სოფლელი ბაშვის ფიქრები (მინიატურა)

Fantasy_Fashion_Mythical_Fantasy_blg

სოფლის თავში, ბოგირზე ჭიშკრის წინ ტირიფის ხე იდგა, ტოტზე ჩამომხრჩვალი ქალი ეკიდა. ირგვლივ სამეზობლო ირეოდა. ლოყებსა და თავში ხელების შენით, ჩურჩულებდნენ.
„მწვანე ფოთლებშია გახლართული.
ნეტავ როგორ შეძლო ასეთ წვრილ ტოტებზე თავის ჩამოხრჩობა.
რა ლამაზი თმა აქვს – წითური…
ცეცხლისფერი…
ჟღალი…
თანაც ხვეული…
მომწონს, როგორ იბლანდება მის თმაში მწვანე ფოთლები…
ნეტავ, ნორმალურია, როცა მკვდარი მოგწონს?
არამგონია, მაგრამ არც ისაა ნორმალური, რომ მკვდარი ლამაზი იყოს…
ბევრი მკვდარი მინახავს, სოფელში ვიღაც სულ კვდება, ყველა მინახავს…
სიცოცხლეში ლამაზებიც მახინჯდებიან, ზოგჯერ იმდენად, რომ ძნელიც კია ცნობა…
ეს ქალი კი…

არასოდეს შემიმჩნევია, რომ ასეთი ლამაზი იყო…
სამოთხეში წავიდა თუ ჯოჯოხეთში?
ახლიდან ხომ არ დაიბადა?
იქნებ პეპლად გადაიქცა?
ასე მგონია ხე აცვია, კაბასავით აქვს…
იქნებ , ტყის ფერიაა და კი არ მოკვდა , სხვა ფერიებთან წავიდა?
და მაინც, რატომ მოიკლა თავი ჩვენი სახლის წინ?
მგონი, მას დედაჩემი არ უყვარდა, არც დედას უყვარდა, მახსოვს იჩხუბეს…
დედაჩემთან რომ იჩხუბა იმიტომ ხომ არ მოიკლა თავი?
ხომ არ შერცხვა, რომ დედამ „თარსი ქუჩის ქალი“ უწოდა?
ნეტავ, ქუჩის ქალი რას ნიშნავს, თარსი? (დედამ მითხრა შენი საქმე არააო)…
დედა მკვლელი გამოდის?
დედას ძალით არ უნდოდა…
***
ეს ქალი უნდა მძულდეს, მაგრამ ლამაზია…
ღმერთო, თუ არსებობ, ის კი ტყის ფერია არაა, გეხვეწები შენთან წაიყვანე რა „ორივე“…
და, გპირდები რომ კარგი ბიჭი ვიქნები, რომ არასოდეს აღარაფერს გთხოვ ამის მეტს…
მხოლოდ ამ ერთხელ, ამ ერთხელ შემისრულე თხოვნა თუ გინდა რომ დავიჯერო რომ მართლა არსებობ…
მიმანიშნე რომ შემისრულებ თხოვნას…
ფოთოლი მაინც შეარხიე…
ან, არ ვიცი რამე მოიფიქრე…
გთხოვ…
მარტო ამ ერთხელ…
***
რა უზრდელები არიან ზემოუბნელი ბავშვები.
როგორ ბედავენ და როგორ აპარებენ თვალებს მისი კაბის ქვეშ?
თანაც რაღაცას ჩურჩულებენ, ნეტავ რას?
როგორ მინდა ცხვირ-პირი დავუნაყო…
მაგრამ ახლა არა…
სხვა დროს!
არ შევარჩენ!
-ფიქრობდა იქვე მდგარი რვა წლის ბიჭი, მის გონებაში ფიქრები ერთმანეთს ეჯახებოდნენ და სწრაფ-სწრაფად სხვადასხვაფერდებოდნენ, მრავლდებოდნენ , იცვლებოდნენ, გრძნობებს იწვევდნენ… ბიჭის უკან მდგარი მამისკენ კი – ქურდულად აპარებდნენ ზიზღიან მზერას მეზობლები.
Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s