ადამის ვაშლი

ორი პროვინციული სოფლის გოგონა ერთმანეთს დედაქალაქის უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელში შეხვდა.

ლოლა თხელი ტანის სქელ სათვალიანი, წითური გოგო იყო ხმელი მკერდით,  რომელსაც თმა არასოდეს შეუღებავს და უფრო მეტიც, არც კი ახსოვდა ბოლოს როდის შეიჭრა. მისგან რადიკალურად განსხვავებული აღნაგობის იყო ნათია, რომელსაც მოკლედ შეჭრილი ვარდისფერი თმა სავსე მკერდი და მამაკაცურად ძლიერი მხარ-ბეჭი ჰქონდა. ლოლასაგან განსხვავებით მას მრავალი ექსპერიმენტი ჰქონდა საკუთარ თმაზე (და არა მხოლოდ თმაზე) ჩატარებული.

ლოლა ზედმეტად გულჩათხრობილი, სევდიანი და უკონტაქტო იყო. წიგნის ჭია, რომლის ერთადერთი მეგობარიც მოხუცი ბიბლიოთეკარი იყო.

ინერტული აირი.

ნათია კი ჟანგბადი იყო, კომუნიკაბელური და მხიარული, უამრავი მეგობრით. ის ლოლასაგან განსხვავებით რომელსაც სიგარეტიც კი არასოდეს მოეწია, მარიხუანაზეც არასდროს ამბობდა უარს.

მათი პირველი დიალოგი იმ დღეს შედგა, როდესაც ვარდისფერთმიანმა გოგონამ პირველსავე დღეს შვიდ კვადრატულ ოთახში სიგარეტის ღერს გაუკიდა და ნაცრისფერი ნისლით გაავსო ოთახი. ლოლას ისტერიული ხველა აუტყდა:

-შენ რა სიგარეტის სუნს ვერ იტან?

-ასთმა მაქვს… – მორცხვად უპასუხა წითურმა და თავი ფანჯარაში გადაყო, ისე რომ ხველა არ შეუწყვეტია.

-ჯანდაბა, ავადმყოფი ოთახის მეზობელიღა მაკლდა,- თქვა ნათიამ, უხალისოდ გადაატრიალა თვალები და სახელდახელოდ შექმნილ კონუსის ფორმის ქაღალდის საფერფლეში თამბაქოს ღერი ჩააქრო.

მათი დიალოგი ასე მატივად დასრულდა.

ვარდისფერთმიანს მას შემდეგ ოთახში აღარ მოუწევია.

მათი მეორე დიალოგი გამოცდის ღამეს შედგა, როდესაც ლოლა შუაღამემდე მეცადინეობდა და როგორც ჩანს, არ აპირებდა სინათლის გათიშვას…

-სერიოზულად? დილამდე არ აპირებ ძილს?

-ბოდიში…-მორცხვად ჩაქინდრა თავი წითურმა და შუქი ჩააქრო, მობილურის პატარა ფარანი აანთო და ისე განაგრძო სქელტანიანი წიგნის კითხვა.

-ავადმყოფი…-თქვა ნათიამ და თავი საბნის ქვეშ ჩარგო. სცადა დაძინება, მაგრამ ამისთვის ზედმეტად ნერვებმოშლილი იყო. საწოლიდან უხალისოდ ადგა, პიჟამოებზე ქურთუკი მოიცვა სანთებელა აიღო და ოთახი დატოვა.

Continue reading

მამაკაცური ღირსება (მონოპიესა)

/სცენა მინიმალისტურია, ფონზე მხოლოდ რკინის საწოლი დგას მასზე ქალი მშობიარობს, ექიმები თავს დასტრიალებენ. ქმარი ამხნევებს.  ისმის შეძახილი:/

მედდა: გოგოააა გოგოააააააა….

/კადრი პაუზდება და სცენაზე მთხრობელი გამოდის, ყმაწვილი კაცი, ხელები ისე უჭირავს თითქოს ბავშვს აძინებდეს/

-ეს იყო პირველი იმედგაცრუება, რომელიც მე გამოვიწვიე…/იღიმის. ჩუმდება და უკანა კადრი ისევ ცოცხლდება/

Continue reading

ადა

საპატარძლო კაბაში გამოწყობილი გოგონა სარკის წინ იჯდა და ცდილობდა ბედნიერი სახე მიეღო. მისი ოთახის კარზე დააკაკუნეს:
-ადა დროა!
-მოვდივარ,-თქვა გოგონამ და საკუთარ, თითქოს გაუცხოებულ ანარეკლს გაუღიმა.
ნელა წამოდგა და მშვიდი ნაბიჯებით გაემართა კარისაკენ. ზღურბლთან წამით შეყოვნდა. მერე ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა და ურდული ჩამოსწია.
ადა დედოფალს ჰგავდა. განსაკუთრებით ძვირფასი ქვებით მოჭიქული დიადემით.
როდესაც ახლად შეძენილ ცხოვრების მეგზურთან ერთად ცეკვავდა განვლილმა ცხოვრებამ თვალწინ გაურბინა. ყველა ადამიანი ვინც მის ცხოვრებაში არსებობდა ახლა აქ იყო. მის ბედნიერებას იზიარებდნენ.
ადას თავში ტვინის ჭიაყელები აფუთფუთდნენ და ხმაური დაიწყეს. ყველა სხვადასხვა რაღაცას გაჰკიოდა. ადას მხოლოდ ზოგიერთის ესმოდა.

Continue reading

ხედი ჩემი საფლავიდან

ზოგჯერ ადამიანები იმაზე მეტს გრძნობენ ვიდრე სურთ რომ იგრძნონ. ასე მოხდა ჩემთანაც. ის ვიგრძენი რამაც გული მატკინა. არც სიტყვებით და არც ქცევებით გამოუხატავს, რომ მის წარმოსახვაში ნელ-ნელა დავმახინჯდი. მკერდი ჩამომეწელა, მუცელი ჟელეს დაემსგავსა (სიარულისას თითქოს მე, მკერდი და მუცელი სამი სხვადასხვა, მთვრალი პიროვნება ვიყავით, რომლებიც ერთმანეთს გამუდმებით ფეხებში ედებიან). ალბათ, იმასაც ამჩნევდა, რომ ჩემს თმას ფერი ეცვლებოდა, თუმცა გულმოდგინედ ვცდილობდი დამემალა. ამ ყველა მახინჯ შეგრძნებათა შორის, უმახინჯესი მაინც. იმის შემჩნევა იყო, თუ როგორ ჰკოცნიდა სხვა ქალებს ჩემი ტუჩების გავლით და როგორ ეხვეოდა მათ ჩემი სხეულიდან. აქ იყო და თან არც იყო. არ უთქვამს დამახინჯდიო, არც ის უთქვამს, რომ გადავუყვარდი. არაფერი უთქვამს, საერთოდ…არც ყოფილა საჭირო, ყალბი ღიმილი და გაყინული თვალები უსიტყვოდაც ყველაფერს ამბობდნენ, ისედაც… ყოველ ჯერზე, როდესაც თვალებში ჩავხედავდი, ვტიროდი, შიგნიდან, უხმოდ და უცრემლოდ (თუმცა მას არასოდეს შეუმჩნევია).მერე მისგან ყალბი ღიმილი მეც შევისწავლე და ყველაფერი დალაგდა. ისე იყო როგორც უნდა ყოფილიყო. ყოველი გაღიმება, ჩახუტება და ალერსი გახდა “სამსახური”, რომლისთვისაც არცერთს არაფერს გვიხდიდნენ. და ვგრძნობდი, თანდათან როგორ ვკარგავდი ადამიანობას, ემოციებს, გრძნობებს, ყველაფერს, რაც ოდესმე ძვირფასად ჩამეთვალა. დავცარიელდი. გამოვიფიტე. ალბათ, ისიც დაიღალა და გამოტყდა, რომ სხვანაირი გავხდი და ასე, უბრალოდ წავიდა. მისთვის ბევრი რამის თქმა მინდოდა, მაგრამ არაფერი მითქვამს, უბრალოდ მოვკვდი. თუმცა, არ მიდარდია, რადგან ამაზე უფრო მკვდარიც ვყოფილვარ. დროთა განმავლობაში ქვად და ლოდად ქცეული გული დაიბზარა და გატყდა. ჰოდა, აიღეს ეს ნამსხვრევები და არანაკლებ დამსხვრეულ სხვა სხეულის ნაწილებთან ერთად ჩაყარეს ხის სკივრში და მიწაში ღრმად ჩაფლეს. სული კი იმ ნაფლეთებს გამოცლილი დიდ, შავ ქვაში ჩაკეტეს. ვიმზირებოდი ქვიდან და ვხედავდი ბევრს. ახალ საფლავებს, მტირალ ხალხს, მომლხენ-მოქეიფეთ. წითელ კვერცხებს, სანთლებს, პასკებს… თუმცა, ძირითადად მარტოობას ვხედავდი, როგორც საკუთარს, ისე ჩემი მეზობლებისასაც. ახლებთან ჯერ ხშირად მოდიოდნენ, მერე უკლებდნენ, ბოლოს ჩემი საფლავის მსგავსად, ისინიც აბალახდებოდნენ ხოლმე. ერთგვარი ციკლივით იყო, რომელიც იშვიათად თუ ირღვეოდა. აი, მაგალითად, ისე როგორც იმ დღეს.

წარმოსადეგ სევდიან მოხუც კაცს შორიდანვე მოვკარი თვალი, ყვავილებს ცოცხივით მოიქნევდა და მოჩანჩალებდა. ახლოს რომ მოვიდა, სახე მეცნო, თუმცა, ვერ გავიხსენე. აქ ყოველთვის ბევრი ხალხი ირევა, დრო კი ადრინდელზე სწრაფად გადის. ჩემს ქვასთან გაჩერდა. ყვავილები დააწყო. ქვიდანაც ვიგრძენი შუბლზე მოდებული მისი ტუჩების სიმხურვალე. ადამიანი რომ ვყოფილიყავი, ალბათ გამაჟრჟოლებდა, ახლა კი მხოლოდ სითბო მეამა. დაბერებულა. მოტეხილა. ოდნავ წელშიც მოხრილა, მაგრამ არ დამახინჯებულა, განსხვავებით ჩემგან. რაღაცები იბუტბუტა და წავიდა. მგონი პატიებას მთხოვდა, თუ რაღაც მსგავსი. იმ დღიდან ჩემთან სტუმრობის სიხშირე გაზარდა. ხანდახან სვამდა კიდეც ჩემს ქვასთან ერთად. შემებრალა, რადგან იმაზე მარტოსული მეჩვენა ვიდრე ჩვენ ყველანი. ვაპატიე. არ მითქვამს მაგრამ მგონი იგრძნო. მისთვის აღარ ვიყავი მახინჯი, პირიქით, იმაზე ლამაზად მხედავდა, ვიდრე ოდესმე ვყოფილვარ, ალბათ ასაკმა მეხსიერებაც დაუქვეითა, არ ვიცოდი, უნდა მწყენოდა თუ გამხარებოდა მის თვალებში აციმციმებული ჩემი სილამაზე, ოდესღაც დაკლებული კომპლიმენტები და ყვავილები? ნაზი ამბორი, რომლის სიმხურვალეც ვეღარ მწვავდა და საერთოდ ყველაფერი რისმა ნაკლებობამაც მიმსხვერპლა.

ერთხელ, იქ სადაც ჩემი გული ეგულებოდა ჩამეკონა, თითქოს ჩამეხუტა და ზედ დაიძინა.

აღარ გაუღვიძია. ბოლოჯერ დაიძინა. ჩემი ქვის გვერდზე სხვა ქვა გაჩნდა. (არ ვიცი რატომ მომიწვინეს მე გვერდით, სიკვდილის შემდეგ. მას ხომ ჩემს სიცოცხლეში ჩემსავე გვერდით მწოლიარეს გონებით სულ სხვა ქალებთან ეძინა? რა შეიცვალა? თუ არ ჩავთვლით სიკვდილს? რომლის ნაკლებობას არც სიცოცხლეში ვუჩიოდით?) იმ ქვის პატრონი თვალს არასოდეს მისწორებს. მხოლოდ თავს ხრის და თითქოს რაღაცას ნანობს. ვინ იცის რას?

მე უკვე საუკუნეა ვაპატიე, მაგრამ თვითონ ისევ ვერ ჰპატიობს თავს. ჯერაც ვერ ხვდება, რომ სიკვდილით არაფერი შავდება.

მხოლოდ სიცოცხლით…

გამოლოცვა

ერთ-ერთ „მაგიურ“, ყდამოგლეჯილ წიგნში ამოვიკითხე, რომ ჩემი ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანებს ნიჭი და მიდრეკილება გვაქვს მაგიისაკენ, რომ მედიუმთა უმეტესობა სწორედ ჩვენი ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დავიბადეთ. არ დამიწყია ზედმეტი  გამოთვლა, იმ ასაკში ეს ჩემთვის სრულიად საკმარისი იყო, იმისთვის რომ თავი ჯადოქრად მეგრძნო. მაშინ ჯერ კიდევ არ ვიცოდი , რომ სინესთეზია მჭირდა და არც ის ვიცოდი ეს რას ნიშნავდა. ის რომ სიტყვებს ფერებსა და ფორმებში აღვიქვამდი სრულიად „მეჩვეულებრივებოდა“. მეგონა, ყველა ადამიანისათვის სიტყვას თავისი ფერი და ფორმა გააჩნდა, და რომ ყველა ისე ხედავდა მათ, როგორც მე. ეს „ნიჭი“ დედამ აღმოაჩინა, როდესაც ვუთხარი რომ სახელი „ბესარიონი“ მახინჯი იყო და მისი ფერები არ მომწონდა.

ყოველთვის „მაწანწალა“ ვიყავი, ღრმა ბავშვობიდან , იმ პერიოდიდან, როდესაც ბებიას ზაფხულობით სოფელში მივყავდით ხოლმე დასასვენებლად. ხან ტყეებში დავეხეტებოდი ხანაც მეზობელ სოფლებში. ამ ყველაფრის თავიდან ასარიდებლად ბებიაჩემმა მშვენიერი ტყუილი შეთხზა. მითხრა რომ შებინდებისას, კაკლის ხეებზე არსებული ფუღუროებიდან „მაჯლაჯუნები“ გამოდიოდნენ და იტაცებდნენ ურჩ ბავშვებს, რომლებიც ორღობეში „უპატრონოდ“ დაეხეტებოდნენ და თუ შინ შებინდებამდე არ დავბრუნდებოდი მეც იგივე ბედი მელოდა. მშიშარა არ ვყოფილვარ, რადგან „ჯადოქარი“ ვიყავი და ისეთ რაღაცებს ვხედავდი და ვგრძნობდი, რასაც სხვები ვერ ამჩნევდნენ. მიუხედავად იმისა, რომ მაჯლაჯუნები არ ვიცოდი რა არსებები იყვნენ, მათი სახელწოდებიდან გამომდინარე და იმ მახინჯი ფერების გამო რასაც მათში ვხედავდი ცოტათი მეშინოდა. თუმცა, ჯადოქართან ერთად „ჭკვიანიც“ ვიყავი და შებინდებას გადაცილებული, შინ მიმავალი ყოველთვის თვალს ვარიდებდი კაკლის ხეებს (რომლებიც ჩემს სოფელში მრავლად იყო). რატომღაც, ვფიქრობდი, თუ ვერ დავინახავდი, ვერც მაჯლაჯუნები დამინახავდნენ.

Continue reading

უღმერთოთა ქვეყანაში (სცენარი)

გუშინდელი დღესავით მახსოვს იქ რომ მიმიყვანეს და დამტოვეს. მახსოვს ჩემში შემოსული ყველა ნაძირალა გრძნობა როგორ  აფუთფუთდა მძორზე დახვეული მატლებივით. იქ მისვლამდე მეგონა, რომ ბედნიერი ადამიანი ვიყავი, რომ სამყაროში ბევრი ლამაზი ფერი არსებობდა და ყოველი მათგანი ჩემს ირგვლივ დატრიალებული ცისფერ ცისარტყელას ქმნიდა.

დიახ, ცისფერ ცისარტყელას. არაა სასაცილო!

Continue reading

ექიმი (პიესა)

/სცენა მინიმალისტურია. ძველებური მრავალსართულიანი კორპუსების შიდა სივრცეს წარმოადგენს, რომლის ტერიტორიაზეც ბიჭი ველოსიპედით სეირნობს. სცენის მარჯვენა მხარეს ორი ბიჭი ბურთით თამაშობს, ხოლო მარცხენა მხარეს გოგონები “სახტუნელათი”. მოულოდნელად ველოსიპედიანი ბავშვი დაეცემა და ყვირის. მის ირგვლივ სხვა დანარჩენი ბავშვები მოიყრიან თავს./

წაქცეული ბავშვი: აუ დედააააა, მტკივა.

მეორე ბავშვი: კარგი, რა, გოგო ხომ არ ხარ/დასცინის და თან ცხვირში იქექება/ ვინ არ წაქცეულა?

გოგონა: იქნებ ბიჭებსაც სტკივათ?

მეორე გოგონა: ყველას სტკივა მაგრამ უძლებენ და მაგრებიც მაგიტომ არიან, გუშინ როლიკებით რომ ვკატაობდი მეც დავეცი აი ნახეთ /დანარჩენ საზოგადოებას უჩვენებს ნატკენ იდაყვს და შემდეგ მუხლს/ მაგრამ არ მიტირია… დედამ მითხრა ვაშკაცი გოგო ხარო და მაგიტომ… ეს კიდე ტირის გოგოსავით /თქვა ნიშნის მოგებით და ხელები მკერდთან გადაიჯვარედინა/

ბიჭი: ნუ ბოდიალობთ რაღაცას, იქნებ მოიტეხა? / და წაქცეულს წამოდგომაში დაეხმარა/

Continue reading

ნი..,

-ელა…

-გისმენთ, ქალბატონო…

-ორი ადამიანი გყვარებია?

-რამდენიმე მიყვარდა..

-არა მაგას არ გეკითხები, ერთდროულად, ერთნაირი სიგიჟით, ორი განსხვავებული კაცი თუ გყვარებია…

-არა, ქალბატონო, მე ქმარი მიყვარდა ყველა სხვა კაცის ნაცვლად…

-შენი აზრით, ორი კაცის სიყვარული დანაშაულია? ან იქნებ გარყვნილება?

-არა, ქალბატონო სიყვარული დანაშაული არასოდესაა. არც გარყვნილება…

-არც მაშინ თუ ქმარი გყავს?

-არც მაშინ…

-მე მიყვარს ჩემი ქმარი…

-ვიცი, ქალბატონო, მასაც უყვარხართ.

-მას უბრალოდ ვეცოდები.

-ტყუილია, ქალბატონო, ძალიან უყვარხართ.

-ვუყვარდი, მაგრამ ახლა ვეცოდები. ვგრძნობ… ან შეიძლება ისევ ვუყვარვარ.  იმ ძველი, ადამიანური ჩემი თავის მიმართ სიყვარულის აჩრდილი დასდევს და ვერ ელევა. ვერ იჯერებს რომ აღარც სოფია ვარ, აღარც ადამიანი, ცოცხალიც კი აღარ ვარ.

-თქვენს ქმარს უყვარხართ ქალბატონო.

-მეც მიყვარს…-არაფრის მთქმელი გულუბრყვილო, ბავშვური თვალები მიაპყრო ქალს და მთელი დამაჯერებლობით განაცხადა.

-ნიჭია სიყვარული ქალბატონო…

-ხომ შეიძლება დანაშაულიც იყოს?

-ნიჭი ვერ იქნება დანაშაული…

-ვერც მაშინ, როცა ორი გიყვარს თანაბრად?

-იცით, ჩემო ქალბატონო რას ამბობენ ორი ადამიანის სიყვარულზე?

-რას?

-ამბობენ, თუ ვიღაც გიყვარდა და მერე სხვაც შეგიყვარდა, პირველი ვინც გიყვარდა არ გიყვარდაო, ალბათ…

-სისულელეა…-აიქნია გოგონამ ხელი და ოთახში ბოლთის ცემა დაიწყო. ღია ცისფერი პენუარი ეცვა, გრძელი, ხშირი თმა გასწეწვოდა და ასე, მოჩვენებასავით დაძრწოდა ოთახებში,-ეგ უვიცთა მოგონილია ელა, უნიჭოების.., სამყარო ხომ სავსეა ეგეთებით? აზრზე არ არიან როგორ უნდა უყვარდეთ. აზრზე არ არიან რისი ჩადენა შეუძლია შეყვარებულ ქალს… ეგენი ხალხია ელა… ხალხი არაფრის აზრზე არაა! მათთვის სამყარო სწორხაზოვანია. ხალხისთვის სამყარო ბრტყელია და არა მრგვალი. არადა მრგვალია, ბევრი სხვადასხვა ხედი აქვს, ბევრი სხვადასხვა მხარე… იცი, მათ „მრგვალის“ ზუსტი მნიშვნელობაც კი არ იციან, მათ მრგვალი მხოლოდ ბურთი ჰგონიათ… არადა, შენ ხომ გსმენია მრგვალი ქანდაკების შესახებ? ის სულაც არაა ბურთის ფორმის, ის უბრალოდ მრგვალია… და ყველა მხრიდან შესაძლოა მისი დანახვა, აღქმაც ყველა მხრიდან სულ სხვადასხვაა…  ხალხი მხოლოდ ორ ფერს ხედავს, შავს და თეთრს ელა , არ იციან რამდენი სხვა, ლამაზი ფერითაა იგი გარსშემორტყმული. ხალხი სულელია ელა, ისინი ადამიანებიც კი არ არიან. არ დაუჯერო მათ, გთხოვ…

Continue reading

ღრუბლების პრინცესა

423831-kycb

ლეგენდის თანახმად, ჯერ კიდევ უხსოვარ დროში, როდესაც ღმერთებიც კი ჯერ არ დაბადებულიყვნენ , პატარა პრინცესა ცხოვრობდა. მას ღრუბლების პრინცესა ერქვა, რადგან სულ მოწყენილი იყო, ღრუბლებზე იჯდა და ტიროდა, მისი შემქმნელი დედა ღრუბელი დიდი ხნის წინ შეჯახებოდა სხვა ღრუბელს და გამქრალიყო. პატარა პრინცესა სხვა კეთილმა ღრუბლებმა შეიფარეს და გაზარდეს.
სწორედ მისი ცრემლებისა და მოწყენილობის გამო სამყაროში გამუდმებით ბნელოდა და წვიმდა.
ერთხელ, პრინცესა ღრუბლიდან გადმოვარდა და თავისსავე უნებლიედ წყვდიადმოსილ სამყაროში დაიკარგა. მაშინ მიხვდა, რომ არ მოსწონდა ბინდით მოცული სამყარო და პირველად შეწყვიტა ტირილი.
მოწყენილი სიბნელის გასაფანტად, ღრუბლების პრინცესამ მზე შექმნა.
სურდა საუკუნეების მანძილზე საკუთარი ცრემლითა და სევდით დაბურული სამყარო გაენათებინა, თუმცა ვერ შეძლო.
მზე ძალიან პატარა აღმოჩნდა ამხელა პასუხისმგებლობისთვის.

Continue reading

ვანესა

em+bat მაშინ, როცა ჩემს ირგვლივ კარგი არაფერი ხდებოდა და ყველაფერი მძულდა, ფრთამოტეხილი ღამურა ვიპოვე და ვიშვილე.
ზუსტად მახსოვს, ზამთრის თვე იყო, საღამო, მაგრამ ზამთრისათვის შეუსაბამოდ თბილოდა. ამ ქალაქში ხომ არაფერია კანონზომიერი? ხალხი ამბობს რომ უყვარს ქალაქი, მაგრამ დაუფიქრებლად ყრიან ნაგავს, ჭრიან ხეებს, დადიან გაუმართავი ავტომობილებით, საღამოს კი- სუფრაზე დიდ, ცრემლით გაჟღენთილ ყანწს სულმოუთქმელად გამოსცლიან ხოლმე პატრიოტიზმით აღსავსე გულისამაჩუყებელი ტექსტებისა და ლექსების ფონზე. თუ სინდისის მატლი ნებას დართავთ და ალკოჰოლსაც საკმარისი რაოდენობით შეიწოვენ შეიძლება „ჩემო თბილის ქალაქოც“ დასჭექონ.
„მარაზმი.“

Continue reading

მამა და ვაჟი (სცენარი)

2f94d6fd0c85a239d4b04e51a48527bc

პერსონაჟები:

მამა – 39 წლის ჭაღარა შეპარული მამაკაცი

ვაჟი – 16 წლის გამხდარი საშუალო სიმაღლის

სცენა წარმოადგენს ტიპური ძველი აშენებული ბინის მისაღებს. ცენტრში განთავსებულია დივანი  ორი სავარძლით  და პატარა ჟურნალების მაგიდით, კედელზე გამჭვირვალე სამოსში გამოწყობილი მოდელი ქალის სურათია გამოკრული. ოთახს ეტყობა არეულობა. იატაკზე ცალი წინდა გდია, ერთ-ერთ სავარძელზე კი ქაოსურად მიყრილი მამაკაცის სამოსის გორაა. დივანზე ზის მამაკაცი, საცვალსა და გახსნილ აბანოს ხალათში გამოწყობილი, თავი ხელებში აქვს ჩარგული, მაგიდაზე საფერფლეში მივიწყებული  თამბაქოს ღერი იწვის. კარში გასაღების ტრიალი ისმის, ოთახში შემოდის ვაჟი ჯინსის ფართო შარვალი და რომელიღაც როკ ჯგუფის წარწერებიანი მაისური აცვია. ზურგზე კი სკოლის ჩანთა აქვს ჩამოკიდებული. თმა წამოზრდილი აქვს და შუაზე გაყოფილი, სამკურნალო სათვალეს ატარებს. Continue reading