა ქალსაც, -ალბათ არა…
-რატომ იჭერენ სიყვარულის გამო?
-ეს სიყვარული არ არის, კანონის მიხედვით, თავისუფლების შეზღუდვაა. არ აქვს მნიშვნელობა რისთვის იტაცებენ, ცოლად უნდათ თუ გამოსასყიდის მოსათხოვად, ორივე დანაშაულია. ორივე ისჯება.
-ბებია, იცი ადრე შეყვარებული მყავდა… – გოგონას თვალები ოთახისფრად დასევდიანდა, -იმ შემთხვევამდე…
-მართლა? არ ვიცოდი… კარგი ბიჭია?
-იყო…
-დაშორდით?
-არა, მიმატოვა. ინვალიდი შეყვარებული რად უნდა?-ატირდა გოგონა. ისეთი წრფელი და წმინდა იყო მისი ცრემლები, წყაროს წყალზე ანკარა. წვიმის წვეთებივით ცვიოდა,
ასფალტზე,
ეტლის ბორბლებზე,
გოგონას უძრავ მუხლებზე,
ოდნავ გამობურცულ მკერდზე…
ეცემოდა გახურებულ ასფალტზე და თვალსა და ხელს შუა ქრებოდა. შრებოდა. ის იწოვდა წმინდა ცრემლებს. ალბათ, სიცხის ბრალი იყო. დედამიწის მიერ უმალ შესრუტული ცრემლები თოვლის ფანტელებს ჰგავდა, გახურებულ ხელის გულს რომ ეცემა და უმალ დნება. ქრება.
-არ იტირო, საყვარელო… -მის წინ ჩაიმუხლა ბებია და ახლა დედამიწის მსგავსად ისიც ცდილობდა შეეწოვა ეს წმინდა სითხე საკუთარი კაბის ბოლოთი.
-ინვალიდი არ უნდოდა…
-ასე გითხრა?
-არა, მაგრამ მიმატოვა…
-იქნებ სხვა მიზეზი ჰქონდა?
-გოგონებმა მითხრეს, იცის რომ ოთახში ხარ ჩაკეტილი და შენი შეწუხება არ უნდა, ფიქრობს რომ მომჯობინდება მერე ვნახავო…
-აბა რაღატომ დარდობ, მან ხომ არ იცის რომ მომჯობინდი?
– დავინახე…
-ვინ დაინახე, ჩემო თოჯინა?-ბებია ძლივს იკავებდა ცრემლებს.
-ცოტახნის წინ დავინახე… -წყვეტილ-წყვეტილ ლაპარაკობდა და ჰაერს ხარბად ისრუტავდა, -იმ ძროხასთან ერთად დავინახე, იმ ძროხაში გამცვალა…
-არ გრცხვენია ლილი? იმის გამო ტირი ვინც ძროხაში გაგცვალა? ჩემი პატარა სულელი თოჯინა…
-ასე ნუ მეძახი, პატარა აღარ ვარ!
-დამშვიდდი, გენაცვალე… -ამშვიდებდა ბებია და ხელის გულს გულმკერდზე უსვამდა, სულ ასე იქცეოდა, როდესაც გოგონა ანერვიულდებოდა ხოლმე. თითქოს, მისი უარყოფითი ენერგიის განდევნას ცდილობდა ამ მაგიური ხელის მოძრაობით. გოგონას მთელი ბავშვობა სწამდა, რომ ბებიას ეს ქმედება იწვევდა ხოლმე მის დაწყნარებას როცა ტიროდა. ბევრჯერ მიურბენია პატარა, მუხლგადაყვლეფილ, ატირებულ გოგონას ბებიასთან, გულამომჯდარი რომ სლუკუნებდა გაურკვეველ სიტყვებს, თან გულზე ხელს იდებდა და ქალს ანიშნებდა, “გააგდე ტირილიო”. ბებიაც უმალვე იშიშვლებდა ხელის მტევნებს და რაღაც მაგიური მოძრაობით განდევნიდა ხოლმე გოგონას ტირილს. ახლაც განდევნა. -ძვირფასო, ბიჭი, რომელსაც ძროხა მოსწონს შენ არ შეგეფერება, ამაზე არც უნდა იდარდო…
-მართალი ხარ ბებია, -გაიღიმა გოგონამ და უკანასკნელი, თვალის უპეებში ჩარჩენილი ბოლო წვეთი წმინდა სითხეც დააქცია. მერე ბებიას მიეკრა გულზე.
სიმშვიდე.
***
-შეიძლება ხვალაც რომ გავისეირნოთ?-იკითხა გოგონამ.
-რა თქმა უნდა საყვარელო, ამინდები ხელს გვიწყობს…
-ისევ ამინდზე ალაპარაკდი…-გადაიკისკისა გოგონამ. ბებიას სახეზე მხოლოდ გაოცების ფერი იყო. გაოცების, რომლისგანაც გონება დაბინდულს, არ შეეძლო სიხარულის გამოხატვა შვილიშვილის სახეზე დაბრუნებული “ნამდვილი ღიმილისაგან” რომ იყო გამოწვეული და მთელს სხეულს აცეკვებდა შიგნიდან.
ბედნიერება ყოველთვის წამიერია.
მას კი უბედურება ახლავს ხოლმე.
ბედნიერების საფასური ხანგრძლივი ტანჯვაა.
წამიერი ბედნიერებისთვის უნდა გადაიხადო!
ხმაური.
ყვირილი.
კივილი.
თვალებში ბნელეთ ჩაგუბებული ბებია.
მანქანები.
პოლიცია.
სასწრაფო.
ბრბო.
და ლილის ცარიელი ეტლი.
გამძვინვარებული ბრბო ჩურჩულებდა. უამრავ რამეს ამბობდა. თითქმის სიცოცხლე გამოცლილმა ქალის სხეულმა მხოლოდ ერთი სიტყვა შეიწოვა:
“მოიტაცეს!”
ეს სიტყვა გონებამ ალბათ მილიონნაირად შეატრიალა და მთელი გონება მისი სახესხვაობებით გადაჭედა.
“მოიტაცეს!”
“გაიტაცეს!”
“მოიპარეს!”
…….
თავი მეოთხე
სიბნელე და ბურუსი გაიფანტა ლილის თვალებში.
ჩაბნელებული ოთახის მტვრიან დივანზე იწვა ხელ-ფეხშეკრული და პირზე წებვადლენტაკრული. ირონიული იყო. გოგონას შიშზე მეტი ირონია შეუძვრა სხეულში.
სასაცილო იყო…
წებვადი ლენტი და ხელები გასაგები იყო თითქოს, მაგრამ ეს ფეხების შეკვრა რომელ ჭკვიანს მოუვიდა თავში აზრადო, ფიქრობდა.
ირგვლივ არაფერი იყო ლამაზი. მხოლოდ ერთი ბინძური შინდისფერი დივანი, რომელსაც ის მისჯაჭვოდა და დაღრეცილი სკამი მისგან მოშორებით.
ჭერზე ობობის ქსელში გახვეული ნათურაც ეკიდა, მაგრამ ჩამქვრალი იყო. სინათლის სხივი მხოლოდ პატარა სარკმლიდან შემოდიოდა, ეს სარკმელი ერთადერთი იმედის წყაროსავით იყო მოპირდაპირე კედლის ჭერის შესართავიდან რომ იმზირებოდა.
რკინის კარი აჭრიალდა და ოთახში ჩრდილი შემოვიდა. საკმაოდ მაღალი ჩანდა. სახეზე რაღაც სულელური ნიღაბი ჩამოეფხატა. კოხტად ეცვა. მაგრამ ეს სულელური ნიღაბი სრულიად შეუსაბამო იყო.
ის დაღრეცილი სკამი ამოიდო ფეხებს შუა და გოგონას წინ დაჯდა. ხელში უზარმაზარი დანა ეკავა, მეორე ხელი კი ნელა წაიღო ლილის ბაგესთან და შეჩერდა:
-თუ იყვირებ მოგკლავ!-ახლა კი ირონია, რომელიც ლილის სხეულში იყო გამეფებული შიშმა დაჩაგრა და გოგონას შავი თვალები გაუფართოვდა. თანხმობის ნიშნად თავი დაუკრა. ნიღბიანმა ჩრდილმა ლენტი მოხსნა.
გოგონამ სწრაფად შეანერწყვა სახეზე.ამაყად ჩაეღიმა გაიფიქრა, “რა კარგი მიზანი მქონიაო…”
-შენ მითხარი არ მეყვირა, “შეფურთხება” შეთანხმებაში არ შედიოდა…-ირონია, რომელიც სხეულში იყო ჩაგუბებული, ნელ-ნელა გოგონას სახეზე გადმოიღვარა.
-ნიღაბი დამისვარე, -უთხრა ჩრდილმა მშვიდად და ნერწყვიანი, სულელური ნიღაბი მოიხსნა.
-ასე მოქცევა არ შეიძლება, შემიძლია ამოგიცნო და დაგიჭერენ… თავისუფლების შეზღუდვისთვის.
-თუ გააღწევ ამ სარდაფიდან, შესაძლოა ასეც მოხდეს… ყოველშემთხვევაში მთლიანი…
-რას გულისხმობ?-ისევ შიში.
-ნაწილ-ნაწილ ვაპირებ მამაშენისთვის შენი სხეულის ნაწილების გაგზავნას, -გაუღიმა ბიჭმა, რომელიც ცოტა ხნის წინ მხოლოდ ჩრდილი იყო.
-რისთვის მომიტაცე, ფული გინდა თუ ჩემი ცოლად შერთვა?-ისევ გადაერთო გოგონა ირონიის ტალღაზე, -თუმცა არ აქვს მნიშვნელობა, მაინც დაგიჭერენ…
-ოპტიმისტი ყოფილხარ…
-შენ კი ავადმყოფი…-დაემანჭა გოგონა.
-გეყოფა ყბედობა, -ბიჭმა გულის ჯიბიდან მობილური ტელეფონი ამოიღო და გაუწოდა, -მამაშენს დაურეკე…
-რა ვუთხრა?
-არაფერი, მე ვეტყვი რაც საჭიროა, შენ დარეკე…
-რა გინდა მამაჩემისგან…-გოგონას სხეულში სევდა შეიჭრა და ცრემლები გამოიწვია.
-შენი საქმე არაა!
-ჰოდა არ დავრეკავ, -ასლუკუნდა გოგონა…
-მოგკლავ!-იყვირა ბიჭმა…
-სულ ერთია…
ბიჭი აშკარად არ ელოდა ასეთ პასუხს 15 წლის გოგონასგან, არც იმას ელოდა, რომ ის არ იქნებოდა შეშინებული და უფრო მეტიც, ვერ წარმოედგინა, თუ გამტაცებლის დაცინვას დაიწყებდა.
გოგონა ტიროდა.
თან ძლივს გასაგონად ბურდღუნებდა რაღაცას…
ბიჭი გაღიზიანდა, უნდოდა მისთვის დაერტყა, მაგრამ ისეთი უსუსური იყო, ვერ შეძლო. შეშინებულ ბაჭიას ჰგავდა, გული ამოვარდნას რომ აქვს, მთელი სხეულით რომ ფეთქავს, სწორედ იმ ბაჭიას… ცდილობდა წარმოედგინა, რომ ეს უცოდველი არსება თავისი ძვირფასი საცოლის სიკვდილში იყო დამნაშავე… დაღრეცილი სკამიდან სწრაფად წამოხტა დანა ძირს დააგდო, სკამი ხელში აიღო, მაღლა ასწია, უნდოდა გოგონასთვის ჩაერტყა, მაგრამ ის ისეთი უსუსური იყო… როგორც ზემოხსენებული ბაჭია…
გოგონამ ტირილი და ბურდღუნი შეწყვიტა, თვალები მოძალადეს მიაპყრო. ეს არ იყო შეშინებული მზერა, არც გაბრაზებული. ყველაზე მეტად ინტერესისფერი იყო მისი ცრემლში ამოსვრილი შავი თვალები. მას აინტერესებდა, მართლა ჩაარტყამდა თუ არა ბიჭი სკამს. მას აინტერესებდა რამდენად ძლიერი იყო მისი გამტაცებელი.
სუსტი აღმოჩნდა…
ბიჭმა ვერ შეძლო უსუსურ გოგონაში მტერი დაენახა და ამან ის უფრო მეტად გააცოფა. სკამით ხელაპყრობილი კედლისკენ მიბრუნდა და მასვე შეანარცხა.
აღრიალდა.
პირგამეხებული გაიჭრა რკინის კარისაკენ, სკამის ნამსხვრევებს ძლიერად აბიჯებდა და უფრო აქუცმაცებდა. კარის ზღურბლს გადააბიჯა და კარი გაიჯახუნა.
რკინის კარმა ვერ შეძლო ბიჭის ქვითინის შეკავება.
ბიჭის ქვითინმა გოგონა არ გააოცა, პირიქით გააბრაზა.
უნდოდა ეყვირა ის რასაც ფიქრობდა, მაგრამ მდუმარების შეთანხმება არ დაარღვია და გონებაში აყვირდა:
“მშიშარა”…
“უმაქნისი…”
მერე იატაკზე შემთხვევით თვალი მოჰკრა ბიჭის უზარმაზარ დანას, რომელიც ცოტა ხნის წინ ხელში ეკავა, შემდეგ კი იატაკზე დააგდო. საკმაოდ შორს ეგდო. გოგონამ ძალ-ღონე არ დაიშურა და დივნიდან იატაკზე დაენარცხა. თვითონაც არ იცოდა როგორ შეძლო დაბმულმა დანასთან მიხოხება.
თოკები გადაჭრა.
დივანზე დაბრუნება კი ვეღარ შეძლო.
***
რამდენიმე საათის შემდეგ, რკინის კარი ისევ ახმაურდა. მამაკაცმა ობობის ქსელებში აბურდული ნათურა აანთო. დაინახა, როგორ ეგდო გოგონა იატაკზე. თანაც თავისუფალი. მისკენ გადადგა ნაბიჯი.
-არ მომიახლოვდე, მოგკლავ!- უთხრა გოგონამ და ხელში მისივე დანა აათამაშა. ბიჭს გაეცინა.
-აქედან როგორღა აპირებ გასვლას?
-არ ვაპირებ!
-აბა მხოლოდ ჩემი მოკვლა გინდა?
-შენც ხომ გინდოდა ჩემი მოკვლა, ერთით-ერთი!-გაუღიმა გოგონამ.
-დადე ეგ დანა და გამოაცურე, დივანზე დაბრუნებაში დაგეხმარები…
-არ მჭირდება შენი დახმარება, -უთხრა გოგონამ ზიზღით, -შენი არაფერი მჭირდება!-დანა მაღლა ასწია და ბიჭს ესროლა, – ეს დანა დაგრჩა!
ბიჭი სწრაფად გაიწია გვერდზე, მართალია, მიზანი ნერწყვივით ზუსტი არ იყო, მაგრამ ეს ინსტინქტი იყო თვით გადარჩენისა, რომელიც ბიჭის სხეულმა მისი ნებართვის გარეშე ჩართო.
-რომ მომხვედროდა მოგკლავდი, -უყვირა ბიჭმა და მიუახლოვდა, ხელი მაჯაში მჭიდროდ ჩასჭიდა და სილა გააწნა.
-ხელი მეტკინა, გამიშვი, – განაგრძობდა გოგონა მშვიდად ლაპარაკს…
-მხოლოდ ხელი?-უთხრა ბიჭმა და მეორე მაჯაც ისეთივე ძალით მოიმწყვდია დატორილ ხელში, როგორც პირველი.-შენი აზრით რატომ დაგარტყი?
-რომ მტკენოდა…-გოგონას თავი ჩაექინდრა და მოძალადეს ზედაც არ უყურებდა, მერე ნელა ასწია თავი და თვალი თვალში გაუყარა, -შენ მხოლოდ ტკივილი შეგიძლია მომაყენო, მოკვლით კი ვერ მომკლავ. ძლიერი ტკივილის მოყენებაც კი არ შეგიძლია… ყველაზე უსუსური და მშიშარა მოძალადე ხარ…
-ასე გგონია?-ჰკითხა ბიჭმა ამრეზით და უფრო ძლიერად მოუჭირა ხელი, მერე ხელის მტევნები ნელ-ნელა ზემოთ ააწევინა. სიცოცხლე გამოცლილ ფეხებზე წამოაყენა. თან გოგონას ტკივილს უყურებდა.
-არ მგონია, ზუსტად ვიცი…-არ ნებდებოდა ლილი.
-ავადმყოფი მე კი არა შენ ხარ!-უთხრა ბიჭმა და ხელები გაუშვა, გოგონა ისევ იატაკზე დაენარცხა, მაგრამ ერთი ცრემლიც არ გამოუწვევია მასში ტკივილს.
გამტაცებელი ნელი ნაბიჯებით მიუახლოვდა და ხელში აიყვანა. გოგონას ბრძოლის ძალა აღარ შერჩენოდა და ენერგიაც მთლიანად გამოსცლოდა. მხოლოდ ძლივს გასაგონი ხმით ბურტყუნებდა:
-მომაშორე შენი ბინძური ხელები…. მომაშორე ხელები.. ბინძური ხელები… ბინძური…
-როგორც გინდა, -ირონიული ღიმილით უთხრა მოძალადემ და დივანთან მიახლოებულმა, მსხვერპლს ხელი გაუშვა. გოგონას მბჟუტავი თვალები მომენტალურად განათდა ჰაერში, დივანზე დაცემის შემდეგ კი საბოლოოდ ჩაქრა.
-საჭმელს მოგიტან…-უთხრა ბიჭმა, მერე იატაკზე დაგდებული დანა აიღო, ნათურა მოკლა და რკინის კარი გაიხურა.
თავი მეხუთე
მირზა ისევ გალოთდა…
რა მარტივია ტკივილთან დანებება, და რა რთული მასთან ბრძოლა…
კაცს ბრძოლის სურვილი სულ ცოტა ხნის წინ დაუბრუნდა, მაგრამ ენერგია, რომელსაც ტკივილთან ბრძოლა მოითხოვდა დიდი ხნის წინ გაცამტვერებულიყო.
ბებია გამუდმებით ტელეფონთან ათენ-აღამებდა, იმედი ჰქონდა რომ ლილიზე რამეს შეიტყობდა, მაგრამ ეს ამაო გაბრძოლება იყო ავხორცი ცხოვრების წინაღმდეგ, ცხოვრების, რომელიც ერთობოდა უბრალო მოკვდავებით. ზოგს უსაზღვრო ბედნიერებას ანიჭებდა, ზოგს კი იმავე დოზის უბედურებას ჩაუწვეთებდა ხოლმე სისხლში და ეს შხამიც სწრაფადვე ნაწილდებოდა მთელ სხეულში პატარა მილების გავლით, ბოლოს კი შიგ გულში ერჭობოდა ისრად, სწორედ ამ ისრით მიყენებული ტკივილის გამო იკუმშებოდა ხოლმე გულიც. ზოგჯერ სწრაფად, ხანაც შეუმჩნევლად. ეს ავხორცი მარადიულობა იმათაც არ ახარებდა, ვისაც ოდესღაც ბედნიერება მიანიჭა, მწვერვალზე მყოფთ უკნიდან ეპარებოდა და ხელის ერთი ნაზი მოქნევით შიგ ხრამში ჩეხდა.
საბოლოოდ კი ბედნიერება არ არსებულისკენ სწრაფვას უფრო ჰგავდა, ვიდრე რეალურ ანტიდოტს იმ შხამისათვის სისხლძარღვსა თუ ნებისმიერ პატარა კაპილარში რომ იყო საამაყოდ გაბნეული.
ბებიას თვალზე ცრემლი არ შრებოდა, ისევე როგორც მირზას ბაგეზე ალკოჰოლი.
***
ტელეფონმა დარეკა, იმედდაკარგულმა ბებიამ უღიმღამოდ უპასუხა. თითქოს ენა გადაეყლაპაო, ხმა ვერ ამოიღო და მხოლოდ მოსმენას დასჯერდა. საგულდაგულოდ დაბოხებული ხმა ატყობინებდა რომ ლილი მას ჰყავდა და ნაწლ-ნაწილ აპირებდა ფოსტით გამოგზავნას, რადგან მთვრალმა ექიმმა მის საცოლეს, მის სიყვარულს,, მის ბედნიერებას ვერ უშველა… ექიმი საკუთარი ბედნიერებით აგებდა პასუხს… ბოხმა ხმამ ყურმილი დაანარცხა და მიჩუმდა. ბებიას კი ის ისევ ხელში ეჭირა და ადგილზე გაყინულიყო, ხმას ვერ იღებდა, ვერც ინძრეოდა. სული შიგნიდან კიოდა, ქალს კი ცრემლებიც გამოლეოდა… ბოლოს აკივლებულმა სულმა სხეული გაბერა და გახეთქა, სულის არაამქვეყნიური ხმა სხეულს გასცდა და ჩვენს სამყაროში გაიბნა. ქალმა კი გონება დაკარგა.
როდესაც თვალი გაახილა ალკოჰოლით გაჟღენთილი მირზა სასთუმალთან დალანდა. თავჩაქინდრული. უფრო სევდიანი ვიდრე ოდესმე. მანაც შეამჩნია ქალის ამღვრეული, მაგრამ გახელილი თვალები და შეეცადა გაეღიმა:
-დედა, ყველაფერი კარგად იქნება…
-აღარაფერი იქნება კარგად ლილის გარეშე…
-ლილის დავიბრუნებთ,-უთხრა მამაკაცმა და თავის ტორებში მომწყვდეული ქალის გამხმარი ხელი ტუჩებით შეათბო.

თავი მეექვსე
მოძალადემ რკინის კარი გააჭრიალა და ბინძურ ოთახში შეაბიჯა. ლილის სახე დაემანჭა და გაეღვიძა. ბიჭს ხელში ფუნთუშები ეკავა.
-საჭმელი მოგიტანე, ცხელია…
-არ მშია, -თქვა გოგონამ და თავზე ხელი ძლიერად მიიჭირა, თითქოს რაღაც მაგიური მოძრაობით ტკივილის შეკავებას ცდილობდა, ისევე როგორც ბებია აკეთებდა ხოლმე ამას , როცა ლილი ტიროდა,- დიდხანს მეძინა?
-2 დღე, თითქმის,-თქვა ბიჭმა და ერთი ფუნთუშა ცხოველივით გაგლიჯა,-რა გაეწყობა, თუ არ გშია მე შევჭამ….
ლილის ნერწყვი მოადგა, მაგრამ დანებებას არ აპირებდა. ამიტომ სასაუბრო თემა შეცვალა და შეეცადა ბიჭისთვის, რომელიც აღტაცებით ილუკმებოდა თვალი აერიდებინა.
-მე პატიმარი ვარ?
-რაღაც მსგავსი…-უპასუხა პირგამოტენილმა ძლივს გასაგონად.
-პატიმარს ხომ აქვს ერთი ზარის უფლება? -გამარჯვებულის გამომეტყველებით შეხედა ბიჭს,- ნორმალურად ჭამა არ შეგიძლია? გულისამრევია…
-ნორმალურად შენ ჭამე, არ მინდა დროზე ადრე მოკვდე, შიმშილით… რაც შეეხება ზარს, -ჩაფიქრდა ბიჭი,- შენ ზარის უფლება არ გაქვს, პატიმარი კი არა მძევალი ხარ… მძევლებს არ აქვთ ზარის უფლება,-უთხრა ამაყი სახით მოძალადემ და თვალი ჩაუკრა,-შეჭამე!- პოლიეთილენის დაორთქლილ პარკში ჩალაგებული ფუნთუშები დივანზე დაყარა და კარისკენ გაბრუნდა.
-ავადმყოფო, მეზიზღები, გაეთრიე!-აყვირდა ლილი , ცელოფანს დასწვდა და ბიჭს ესროლა.
-ეს ცუდია, ცუდი საქციელია… შეგიძლია იშიმშილო, ფეხებზე მკიდია… საქმეს გამიადვილებ, თუ შენი ნებით მოკვდები…
-რა თქმა უნდა, -ჩაიცინა გოგონამ ირონიულად,-შენ ხომ მოკვლაც არ შეგიძლია?
-გაჩუმდი!-იყვირა ბიჭმა და ლილის სილა გააწნა. ეს იმდენად მოულოდნელი იყო პატარა, დაუცველი გოგოსთვის, რომ თავიდან ვერ გააცნობიერა რა მოხდა და გაშეშდა, შემდეგ კი როდესაც მთელმა სხეულმა აღიქვა მომხდარი, უზარმაზარ შავ თვალებში წყლის წვეთებმა იწყეს ჩაგუბება. ეს პროცესი ისეთი ამაღელვებელი და სათუთი იყო… ბიჭს თითქოს სინდისის მონათესავე მატლი შეუძვრა გონებაში და ტვინის ჩიჩქნა დაიწყო. მერე მექანიკურად უკან დაიხია…
-მაპატიე, გეტკინა?
-გაეთრიე!-ამოისლუკუნა გულამოსკვნილმა გოგონამ…
-როგორც ინებებ პრინცესა…-ისევ შეეცადა ირონიის გამობრწყინებას, მაგრამ ამ სიტყვებში ირონიაზე მეტი სხვა რამ იყო… რაღაც უცნაური გრძნობა… რომელიც სავარავუდოდ ტვინის გადაგვარებამ გამოიწვია, იმ მატლის მიერ მისი დეფორმაციის გამო…
რამდენიმე დღე ისე გავიდა ლილის არც ხმა ამოუღია და არც რამე უჭამია. ბიჭს იმის გაფიქრებაზეც კი ჟრუანტელი უვლიდა, რომ ეს პატარა არსება შესაძლო იყო მართლა მომკვდარიყო… აფექტის მდგომარეობაში მყოფმა ბიჭმა ეს მართლაც დაგეგმა, მაგრამ ახლა… ახლა, როდესაც მასთან რამდენიმე დღე გაატარა… არ შეეძლო. ეცოდებოდა.
15 წლის გოგონა, რომელსაც სიცოცხლის ფერი ისედაც გაჰქრობოდა, ნელ-ნელა მკვდრის ფერი ხდებოდა.
***
მეშვიდე დღეს, გაცეცხლებულმა ბიჭმა რკინის კარი წიხლით შეაღო და გოგონას დივანთან ჩაიმუხლა. გოგონა ჭერს მიშტერებოდა, მისი თვალები არაფრისმეტყველი იყო. ცრემლი – საგულდაგულოდ ამომშრალი. ბიჭმა ისევ სილა გააწნა. რეაქცია არც ამ ქმედებას მოჰყოლია. ბიჭმა ზურგჩანთა მოიხსნა და იატაკზე დააგდო. მერე ჩაქუჩი ამოიღო და ლურსმანი კედელზე მიაჭედა. გოგონას თვალები უმეტყველობის პოზიციას იცვლიდა და ნელ-ნელა კედლისკენ ბრუნდებოდა.
-გაინტერესებს რას ვაკეთებ?-ჰკითხა გაღიზიანებულმა ბიჭმა,-საჭმელს გაჭმევ… თუ ნებით არა, მაშინ ძალით.
-საქმეს გიმარტივებ, შენ ხომ გინდა მოვკვდე?-რამდენიმე დღის მანძილზე, გოგონას ხმაც მისი სხეულივით იყო გაყინული. ბიჭს გაეღიმა. მიზანი მიღწეული იყო. ან თითქმის მიღწეული.
-მე კი არა შენ უფრო გინდა… ამიტომ ამას არ დავუშვებ…-დახედა გოგონას ზემოდან და თვალი ჩაუკრა. -აქ უფროსი მე ვარ!
-მაგ ნემსს მაინც გამოვიძრობ, ჯობია დამაბა… -ისევ ირონია.
-წინააღმდეგი არ ვარ.
-ფეხების შეკვრა არ დაგავიწყდეს…-ჩაიღიმა გოგონამ.
-პირველ რიგში პირს აგიკრავ…
სიჩუმე. ბიჭი სისტემის დაყენებას აგრძელებდა.
-კარგი…-აჩურჩულდა გოგონა.
-რას გულისხმობ?
-გნებდები…
-არ მჯერავს პატარავ, ნუ ცდილობ დაბმას თავი აარიდო, ეს კარგი რჩევა იყო, ვიცი ნემსს გამოიძრობ ამის გარეშე.
-არაა ნემსი საჭირო, შევჭამ.
ბიჭს აღტაცება დაეუფლა. თითქოს გაიმარჯვა. ოთახიდან გავიდა და ისევ ფუნთუშები შემოიტანა, მაგრამ ამჯერად ცივი.
გოგონა უღიმღამოდ ილუკმებოდა, ნელ-ნელა ღეჭავდა საკვებს, რა გასაკვირია, ძალა მთლიანად გამოსცლოდა. ერთი ლუკმა ძლივს გადაყლაპა, მის ყელს რომ დაჰკვირვებოდით შეამჩნევდით როგორ ნაზად მიხოხავდა საგულდაგულოდ ნაღეჭი ლუკმა. გოგონას სახეზე კი ტანჯვა იხატებოდა, ტანჯვა რომელიც ისეთმა რთულმა საქმემ გამოიწვია, რომელსაც ლუკმის გადაყლაპვა ერქვა. ამოისუნთქა, მერე კი ძლივს გასაგონად წაილუღლუღა:
-მომიგე, ორით ერთი…-ბიჭმა გაიღიმა და მტვრიან ოთახს გაეცალა.
***
რა გასაკვირია, რომ ყველა ტელევიზიით გავრცელდა შემზარავი ამბავი თხუთმეტი წლის ინვალიდი გოგონას გატაცების შესახებ, თანაც საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილიდან. რა თქმა უნდა, ლილის დედამაც შეიტყო ეს ამბავი. დიდი ხნის წინ მიტოვებული ოჯახის წინაშე თავი დამნაშავედ იგრძნო, ტელევიზორი გათიშა და სახლიდან გავიდა.
მირზას სახლის კარზე ისტერიული ბრახუნი ატყდა. მთვრალი ექიმი კედელ-კედელ გაუყვა კარისკენ მიმავალ ხალიჩას, კარი გააღო. იქ ვიღაც ქალი იდგა. თვალებზე ბინდგადაკრულმა მირზამ ქალი ვერ იცნო. ორივე თვალი სხვადასხვა მხარეს იხედებოდა და ერთი ქალი სამად ეჩვენებოდა, ამიტომ ცალი თვალი მოჭუტა და შეეცადა ბინდში გახვეული სილუეტები ერთმანეთში მოექცია. ცალი თვალით უდაოდ უკეთ ჩანდა. ქალი იცნო და უკან დაიხია:
-მირანდა…
-ღმერთო ჩემო, როგორი მთვრალი ხარ… რა გასაკვირია რომ ბავშვი დაკარგე?
-შენღა მაკლდი…-თქვა კაცმა და უკან შებრუნდა, იქით წავიდა სადაც თავისი სასმელი ეგულებოდა.
ქალი სწრაფი ნაბიჯებით მიუახლოვდა, შემოაბრუნა და სილა გააწნა. მამაკაცმა თავი ვერ შეიკავა და იატაკზე დაეცა.
-რას გავხარ? იმის ნაცვლად რომ ბავშვს ეძებდე…
-შემეშვი,-ნამთვრალუნევი ხმით წაიბურდღუნა კაცმა.
-დედაშენი სადაა?-კაცს ამ კითხვაზე პასუხი არ გაუცია, თითქოს მიეძინაო იატაკზე გართხმულს, თვალები დაეხუჭა. ქალმა კიდევ ერთხელ გაარტყა. შეფხიზლებულმა მამაკაცმა ენისბორძიკით უპასუხა:
-საავადმყოფოში…
-რა ჯანდაბა ხდება თქვენს თავს? ლილის ვინ მოძებნის, ლოთი მამა თუ ნახევრად მკვდარი ბებია?
-დედა, რომელმაც მიატოვა,-ნიშნის მოგებით წაიბურდღუნა კაცმა. ქალი გაშრა. „ლოთი მართალია“ გაჰკიოდნენ ტვინში შესახლებული ფიქრები. ხელჩანთა ძირს დააგდო. აბაზანაში შებაკუნდა და ის წყლით აავსო. მამაკაცი წამოაყენა, ცალი მკლავი კისერზე შემოიჭდო და ბორძიკით მიბოდიალდა ცივი წყლით სავსე აბაზანასთან. მამაკაცი შიგ ჩააგდო, ოთახები დაიარა და ყველა სასმელი რასაც ოდნავი ალკოჰოლი მაინც ერია, სანაგვეში ჩაყარა. მერე კედელს აეყუდა, ნელ-ნელა იატაკისკენ ჩამოსრიალდა და აქვითინდა:
„რა ჩავიდინე“…
„რა ჩავდინე“…
„ჩემი ბრალია“…
თავი მეშვიდე
იატაკს სველი ტერფები ელამუნებოდა და კვალს ტოვებდა. კვალი კედლის კუთხეში შეწყდა, იქ სადაც ქალი უკვე დიდიხანია ცრემლებგამოლეული ტიროდა.
-ტირილიც არ შეგიძლია…-თქვა იმ ტერფებმა, რომელიც კვალს ტოვებდა ყავისფერ იატაკზე.
ქალს ხმა არ გაუცია. ბორგვა განაგრძო. ისეთი საცოდავი სანახავი იყო. ისეთი მიტოვებული… კაცს , რომელსაც გული მოუკლა, მასაც კი ეცოდებოდა რაღაც დოზით. მის წინ ჩაიმუხლა, თავზე ხელი დაადო და გულზე აიკრა, ეს თითქოს უცნობი, მაგრამ სინამდვილეში კარგად ნაცნობი სხეული. მირზა გრძნობდა, რომ მას ისევ ძველებური სურნელი ჰქონდა. მაგრამ მაინც შეცვლილიყო. მის ხის ქერქისფერ თმას ალაგ-ალაგ ჭაღარა შეჰპარვოდა. სახეც აღარ იყო იდეალურად სწორი , შიგადაშიგ იგრძნობოდა ოღროჩოღრო გზა, რომელიც რაღაც საცხით ამოევსოთ.
მაინც ლამაზი იყო.
სხვანაირად ლამაზი.
-როგორ მოხდა?-იკითხა უცრემლო ქალმა აკანკალებული ხმით.
-არ ვიცი…
-შენ რატომ არ იყავი მასთან?-საყვედურის მსგავსი რამ სტყორცნა ქალმა მირზას, რამაც მას ყოველგვარი სიბრალულის მსგავსი გაუქრო და ახლა ამ ქალის მიმართ ისევ ზიზღს გრძნობდა. ზიზღს ყველაზე მეტად და მის ფონზე სხვა გრძნობები საგულდაგულოდ იჩრდილებოდა. კაცმა ქალს ხელი ცივად გაუშვა. უკან დაიწია. ფეხზე წამოდგომა სურდა მაგრამ წონასწორობის დაცვა ვერ შეძლო და იატაკზე დაეცა. მის თვალებში გაბატონებული ზიზღი ქალმაც იგრძნო და კანკალმა აიტანა… მამაკაცის ეს ბოროტი გრძნობა განამტკიცა მისმა საქციელმაც. იმდენად სძულდა ამ ქალთან სიახლოვე, რომ იატაკზე გართხმული უკან-უკან გახოხდა და ღვარძლიანად უპასუხა ქალის შეკითხვას ასევე კითხვით:
-და შენ ? -მერე ადგა და ოთახიდან გავიდა.
ქალს რაღაცა გაუელვა თავში და მამაკაცს აედევნა:
-არ დალიო, გთხოვ…
-მთხოვ? -გაეღიმა მამაკაცს…
-ლილის ხათრით…-თავი ჩაქინდრა ქალმა.
-და შენ დარჩი ლილის ხათრით, როცა გთხოვე?
ქალს ხმა ა ამოუღია. რაღაცას გრძნობდა მაგრამ ამ გრძნობის სახელი არ იცოდა. იქნებ დანაშაულის, ან ბრაზის, ან რაიმე სხვის მსგავსი იყო? მაგრამ არ იცოდა რა იყო. ეს მხოლოდ ერთხელ ეგრძნო, მაშინ როცა წავიდა. თანაც სამუდამოდ და უკან მოუხედავად.
მამაკაცმა სანაგვე ურნას გახედა და ჩაეღიმა, როდესაც შიგ ჩაყრილი სავსე ბოთლები შენიშნა.
-ზოგიერთი რამ არასოდეს იცვლება…-თქვა და მისკენ დაიძრა.
-რას გულისხმობ?
-ისევ ისეთი სულელი ხარ როგორიც მაშინ… ლოთისთვის სანაგვეში ქექვა უკვე აღარაა ღირსების შელახვა, მან დიდიხნის წინ დაივიწყა მსგავსი შეგრძნებების არსებობა. უნდა გადაგეღვარა, უთხრა და ერთ ბოთლს დასწვდა. ქალი აყვირდა:
-არ დალიო, ჩემს გამო და შენს გამო კი არა,-გაჩუმდა, მერე კი დაბალი ხმით თითქმის წაიჩურჩულა,-მის გამო…
-არც ვაპირებდი ძვირფასო, -უპასუხა კაცმა და ბოთლი კედელს ესროლა. ის დაიმსხვრა და მრავალ პატარა ნაწილაკად დაიშალა, გაიბნა ოთახში და კედელიც იატაკისფრად შეღება. მერე ნელი ნაბიჯებით გავიდა ოთახიდან. უკან რომ დაბრუნდა ყველა ბოთლი გამოცლილი იყო და სამზარეულოც ალკოჰოლის სუნით იყო გაჟღენთილი. მამაკაცს სველი ტანსაცმელი გამოეცვალა. ქალი კი უკანასკნელი ბოთლით ხელში ნიჟარასთან იდგა.
-გადავღვარე… -თქვა მან აცრემლებული თვალებით. მირზა უყურებდა ქალს, სამზარეულოს ნიჟარასთან ცარიელი ბოთლით ხელში მდგარს, თვალში სევდისწვეთებ ჩაგუბებულს და ისეთი გრძნობა ეუფლებოდა, თითქოს ეს ქალი ყოველთვის აქ იყო, მაგრამ ექიმი ვერ ამჩნევდა მას. თითქოს არც არასდროს წასულიყო და ყოველ საღამოს სამსახურიდან დაბრუნებული მირზა წინსაფარწაკრულს , სწორედ ამ ადგილზე მდგარს ხედავდა, სწორედ ამ ქალს…
აღარ გრძნობდა ზიზღს.
აღარც იმედგაცრუებას.
არაფერს ცუდს.
მხოლოდ მონატრების მონათესავე გრძნობა აფარფატდა მუცელში და ისე ძლიერ შეეხეთქა კედლებს, რომ სულ ერთი წამით, კაცმა შეძლო დაევიწყებინა გატაცებული შვილი.
პატარა გოგონა, ლილი. რომელიც ამ ქალის ანალოგი იყო. ალბათ, სწორედ ასეთი იქნებოდა მირანდაც თხუთმეტი წლის რომ ყოფილიყო. ნეტავ მაშინ გაეცნო. უსუსური, პატარა.
იქნებ,
აღარც წასულიყო,
არასდროს?
მერე ამ უცნაურ ფიქრებს ხელიდან დაუსხლტა და ქალს თვალი აარიდა. ახლაც გრძნობდა ზიზღს, მაგრამ ეს ზიზღი უკვე მხოლოდ საკუთარი თავისკენ იყო მიმართული. ვერ ჰპატიობდა იმ ერთ წამს, როდესაც ლილი გაუშვა გონებიდან. მერე ქალს ზურგი აქცია და უთხრა:
-დედაჩემი უნდა ვინახულო, წამოხვალ?-მირანდა დაბნეული იდგა, გაშეშებული, უსიცოცხლო , მექანიკურ თოჯინას დამსგავსებული, ისიც გამოერკვა იმ ფიქრებისგან, რომელიც უკვე აღარც კი ახსოვდა, თვალების ცეცებით დაუქნია კაცს თავი:
-ჰო,-ამოილუღლუღა,- ბოთლი მაგიდაზე დადო და როგორც ფინია ძაღლი პატრონს, ისე აედევნა ყოფილ ქმარს.

თავი მერვე
ლილი გულაღმა იწვა სინდის შელახულ , მტვრიან დივანზე, თვალებით სიბნელეს მიშტერებოდა და, თითქოს ამ ნესტიან სარდაფში კი არა სადღაც სხვაგან იყო. ამ სამყაროზე ბევრად შორს, ნაკლებად დესპოტურ მხარეში, სადაც ყველაფერი ფერადი იყო. მისითვალები ისე შეეჩვია სიბნელეს, რომ კატის თვალების მსგავსად უკვე მის თვალებსაც შეეძლოთ უკუნით სიბნელეში , ბინძური ჟანგის ლაქების ამოცნობა ჭერზე, რომელიც ობობის ქსელთა სამყოფლად იყო ქცეული. ლილიმ წარმოსახვის ჭიაყელები კარგად “შეაჯანჯღარა” და ისინიც სწრაფად ამოქმედდნენ, გოგონამ წარმოიდგინა, როგორ გამოივლიდა ერთი კარგად შასუქებული ფეხსახსრიანი სიმახინჯე, როგორ ამაყად მოაბიჯებდა იატაკზე, შემდეგ კედელზე, საბოლოოდ ჭერს რომ მიუახლოვდებოდა, კედლისა და ჭერის გზა გასაყართან, იწყებდა ხარიჩის ქსოვას… ეს რომ წარმოიდგინა, გაახსენდა ერთი ზღაპარი, რომელსაც ბებია უყვებოდა ხოლმე. ახლა ლილიმ ისევ ააფორიაქა ჭიაყელები და შეეცადა ზღაპრის შინაარსი გაეხსენებინა, შემდეგ კი წარმოსახვაში გაეცოცხლებინა.
“ორი ობობა იყო, და-ძმა. ძალიან შრომის მოყვარენი, თუმცა ვერადა ვერ ეშოვნათ სამსახური. მივიდნენ ერთ მაღაზიაში და კაცს სთხოვეს აგვიყვანე, კარგ ხალიჩებს ვქსოვთო. კაცმა უთხრა, დარჩით ამაღამ, დილამდე მოქსოვეთ და ხვალ შევაფასებო. და-ძმა მთელი ღამე ქსოვდა, საბოლოოდ კი, კედლის ერთ კუთხეში უზარმაზარი ობობის ქსელი გაჩნდა. მაღაზიის მეპატრონემ გაიცინა და ორივე დაითხოვა. იარეს საბრალო ობობებმა, იარეს და კიდევ ერთ მაღაზიას მიადგნენ, ამ მაღაზიის პატრონმაც წინას მსგავსად ერთი ღამე მისცა “ხალიჩის” მოსაქსოვად და თვითონ კი დასაძინებლად წავიდა. ობოლმა და-ძმამ იფიქრა, ალბათ, ის ხალიჩა პატარა იყო და იმიტომ დაგვიწუნესო, ამიტომ უფრო გულმოდგინეთ იშრომეს და ამჯერად კედლის კუთხეში, ბევრად დიდი ობობის ქსელი გაჩნდა. ქანცგაცლილ და-ძმას გამთენიისას ჩაეძინა. სწორედ ამ დროს მოდიოდა ხოლმე მაღაზიაში დამლაგებელი. დაინახა თუ არა კედლის კუთხეში დაჩენილი უზარმაზარი ობობის ქსელი აიქნია ცოცხი და ხალიჩაც გაქრა… მოულოდნელი შეჯახების გამო პატარა ობობებს სწრაფად გამოეღვიძათ და ძლივს შეიმაგრეს თავი მიწაზე რომ არ დანარცხებულიყვნენ. მაღაზიის მეპატრონეს ხალიჩა რომ არ დახვდა ობობები ცრუპენტელობაში დაადანაშაულა და გამოყარა…
ისევ თავიდან დაიწყო ყველაფერი… ბოლოს, ყველაფრით დაღლილი ობობები სხვა მაღაზიის პატრონს მიადგნენ. რა შეგიძლიათო, ჰკითხა მეპატრონემ. ხალიჩებს ვქსოვთო, უპასუხეს პატარა ობობებმა. მეპატრონეს გაეღიმა და სთხოვა დილამდე ერთი ხალიჩა მომიქსოვეთო. და-ძმა უკვე მრავალგზის იმედგაცრუებული იყო და ძველებური გულმოდგინებით აღარ უმუშავიათ, მხოლოდ პატარა ობობის ქსელი გახლართეს კუთხეში. მეპატრონემ რომ გაიღვიძა შეუქო ნამუშევარი. ობობები არ ელოდნენ მსგავს რეაქციას და გაოცებულები შესცქეროდნენ კაცს. კაცმა ნიკაპი მოიფხანა და ობობებს ფიქრსავსე მზერა მიაპყრო, შემდეგ კი უთხრა, ხალიჩა ძალიან ლამაზია, მე მომწონს, მაგრამ როგორ უნდა გავყიდოთ, თუკი კედელზე მუშაობთო. შემდეგ ისევ მოიფხანა ნიკაპი და ოთახიდან გავიდა. სიხარული პატარა ობობებს მწუხარებამ შეუცვალა და უკვე წასვლას აპირებდნენ მეპატრონე რომ დაბრუნდა პატარა ფერადი ფიცრებით ხელში. კედელზე მოქსოვილი ხალიჩა ნაზად გადაიტანა ფიცრებზე და ვიტრინაში დადო. ამის შემდეგ ობობები აღარსად წასულან, რადგან ჭკვიანი კაცის ქმედებამ მათი ხალიჩები პოპულარული გახადა და ყველას სურდა მისი შეძენა. ზოგი აბეზარი ბუზების საჭერად იყენებდა, ზოგს კი უბრალოდ მოსწონდა ფერად ფიცრებში გახლართული ნატიფად ნაქსოვი ხალიჩები…” ლილის გაეღიმა, ეგონა ბავშვობის ყველა მოგონება ერთ დიდ სანაგვეში ჰქონდა ჩაყრილი და უკაცრიელ ნაგავსაყრელზე მიტოვებული. თუმცა ამ ზღაპრის გახსენება მაინც შეძლო. ღიმილი სახეზე გაეყინა და ახლა იმის ფიქრი დაიწყო, ნეტავ თუ ანათებს ჩემი კბილები ამ უკუნ სიბნელეში, არის თუ არა ისევ თეთრიო? თუმცა, არა… თეთრი ვეღარ იქნება, ის რომ უკვე საუკუნეა ამ სარდაფშია გამომწყვდეული და ერთხელაც არ გაუწმენდია კბილები ამ ხნის მანძილზე… საუკუნე… მთელი საუკუნე გავიდა… ალბათ ამ “კარცერში” დრო გაყინულია და როდესაც აქედან გავა , ყველაფერი სხვანაირი იქნება სამყაროში… ხალხიც სხვა იქნება როცა გავა.
თუ გავა…
გაჰკიოდა ერთი ტვინის ჭიაყელა.
თუ….
სასაცილოა. როგორ თავნებობენ ეს ჭიები! რა სისულელეების შესახებ აფიქრებენ! ვის რაში აინტერესებს ობობების ზღაპარი, რომლის მორალსაც ვერასოდეს იგებდა, ანდაც კბილების სითეთრეს რა აზრი აქვს, ის ხომ ტყვეა?
მართლა რომ ვერ გავიდეს ამ ნესტიანი ადგილიდან?
აქ ხომ უთუოდ დაიმართებს ტუბერკულიოზს?
ამ სიტყვაზე ისევ ბავშვობის მოგონება ამოქექა სანაგვიდან…
“ჭლექი”…
ჰო, ზუსტად! “ჭლექი” ჰქვია ადამიანთა ენაზე ამ დაავადებას… ისევ ბებია შემოიჭრა გონებაში. და გოგონასაც გაახსენდა , როგორ ღიღინებდა ხოლმე ბებია საოჯახო საქმიანობისას…
კი, კი… “ჭლექი”! სწორედ ასე ჰქვია…
ტვინის ჭიაყელები აფორიაქდნენ, მთელი მოგონებების ნაგავსაყრელი გადაატრიალეს, მაგრამ ლილიმ მხოლოდ ერთი ციცქნა ტექსტის გახსენება შეძლო.
“თექვსმეტი წლის გოგონა ჭლექით იტანჯებოდა…”
ჰო, ზუსტად ასე მღეროდა…
მერე როგორ იყო?
არა, არ ახსოვს…
“თექვსმეტი წლის გოგონა ჭლექით იტანჯებოდა…”
“თექვსმეტი წლის გოგონა ჭლექით იტანჯებოდა…”
“თექვსმეტი წლის გოგონა ჭლექით იტანჯებოდა…”
“თექვსმეტი წლის გოგონა ჭლექით იტანჯებოდა…”
“თექვსმეტი წლის გოგონა ჭლექით იტანჯებოდა…”
“თექვსმეტი წლის გოგონა ჭლექით იტანჯებოდა…”
ახლა მხოლოდ ეს სიტყვები ტრიალებდა თავში.
და ბებია, როგორ წმენდს ზედა თაროებიდან მტვერს და მღერის:
“თექვსმეტი წლის გოგონა ჭლექით იტანჯებოდა…”
რა არის ჭლექი? ეკითხება პატარა ლილი ბებიას. ის კი ეუბნება რომ დაავადებაა, უკურნებელი სენი… მაშინ ასე იყო, მაგრამ ახლა? ახლა ხომ საუკუნე გავიდა, იქნებ აღმოაჩინეს წამალი? ძველად ხომ ხალხი უბრალო გაციების გამოც იღუპებოდა? შემდეგ უშველეს… თუ საუკუნე გავიდა, ალბათ ლილი უკვე აღარ არის თხუთმეტი წლის… იქნებ კანიც შეაჭკნა და უბრალოდ სიბნელის გამო ვერ ხედავს? ხელით უნებლიედ დაიყწო სახის შემოწმება და თითქოს ყველაფერი რიგზე იყო. კანი არ დაჩიავებულა… თუმცა, აქ ხომ დრო გაიყინა? ალბათ ლილის სხეულიც გაიყინა დროსთან ერთად და არ შეცვლილა…
ნეტავ რამდენი დრო გავიდა?
იქნებ მხოლოდ 5 წუთი და ამ უსასრულო სიბნელემ მოაჩვენა საუკუნედ?
არა, აქ ძალიან ნესტიანი ჰაერია! აქ უდაოდ “აიკიდებს ჭლექს”!
აქედან რომ გავა ალბათ თექვსმეტი წლის იქნება და…
და…
და ის სიმღერაც, ალბათ “ზედგამოჭრილი” იქნება…
“თექვსმეტი წლის გოგონა ჭლექით იტანჯებოდა…”
“თექვსმეტი წლის გოგონა ჭლექით იტანჯებოდა…”
“თექვსმეტი წლის გოგონა ჭლექით იტანჯებოდა…”
“თექვსმეტი წლის გოგონა ჭლექით იტანჯებოდა…”
“თექვსმეტი წლის გოგონა ჭლექით იტანჯებოდა…”
“თექვსმეტი წლის გოგონა ჭლექით იტანჯებოდა…”
“თექვსმეტი წლის გოგონა ჭლექით იტანჯებოდა…”
რა სამწუხაროა, რომ არ ახსოვს სიმღერის გაგრძელება. ნეტავ რა ბედი ეწია თექვსმეტი წლის გოგონას?
მოკვდა?
იქნებ სიყვარულმა განკურნა სასწაულებრივად?
ან რომელიმე ღმერთმა?
არა, ღმერთები არ არსებობენ!
რომც არსებობდნენ, დიდი უმაქნისი ვინმეები უნდა იყვნენ…
ალბათ, ზემოდან გვიყურებენ და ერთობიან…
ალბათ, უხილავი ძაფებით ვყავართ გამობმული და თამაშობენ…
იქნებ ეს სამყარო დიდი მარიონეტების თეატრია, ღმერთებისთვის შექმნილი?
იქნებ, მათ არცკი იციან, რომ ჩვენ სული გვაქვს?
გრძნობები…
და მოძრაობაც შეგვიძლია…
ჩვენით…
მათი თოკების გარეშე?
არა, ალბათ არ იციან…
ჩვენ ვუმალავთ!
დიახ, ზუსტად ისე როგორც იმ მულტფილმშია…
რა ერქვა?
” toy story”…
ჰოო…
ასე ერქვა.
უყვარდა ლილის ეს მულტფილმი.
სათამაშოები მხოლოდ მაშინ ცოცხლდებოდნენ, როდესაც ადამიანები ირგვლივ არ იყვნენ…
იქნებ ადამიანებიც მაშინ ცოცხლდებიან, როდესაც ღმერთებს სძინავთ?
არა, ეს სისულელეა…
ღმერთები არ არსებობენ…
მაგრამ რომ არსებობდნენ?
მაშინ ლილის შეეძლებოდა მოძრაობა და აქ არ იქნებოდა!
იქნებ რომელიმე ცელქმა ღმერთმა მოატეხა ფეხები?
როგორც იმ მულტფილმში ცელქი ბავშვი ამსხვრევს სათამაშოებს, ზუსტად ისე!
ლოგიკასთან ახლოა…
არაა…
ზედმეტად სულელურია, ლოგიკური რომ იყოს!
გოგონამ დაახველა.
“უთუოდ ჭლექი ავიკიდე!” გაიფიქრა და ისევ დაახველა.
“თექვსმეტი წლის გოგონა ჭლექით იტანჯებოდა…”
“თექვსმეტი წლის გოგონა ჭლექით იტანჯებოდა…”
“თექვსმეტი წლის გოგონა ჭლექით იტანჯებოდა…”
“თექვსმეტი წლის გოგონა ჭლექით იტანჯებოდა…”
“თექვსმეტი წლის გოგონა ჭლექით იტანჯებოდა…”
“თექვსმეტი წლის გოგონა ჭლექით იტანჯებოდა…”
“ციხის კარი” გაჭრიალდა. დაიგრიალა და ჭერზე ობობის ხალიჩებში გახლართულმა ნათურამაც ისროლა სინათლის მსგავსი რაღაც. გოგონას ეხამუშა და თვალები დახუჭა. დიდი დრო დასჭირდა სინათლეს რომ შეგუებოდა. ბიჭი ოთახში შემოვიდა. ახლოს არ მისულა შორს იდგა. იდგა და უყურებდა.
-რა გინდა? -ჰკითხა გოგონამ მშვიდი, აუღელვებელი ხმით, თან ნათურას შესცქეროდა. ცდილობდა მასში ცისარტყელის ყველა ფერი დაენახა, თუმცა ვერ შეძლო.
-არაფერი, ხმაური შემომესმა,- ბიჭმა ერთი ნაბიჯი გადადგა და ისევ გაიყინა,- გახველებს?
-რატომ გიკვირს, ამ “სირისტიან” სარდაფში უთუოდ “ჭლექს ავიკიდებ”… -გაჩუმდა, მერე უცებ წამოჟდა და ბიჭს თვალი თვალში გაუყარა.-აა, იქნებ ღელავ? გეცოდები? ხომ არ გიხარია? კი, უთუოდ გიხარია, ჭლექი შენზე სწრაფად მომკლავს და საქმეც აღარ გექნება… აი, მერე რას გააკეთებ? ცხოვრებას გააგრძელებ? ვითომც არაფერი? ვერ შეძლებ, სუსტი ხარ! -გოგონამ ნიშნის მოგებით გაუღიმა და ისევ ძველ პოზიციას დაუბრუნდა, მწოლიარეს, ნათურას მიშტერებულს.
-ჰო, ვეღარ შევძლებ… მეძებენ…
-ხომ არ გიკვირს?-ისევ მშვიდად, ნათურაზე თვალმოუცილებლად განაგრძო გოგონამ.
-არა, მინდოდა რომ მოვეძებნე…
-ესე იგი, კარგად ვიმალებით…
-ჰო, ჯერ ჯერობით…
-რატომ გინდოდა რომ მოვეძებნეთ?-განაგრძობდა გოგონა ბერის სიმშვიდით.
-იმიტომ რომ დატანჯულიყო, ისევე როგორც … -იყვირა ბიჭმა.
-მამაჩემი მკვლელი არაა…-მშვიდი იყო გოგონა, ბიჭს კი ეს სიმშვიდე სიგიჟეს უღვიძებდა.
-შენ რა იცი? შენ არაფერი იცი!
-არასოდეს გიცდია გეთქვა, მე კი გულთმისანი არ ვარ…
-მამაშენმა ჩემი საცოლე მოკლა!
-მამაჩემი ექიმია , მკვლელი არაა… – სიმშვიდე.
-ჰო, ექიმია, მთვრალი, აყროლებული ექიმი! -ყვიროდა ბიჭი და აღგზნებული ისე მიუახლოვდა მწოლიარე გოგონას ვერც კი მიხვდა. როდესაც სიმშვიდის ნაპერწკალი მოხვდა სხეულს უკვე ხელები ჰქონდა აპყრობილი და ლილის ყელისაკენ მიმართული. ნაპერწკალი სწრაფად გაღვივდა და ვაჟმა მკლავები დაუშვა.
-რატომ არ აკეთებ იმას რაც გსურს, მე წინააღმდეგობას არ გაგიწევდი…
-ნუ ცდილობ მდგომარეობიდან გამომიყვანო, -ზიზღით , მაგრამ ყვირილის გარეშე განაგრძო ბიჭმა.
-აქ სხვა გასართობი არ მაქვს ძვირფასო, -უპასუხა გოგონამ, თვალი მოსწყვიტა ნათურას და ახლა ვაჟის სახეს მიაშტერდა. ცივად, აუელვებლად. ბიჭმა ვერ გაუძლო ამ მზერას და უნებლიედ გადადგა უკან ნაბიჯი.
ისევ გაიყინა.
-შენ გიჟი ხარ?-ჰკითხა ათრთოლებული ხმით, ალბათ ამის კითხვა არ სურდა და ტვინის ჭიაყელებმა აიძულეს. გოგონა ისევ უყურებდა უსიცოცხლო თვალებით. ბიჭმა კი მისი ტუჩის ბოლოში რაღაც ირონიულს მოჰკრა თვალი. მგონი ღიმილი იყო. ან არა. იქნებ მოეჩვენა? ისევ დაიიწყო უკან დახევა. ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ. თან გოგონას უყურებდა და თვითონაც არ იცოდა რას ფიქრობდა. ყველა ფიქრი ჩანასახშივე წყალდებოდა და მისი არსებობა მაშინვე ავიწყდებოდა. მზერა რომლითაც ვაჟი მონუსხა გოგონამ ახლა სხვა მხარეს მიაპყრო. ვაჟმაც თითქოს შვება იგრძნო და ჰიპნოზიდან გამოსული ფიქრებს აღარ კარგავდა. კარისაკენ შებრუნდა, შუქი ჩააქრო, ურდული ჩამოწია:
-კბილის ჯაგრისი მჭირდება…
ბიჭი ისევ გაიყინა, შუქი აანთო და გოგონას გახედა. ის მას არ უყურებდა, ისევ სადღაც ზემოთ აღეპყრო, ახლა ალბათ ნათურას აჰიპნოზებდა.
-რა თქვი?-აკანკალებული, გაოცებული ხმით იკითხა ვაჟმა.
-კბილის ჯაგრისი მჭირდება!-უპასუხა და მაჰიპნოზებელი მზერა კვლავაც მიაპყრო. ამ მზერას ვეღარ გაუძლებდა, სწრაფად გაიხურა კარი და გავიდა, იმდენად დაბნეული იყო, რომ სინათლის ჩაქრობა დაავიწყდა.

თავი მეცხრე
მირზა და ის ქალი საავადმყოფოში მივიდნენ. მირზას სახეზე მხოლოდ ლოთი ეწერა, ქალს კი ბევრი რამ, მკვეთრი კი მხოლოდ ერთი იყო, – დაბნეულობა.
ერთკაციან პალატაში, ჭაღარა ქალი იწვა, თვალებდახუჭული და სახეშეწუხებული კვნესოდა. მირზამ ნაბიჯებს აუჩქარა, ცოტა სიმთვრალეც შეერია ნატერფულებს და გვერდულად მიუახლოვდა ავადმყოფი დედის საწოლს, დაკოჟრილი ხელი თავის ტორებში მოიმწყვდია, ეამბორა და სასთუმალთან ჩაიჩოქა.
-როგორ ხარ დე…
-მკვდარი…-უპასუხა ქალმა ისე რომ ძლიერად მოჭუტული თვალები არცკი გაუხელია.
-ვიპოვით, უკვე ეძებენ, ეჭვმიტანილიც ჰყავთ…
ქალმა თავი შვილისაკენ მიატრიალა და თვალი გაახილა. სევდისფერი იყო. უიმედო. სველი. უსიტყვოდ გადმოსცემდა ყველა ემოციას რაც მის სულსა თუ სხეულში გაბნეულიყო. უცებ ამ “ხბოს თვალებმა” ტრანსფორმაცია განიცადეს და ზიზღით გაივსნენ. იმ ქალს მიშტერებოდნენ მირზას რომ მოჰყვა ფინია ძაღლივით. ის კი თავჩაქინდრული იდგა და ხელჩანთის საკიდს აწვალებდა. ჭაღარათმიანს არაფერი უთქვამს მხოლოდ უყურებდა, უყურებდა ბოროტი დედინაცვლის თვალებით. მირზამ დედის მზერას გააყოლა თვალი.
მირანდა დაინახა. წამით ისევ იგრძნო რაღაც სიბრალულის ბიძაშვილი გრძნობა და ირონიულადაც კი ჩაეღიმა. მაგრამ სწრაფადვე გააქრო სახიდან ღიმილი და ირონია მხოლოდ თვალებში ჩატოვა. სულ სხვანაირი ახსოვდა ეს ქალი. ძლიერი, მებრძოლი, საკუთარ თავში დარწმუნებული. მაშინ მისი სიტყვა კანონი იყო. ვერავინ დაარღვევდა, ვერც თავად ქალი. სწორედ ასეთი უყვარდა, მკაცრი და ურყევი. ახლა კი თავჩაქინდრული იდგა და ხელჩანთის საკიდს აწვალებდა.
აღარ ჰგავდა ქალღმერთს.
ახლა ის დასჯილ ბავშვს ჰგავდა, რომელიც ცდილობს დაანახოს მშობლებს როგორ განიცდის დანაშაულს. სინამდვილეში კი პატარა სპექტაკლს დგამს და გულში ფიქრობს, რომ სიამოვნებით გაიმეორებდა იმავეს…
უყურებდა კაცი ყოფილ ქალღმერთს და ტკბებოდა მისი დაცემით. ტკბებოდა იმ უხილავი იარებით ქალს რომ მიწაზე დანარცხებამ და ასფალტზე ხანგრძლივმა გახოხიალებამ დააჩნია სახეზე. დადაღა. წაართვა შარავანდედი. სინათლე. ფრთები და ყველაფერი რაც წმინდა იყო მასში. მირზას ეს რაღაცნაირად აღაგზნებდა და სიამოვნებას ანიჭებდა, მაგრამ ეს სიამოვნება მოგვრილი საკუთარი “მე” ორმაგად სძულდა და აღიზიანებდა. წამის მეასედებში მის გოებაში ორი საპირისპირო ადამიანი იბრძოდა. ორი რადიკალისტი. ერთს – უყვარდა, ეცოდებოდა. მეორეს – სძულდა, ტკბებოდა მისი ტკივილით. ამ ორის ბრძოლაში შვილის აჩრდილმა მანდილი ჩააგდო და მირზამ დედას მავედრებელი მზერა მიაპყრო.
-ნუ შეჭამთ ერთმანეთს… – მერე ქალს გახედა და ისევ დედას ემთხვია ხელზე,- ახლა არა…
მიუხედავად მოზღვავებული აზრებისა თუ ემოციების, მამაკაცის მშვიდმა ხმამ ორივე ქალი ადგილზე გაყინა და მათ არაფერი უთქვამთ.
ზავი დაიდო.
არავინ არავის შეჭამდა.
მიუხედავად საყოველთაო შიმშილისა.
ლილის ხათრით ამას არ იზამდნენ.
უცებ ქალს გაეღიმა. გაეღიმა შიგნიდან. ისე რომ არავის დაუნახავს. თავადაც კი ვერ იგრძნო. უბრალოდ მიხვდა რომ ეღიმებოდა. საკუთარმა უნებლიე ფიქრმა მიახვედრა. “როგორ შეძლო ჩვეულებრივმა ლოთმა ორი აბობოქრებული , სასოწარკვეთილი , იმედგაცრუებული, გამწარებული ქალის, ორი დედის ადგილზე გაყინვა მხოლოდ რამდენიმე სიტყვით?”
თითქოს , ინანა კიდეც მისგან წასვლა, მაგრამ ეს მხოლოდ თითქოს. მხოლოდ რამდენიმე წამით.
…და ღიმილი ისევ გაქრა.
***
პალატის კარი გაჭრიალდა.
ორი ფორმიანი შემოვიდა. კაცი და ქალი. კაცი გაბღენძილი იყო, მაღალი, მაგრამ ღიპიანი. ტიპური პოლიციელი. თმაში ჭაღარასთან ერთად სიმელოტეც შეჰპარვოდა, ალბათ ორმოცს უკვე გადაცილებული იქნებოდა, მაგრამ თავის ასაკზე დიდს ჰგავდა. როგორც ყველა პოლიციელი. ქალი კი პირიქით, ალბათ ასაკში მათ შორის დიდი სხვაობა არ უნდა ყოფილიყო, (რაზეც მის თვალებთან არსებული პატარა ჩაღრმავებები მეტყველებდნენ). მაგრამ კაცზე ოცი წლით უმცროსივით გამოიყურებოდა. შავთმიანი იყო, ზედმეტად შავთმიანი. სავარავუდოდ იღებავდა… ჭაღარების ჩასახოცად. კაცზე ბევრად დაბალი იყო. ბევრად გამხდარი და ბევრად უკეთაც გამოიყურებოდა. მაგრამ მაინც იყო რაღაც რაც მამაკაცს უკეთესი ჰქონდა. თვალები. ღია ცისფერი და მეტყველი. ქალის თვალები კი უსიცოცხლო იყო. უინტერესო. არც ლამაზი ფერის გახლდათ და არც ყურადღებას იპყრობდა. ის ჩვეულებრივი თვალები იყო, თაფლისფერი და ბანალური.
ხელში რაღაც ფურცლები ეკავათ და მოხუც ქალს იმ ზარის შესახებ ეკითხებოდნენ, რომელმაც აქ მოახვედრა. ქალმა დეტალურად უამბო, სახეზე ეწერა როგორ სტკიოდა ყველა სიტყვა, მაგრამ მამაცურად უძლებდა. იმედი ჰქონდა თუ არცერთ ნიუანსს გამოტოვებდა გოგონას უფრო მალე მიაკვლევდნენ. პოლიციელმა ქალმა “იმ დღის ” შესახებ ჰკითხა:
-რაიმე ახალი ხომ არ გაგახსენდათ, რაც შეიძლება გამოძიებას დაეხმაროს…
-არა, – ამოიკვნესა ქალმა.
ლამაზთვალებიანმა თავის მეწყვილეს რაღაცნაირად გადახედა, მანაც მსგავსი რაღაცნაირივე მზერით უპასუხა. აშკარად რაღაც უთხრა “თავის ენაზე” და მანაც “უპასუხა”.
-ხომ იპოვით ჩემს შვილს, -ამოიოხრა მირანდამ.
-რა საკვირველია , ქალბატონო, გამოძიება ყველაფერს აკეთებს ამისთვის…
-იმედია, -შხამიანი გესლით თქვა მწოლიარე ექს-დედამთილმა.
-კარგით , მაშინ ჩვენ წავალთ, თუ რამეს გაიხსენებთ…
-დაგირეკავთ,-ჩაეჭრა მირზა და სიტყვა არ დაამთავრებინა ლამაზთვალა პოლიციელს,- ნახვამდის…
-ხომ ნამდვილად იპოვიან,-მიუბრუნდა ყოფილ ქმარს და მავედრებელი მზერა სტყორცნა ქალმა.
-იპოვიან, აბა რას იზამენ!- არც თუ დამაჯერებლად წაილუღლუღა მირზამ…
-ჩემს ფეხებს იპოვიან! -იყვირა მოხუცმა,- დაკარგულ გოგონას კი არა, მობილურ ტელეფონს ვერ პოულობენ…
-დედა…
-თავი დამანებე! -უყვირა ქალმა, -დამეხმარე აქედან მივდივართ, -მოხუცი საწოლზე წამოჯდომას შეეცადა, მაგრამ გულში რაღაცამ მოუჭირა და ვერ შეძლო. – მე თვითონ ვიპოვი ჩემს გოგონას!-თითქოს ყვირილი სურდა ისევ, მაგრამ ვეღარ შეძლოო მიუწყდა ქალს ხმა.
-დედა დამშვიდდი, მაგათ იმედზე ჩვენც არ ვართ,-დააწვინა მოხუცი და საბანი გაუსწორა,- კერძო დეტექტივს დავიქირავებთ…
-საუკეთესოს…-ჩაერთო საუბარში მირანდა, რამაც მოხუცი ქალი უფრო გააღიზიანა. ამ მოღალატის ყურება თითქოს საკმარისი არ იყო, ხმის ამოღებასაც რომ ბედავდა, უნდოდა მისთვის ეყვირა, გაელანძღა, გაეგდო თავისი პალატიდან , მაგრამ ზავი ხმას უკმენდდა.
-აქ დგომით ვერ იპოვით ბავშვს!-თქვა ქალმა,-ვიღაც მანიაკის ხელშია და აქ მადგახართ თავზე, წადით საქმეს მიხედეთ! -ქალმა ტაში შემოჰკრა და ხელები გაიქნია,- “ჰაიდა….” მოშორდით აქედან!
კაცი ისევ წინ წავიდა, ქალი ისევ ფინიასავით აედევნა. მოხუცი კი საბანში ჩაიკარგა, აქვითინდა. ემოციამ იმძლავრა. ბალიშში ჩაემხო და აღრიალდა. ყრუდ, მაგრამ დაჭრილი დათვივით ბღაოდა. ექთანი კარს უკან იდგა, ებრალებოდა მაგრამ უძლური იყო. უცებ გონება გაუნათდა და კარს გასცილდა. მალევე დაბრუნდა, ხელში ნემსი ეჭირა. ისე მივიდა ქალის საწოლთან, ისე შეაშხაპუნა მის ვენაზე გამობმულ პატარა მილში, რომ ემოციებთან მარტო დარჩენილ მოხუცს არაფერი გაუგია. ნელ-ნელა მისი ღრიალი მიჩუმდა, კვნესაში გადაიზარდა, ბოლოს კი – გაქრა.
ქალს ჩაეძინა და მასთან ერთად მიიძინა ტკივილმაც.

თავი მეათე

-კბილის ჯაგრისი მოგიტანე!-უთხრა ბიჭმა და დივანზე ცელოფნის პარკი დადო.

-კიდევ?-ჰკითხა გოგონამ , ისე რომ თვალი არ მოუცილებია ლაქისთვის კედელზე.

-სხვა რამეც გინდოდა?

-საღებავები…

-საღებავები?-გაუკვირდა ბიჭს. -შენ რა, ხატავ?

-რაღაც ასეთი…

-და მაინც რას ხატავ?

-შენი საქმე არაა!-უყვირა ლილიმ და თვალი თვალში გაუყარა.

-შენი თავი პრინცესა ხომ არ გგონია ბრძანებებს რომ იძლევი?-მშვიდად ჰკითხა ბიჭმა.

-პრინცესა რომ ვიყო, პირელ რიგში შენს ჩამოხრჩობას ვბრძანებდი, ასე რომ არა… არ მგონია…

-ამ სიბნელეში როგორ აპირებ ხატვას, ეს ფანჯარა გეყოფა სინათლის წყაროდ?

-არა, არ მეყოფა…

-მაშინ საღებავები არ ყოფილა საჭირო…

-ნათურა დატოვე ანთებული…

-არა…

-გუშინ ხომ დატოვე?

-გუშინ დამრჩა…

-იქნებ სხვა დროსაც დაგრჩეს ხოლმე?

-არ დამრჩება გოგონი… – უთხრა ბიჭმა , ირონიულად გაუღიმა და კარისაკენ გატრიალდა.

-არ მჭირდება!-იყვირა ლილიმ, დივანზე დადებული კბილის ჯაგრისი აიღო და ბიჭს ესროლა. სამიზნეს ისევ ასცდა. „აშკარად სამუშაო აქვს მიზანში ამოღებაზე“ გაიფიქრა ბიჭმა. კბილის ჯაგრისი აიღო და დივანზე დააგდო.

-წყალიც გინდა?

-თბილი წყალი,-თქვა გოგონამ და თავი ხელებში ჩარგო… ბიჭმა ხმამაღლა გაიცინა.

-პატარა ბავშვი…

-ბავშვი შენ ხარ!-ისევ აყვირდა ლილი.  ბიჭი კი ისევ ისტერიულ სიცილს აგრძელებდა. გოგონამ ხელების ქნევა დაიწყო და ერთი-ორი მუჯლუგუნი ბიჭსაც უთავაზა. -კარგი ახლა,   ეგეთები არ იყოს! -უთხრა ბიჭმა და მისი ხელები თავის ტორებში ჩაკეტა. გოგონა გაჩერდა. თავი ისევ ჩაქინდრა და წაიჩურჩულა:

-გაეთრიე…

ბიჭმა ხელები გაუშვა და უსიტყვოდ გავიდა.

კარის ზღურბლს რომ გადააბიჯა გონების ჭიები ახლა მის თავში შეძვრნენ. ერთი ყველაზე გრძელი მატლი, რომელიც ალბათ ამ სამატლეთის მთავარსარდალი იყო ტვინში ქინძისთავებს ურჭობდა და თან გაჰკიოდა:

„ნერვებს გიშლის ეგ ბავშვი, რატომ აძლევ მბრძანებლობის უფლებას?“

„აქ უფროსი შენ ხარ!“

„აქ უფროსი შენ ხარ!“

„აქ უფროსი შენ ხარ!“

„აქ უფროსი შენ ხარ!“

აი, ყველაზე პატარა, თითქმის თოთო მატლი კი ჟელიბონივით რბილი და ფუმფულა მთავარსარდალს არ ეთანხმებოდა:

„ბავშვია, არც კი ესმის რას ნიშნავს ტყვე… შეეშვით…“

„ჭკუა უნდა ვასწავლოთ!“-იმეორებდა მთავარსარდალი.

„ბავშვია…“

„აქ უფროსი შენ ხარ!“

„ბავშვია…“

„აქ უფროსი შენ ხარ!“

„ბავშვია…“

„აქ უფროსი შენ ხარ!“

„ბავშ…“ჟელიბონისებრი მატლი გონებიდან კინწისკვრით გააგდეს… დარჩენილები კი ერთხმად იმეორებდნენ:

„აქ უფროსი შენ ხარ!“

„აქ უფროსი შენ ხარ!“

„აქ უფროსი შენ ხარ!“

„აქ უფროსი შენ ხარ!“

ბიჭმა თავი ამაყად ასწია, ციხისკარისებრი ანგიანი სიმახინჯე წიხლით შეაღო, გოგონას თავს წაადგა, დოინჯი შემოირტყა და დაიღრიალა:

-აქ უფროსი მე ვარ!

გოგონა გაოცებული, წყლიანი თვალებით უყურებდა, ქვედა ტუჩი უნებლიედ აუთრთოლდა და ზედას მოსწყდა. ვერაფერი უთხრა. ბიჭმა კი გაუმეორა:

-აქ უფროსი მე ვარ, გაიგე?-მერე ხელიდან კბილის ჯაგრისი გამოსტაცა და გავიდა. ისევ დაავიწყდა ნათურისთვის სინათლის წართმევა… გოგონას ისტერიული სიცილი აუტყდა.

იცინოდა.

დიდხანს.

ან ტიროდა.

კარს უკან ატუზულ ბიჭს მოეჩვენა რომ იცინოდა. მერე ფეხის თითიდან ისევ შეუღოღდა ის ჟელიბონისებრი და წაიჩურჩულა:

„მგონი ტირის..“

„იცინის!“ აყვირდნენ დანარჩენები.

„არა, ტირის…“ გაიმეორა ჟელიბონისებრმა.

„იქნებ მართლა ტირის?“ იკითხა კიდევ ერთმა მატლმა.

ამჯერად, ორი მატლი გააძევეს გონებიდან მთავარსარდლის ბრძანებით…

გადაწყდა რომ …

იცინოდა…

ბიჭს დასცინოდა.

ჭკუის სწავლებას იმსახურებდა.

უნდა სცოდნოდა ვინ იყო უფროსი!

ბიჭმა თავში ხელები დაიშინა და ყველა გამოყარა იქიდან, მთავარსარდლის ჩათვლით.

მერე უფრთხილესი ნაბიჯებით კარს გასცილდა.

კბილის ჯაგრისი ისევ ხელში ეკავა.

***

ბინძური დივანი.

ბინძური ოთახი.

ბინძური კედლები.

ბინძური კბილები.

ბინძური ჰაერი.

ჩასუნთქული სიბინძურე.

დაბინძურებული აზრები.

…და ბინძური ლილი…

„ალბათ საუკუნე გავიდა რაც არ მიბანავია…

მთელი საუკუნე გავიდა და არაფერი შეცვლილა.

არაფერი იცვლება არსად.

ალბათ, სახლში ისევ მეძებენ. ათასი საუკუნეც რომ გავიდეს არ შეწყვეტენ ძებნას და ვერასოდეს მიპოვიან…

რომც მიპოვონ ვერ ამომიცნობენ…

ბინძური მე…

მე სხვა მე.

სხვა.“

ოთახის ერთადერთმა ნათელმა წერტილმა ბჟუტვა დაიწყო.

…და გასკდა.

სიბნელე.

ლილის ჩაეძინა.

ისე ღრმად როგორც არასდროს. სიზმარიც კი ნახა.

„ლილის ფეხები აქვს. ნამდვილი, თავისი ფეხები. ისინი თავისით დადიან. ლილის შეუძლია მათი მართვა. ლილი მსუბუქია. ბუმბულზე მეტად მსუბუქი. თეთრი, ყვავილებიანი კაბა აცვია და ქალაქის კარგად ნაცნობ ქუჩებში ფეხშიშველი მიაბიჯებს. მხოლოდ ახლა ხვდება რომ ფეხსაცმელი არ აცვია, მაგრამ სულ ერთია. მას არ სჭირდება ფეხსაცმელი.

მას აქვს ფეხები!

ნამდვილი, თავისი ფეხები და რაც მთავარია მათზე დგომა შეუძლია.

მსუბუქად.

მარცხის გარეშე.

ვიღაც ქალი ძლიერად ჰკიდებს ხელს და გარბის.

სახე არ ჩანს.

მაგრამ ქალია, მისი სავსე მკერდი და ზურგზე დაყრილი თმა ამას ამტკიცებს.

თმით ლილის ჰგავს.

დედა…

დედა უფრო მაგრად უჭერს ხელს და სადღაც მიათრევს.

ახლადფეხადგმულ ლილის უჭირს სწრაფად სიარული.

გარბის.

ფეხები ერთმანეთში იხლართება.

ლილი ასფალტზე ეცემა.

დედა არ ჩერდება.

ისევ გარბის .

ლილი ასფალტზე მიხოხავს.

მუხლებზე კანი წითლად იღებება.

არამხოლოდ მუხლებზე.

ფეხები სულ წითელი აქვს და ასფალტსაც აწითლებს.

დედა არ ჩერდება.

ლილის სტკივა.

ლილი ისევ კარგავს ფეხებს.

ლილი ყვირის.

დედა არ ჩერდება.

ლილი ყვირის მაგრამ მისი ხმა არავის ესმის…

არც დედას.“

გოგონა ბოლო ხმაზე ბღავის. ბიჭს არც კი წარმოედგინა თუ ადამიანს მსგავსი ხმის გამოცემა შეეძლო. არამხოლოდ ადამიანს, ზოგადად ცოცხალ არსებას. ლილი განწირული ყვირის და ძილს ვერ ეყრება. სძინავს ლილის მაგრამ სტკივა. ბიჭსაც ეტკინა. შიგნით სადღაც გულის პატარა კუნჭულში.

-გაიღვიძე,-ძლიერად უბიძგა გოგონას ხელი. გოგონა კი ისევ საწყალობლად ბღაოდა. ხმა ჩაეხლიჩა. ახლა უხმოდ ღრიალებდა. უფრო ხაოდა…

-გაიღვიძე!-მუშტი ჩასცხო პირდაპირ გულში. გოგონამ სწრაფად გაახილა თვალები და წამოჯდა.

-კარგად ხარ?-ჰკითხა ბიჭმა თითქმის ჩურჩულით.

-ჰო…-უპასუხა გოგონამ და დივანს მიეყრდნო. სიცოცხლეგამოცლილ ფეხებზე  ხელის ისტერიკული ზემოთ-ქვემოთ სმა დაიწყო. ისეთი შეგრძნება ჰქონდა თითქოს თავის, საკუთარ ფეხებს კი არა სხვის, უცხოს ფეხებს ზელდა.

-ცუდი სიზმარი ნახე?

-ჰო…

-ყვიროდი…

-ბოდიში თუ გაგაღვიძე…

-ასეთი რა ნახე?-სწრაფად შეცვალა ბიჭმა სასაუბრო თემა.

-დედაჩემი…

-დედაშენმა შეგაშინა?-გაოგნდა ბიჭი.

-ტკივილმა…

-სულ სველი ხარ…-უთხრა ბიჭმა და პერანგის პირით სახის მოწმენდა დააპირა.

-მომაშორე შენი ბინძური ხელები!-ხელის აქნევით უყვირა ლილიმ.

-უმადური გომბიო…-ჩაილაპარაკა ბიჭმა და ფეხზე წამოდგა.

მატლები.

ცუდი მატლები.

ათას საზიზღრობას ჩასჩიჩინებდნენ. მათი ღრიანცელს საერთოდ ჩაეხშო ორი კეთილშობილი მატლის საუბარი. მხოლოდ ალაგ-ალაგ ისმოდა მათი წკავწკავი.

„ცოდოა,“

„ბავშვია,“

„ეშინია,“

„სტკივა…“

ბიჭმა ბოლო სიტყვა ძლიერად ჩაბღუჯა. ბაგეები შუაზე გაეპო და თითქოს თავისით, ბიჭის ნებართვის გარეშე ალაპარაკდნენ.

-ფეხები გტკივა?-თან ისევ დადო ცალი მუხლი ცივ იატაკზე. ესეც მექანიკურად. გოგონამ სახე მოღუშა, სურდა ბრაზი მაგრამ ბრაზი არსად ჩანდა. სასაცილოდ რომ არ გამოსვლოდა, ბღვერას მოუხმო და დაბღვერილი მზერა სტყორცნა მის წინ ჩამუხლულ მამაკაცს, რომელსაც პერანგზე ღილები არათანაბრად შეეკრა.

„ალბათ, ყვირილმა გააღვიძა. ჩქარობდა.“

მპერდის სეგმენტი დალანდა. ბნელოდა, მაგრამ როგორც ჩანს გარეთ სავსე მთვარე იყო. იმ პატარა სარკმელშიც კი ატანდა. ან იქნებ ლილის თვალები მიეჩვია სიბნელეს?

ჰო, ალბათ ასეა…

კატასავით.

ძაღლივით.

და სხვა ცხოველების მსგავსადაც, რომლებიც დიდი ხნის სიბნელეში ხეტიალის შემდეგ მიეჩვივნენ მას. გაითავისეს. და ახლა სიბნელე მათთვის აღარ არის დაბრკოლება.

„ქოსა ყოფილა. ახლანდელი ბიჭები უფრო „ბანჯგვლიანები“ არიან. იქნებ იპარსავს? ან რაიმე საშუალებით იცლის? მაგრამ არ ეტყობა, მგონი ქოსაა…“ ფიქრმა ლილის ხელი აიღო და ბიჭის მკერდს მიაბჯინა. უნდოდა შეემოწმებინა ქოსა იყო თუ ხელოვნური ქოსა. მხოლოდ მაშინ გამოფხიზლდა როდესაც მისი ხელი ბიჭის მკერდს შეეხო.

შეკრთა.

ორივე.

-ფეხები არა, აქ მტკივა,-თქვა გოგონამ ხრინწნარევი ხმით. თან სიამაყეს გრძნობდა, ასე კარგად რომ გაამართლა უცნაური ქმედება მისი დაუმორჩილებელი ხელისა. მერე კი ირონიულად დაამატა:

-ფეხებს ვერ ვგრძნობ…

-მაპატიე,  ვერ მოვზომე. ძლიერად დაგარტყი.

„სიბრალული საშინელი გრძნობაა.“ აყვირდა მთავარსარდალი.

„მიაგდე და წადი.“ აჰყვნენ სხვებიც.

„დატოვე!“

„წადი!“

„წადი!“

„წადი!“

„წადი!“

ბიჭი ისევ მექანიკურად ამოძრავდა. დანაშაულის მსგავსი გრძნობა შეესო სხეულში.

„ატკინე…“ ამოიკვნესა ჟელიბონისებრმა.

ბიჭი მას აღარ უსმენდა.

აღარავის უსმენდა.

უბრალოდ ნელი ნაბიჯებით კარისაკენ მიაბიჯებდა.

-მიდიხარ?-ისევ უნებლიედ ჰკითხა ლილიმ.

-ჰო…

-დარჩი რა…

ბიჭი მობრუნდა, ეს რაღაც ახალი იყო. ეს ის გოგონა არ იყო რომელიც მოტაცების დღიდან მის დამცირებას ცდილობდა?

მასზე ძლიერი ნებისყოფის იყო,

მის ნერვებზე ისე უკრავდა როგორც არფაზე,

…და ახლა რა?

ტრანსფორმაცია?

უნდოდა მისი მზერა დაეჭირა. ფიქრობდა რომ ეს რაღაც ახალი მახე იყო მისთვის, რომელიც უფრო მეტად დაამცირებდა.

„გატყუებს!“

„არ გატყუებს…“

ისევ ომი მატლებში.

ყველა მატლი გონების მიღმა.

უყურებდა და ხედავდა როგორი დაუცველი, პატარა, სუსტი და ნაზი არსება იყო მის წინაშე. როგორ არ ჰქონდა ამ არსებას საერთო იმასთან რომელიც ასე უმოწყალოდ ლანძღავდა.

-რატომ?

-მეშინია…

-სიზმრის?

-ჰო…

-ჩემი რატომ არ გეშინია?

-ალბათ, საკმარისად საშიში არ ხარ…

-კარგი…-თქვა ბიჭმა და ხელები გადააჯვარედინა.

-რა კარგი?-იკითხა თითქმის სულწასულმა ლილიმ.

-დავრჩები…

-თავზე ნუ მადგახარ აჩრდილივით, დაჯექი…

-იატაკზე? – ირონიულად იკითხა ბიჭმა,- ალბათ, გახსოვს ის სკამი… რა ბედიც ეწია.

-გასწიე ჩემი ფეხები და დაჯექი!-იყვირა ლილიმ. ეს არ იყო მისი ჩვეული, მბრძანებლური ტონი, ეს იყო შიში.

მარტო დარჩენის შიში.

***

გაგრძელება იქნება…

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s